top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს საშობაო გზავნილი 'ქალაქსა და მსოფლიოს'

25 დეკემბერს, წმინდა მამა ფრანცისკემ მორწმუნეებს ტრადიციული მიმართვით “Urbi et Orbi” (ქალაქს და მსოფლიოს) მიმართა.

 

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს რომის ეპისკოპოსმა უთხრა:

 

„ძვირფასო ძმები და დებო, გილოცავთ ქრისტეს შობის დიდდღესასწაულს!

 

მთელი მსოფლიოს ქრისტიანების მზერა და გულები მიპყრობილია ბეთლემისაკენ. იქ, სადაც ამ დღეებში გამეფებულია ტკივილი და მდუმარება, ამავდროულად კი  საუკუნეების უწყება ჟღერს: “დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი” (ლუკ.2,11).

 

ეს სიტყვები, რომლებიც ბეთლემის ცაზე გამოჩენილმა ანგელოზმა წარმოთქვა, ჩვენკენაცაა მომართული. ნდობითა და იმედით გვავსებს იმის გაცნობიერება, რომ უფალი ჩვენთვის დაიბადა, რომ მამის მარადიულმა სიტყვამ ჩვენ შორის დაიმკვიდრა ადგილი; განკაცდა და მოვიდა „ჩვენს შორის დასამკვიდრებლად“ (იოანე 1,14). ეს უწყება ცვლის ისტორიის მსვლელობას!

 

„ბეთლემიდან მოვიდა დიდი სიხარული“ (ლუკ.2,10), მაგრამ როგორი სიხარული? არა – ამქვეყნიური წარმავალი ბედნიერება, არა – გართობის სიხარული, არამედ “დიდი სიხარული”, სწორედ ის გვაქცევს დიადებად. ვინაიდან დღეს, ჩვენ, ადამიანები ჩვენივე შეზღუდვებით ვიმოსებით გაუგონარი იმედით, რომ თითქოს ჩვენ დავიბადეთ ზეცისთვის. დიახ, იესო მოვიდა, რათა მისი მამა გამხდარიყო ჩვენი მამა, უსუსური ყრმა გვიმჟღავნებს ღვთის სინაზეს და უფრო მეტსაც. მამისაგან მხოლოდშობილი ყრმა გვაძლევს ძალაუფლებას ვიყოთ ღვთის შვილები (იოან.1,12). ეს სიხარული ნუგეშს ჰგვრის ჩვენს გულებს, ანახლებს ჩვენში იმედს და მოაქვს მშვიდობა; ეს არის სულიწმინდის სიხარული; ღვთის საყვარელ შვილებად ყოფნის სიხარული. 

 

ძმებო და დებო, დღეს, ბეთლემში, მიწიერ წყვდიადში აინთო ჩაუქრობელი ცეცხლი; დღეს, ამ წუთისოფლის სიბნელეში გამეფდა ღვთის ნათელი, რომელიც უნათებს სოფლად მომავალ ყველა ადამიანს (იოან.1,9). ძმებო და დებო, გავიხაროთ ამ მადლით. იხარეთ თქვენ, ნდობა დაკარგულო ადამიანებო, რამეთუ მარტოსულნი არ ხართ, მარტონი არ ხართ. ქრისტე იშვა თქვენთვის. იხარეთ იმედდაკარგულნო, რამეთუ უფალი გიწვდით დახმარების ხელს. თითს კი არ გიქნევთ, არამედ გიწვდით ბავშვურ ხელს, რათა განთავისუფლდეთ შიშებისგან, რათა გიხსნათ დაღლილობისაგან და გაჩვენოთ, რომ მის თვალში ყველა ძვირფასი ხართ. იხარეთ ყველამ, ვინც ვერ ჰპოვეთ სიმშვიდე გულში, რამეთუ თქვენთვის აღსრულდა ესაიას ძველი წინასწარმეტყველება: “ყრმა იშვა ჩვენთვის, ძე მოგვეცა და დაერქმევა მას სამყაროს ბატონი” (ეს.9,6). წერილის თანახმად, მის მეფობას არ ექნება დასასრული (ეს. 9,7).

 

წმინდა წერილში, მშვიდობის ბატონი წინააღმდეგობაშია ამა სოფლის ბატონთან (იოან. 12,13). რომელიც სიკვდილის მთესველია და რომელიც მოქმედებს სიცოცხლის მოყვარული ღვთის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ მის მოქმედებას ბეთლემში, როცა მაცხოვრის დაბადების შემდეგ მოკლულ იქნენ უდანაშაულო ყრმები. რაოდენ ბევრია უდანაშაულოთა მიმართ ძალადობა: დედის წიაღში, იმედის ძიებაში გზად მიმავალი ადამიანების წინააღმდეგ, უამრავი ბავშვის წინააღმდეგ, რომელთა ადრეული წლებიც დაცარიელებულია ომებით. ისინი არიან დღევანდელობის ყრმა იესოები, რომელთა ბავშვობაც დანგრეულია და დამახინჯებულია ომებით.



 მაშასადამე,  “დიახ” უთხრა მშვიდობის ბატონს, ნიშნავს უთხრა “არა ომებს”, გაბედულად უთხრა “არა”  ნებისმიერი სახის ომს, ომის ლოგიკას, უაზრო გზას, მარცხს გამარჯვებულის გარეშე, სიგიჟე გამართლების გარეშე. ომი უმართავი გზაა, დამარცხებაა გამარჯვებულის გარეშე, სიგიჟეა გამართლების გარეშე. მაგრამ იმისათვის, რომ ომს უთხრათ “არა”, პირველ რიგში „არა“ უნდა უთხრათ იარაღს. ბოლოს და ბოლოს, თუ იმედგაცრუებული და გულდაკოდილი ადამიანის ხელში სიკვდილის იარაღი აღმოჩნდა, ადრე თუ გვიან ის მას გამოიყენებს.  როგორ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობაზე, თუ იარაღის წარმოება, რეალიზაცია და ვაჭრობა იზრდება? დღესაც, ისევე როგორც ჰეროდეს დროს, ბოროტების მექანიზმები ეწინააღმდეგებიან ღვთაებრივ ნათელს, მოძრაობენ თვალთმაქცობის ჩრდილში და იმალებიან. რამდენი შეიარაღებული მკვლელობა ხდება მიყრუებულ მდუმარებაში, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის?! ადამიანებს, რომლებსაც იარაღი კი არა, პური სჭირდებათ, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისათვის და მოუწოდებენ სხვებს მშვიდობისაკენ, არ იციან რამდენი ფული აქვს სახელმწიფოს გამოყოფინლი შეიარაღებაზე. თუმცაღა, მათ ეს უნდა იცოდნენ. დაე, ამის შესახებ ილაპარაკონ; დაე, წერონ ამის შესახებ, რათა ცნობილი იყოს ინტერესები და მოგება, რომელიც ომის ძაფზეა დაკიდებული.

ესაია, რომელმაც იწინასწარმეტყველა სამყაროს ბატონის შესახებ, წერდა იმ დღეზე, “როცა ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს”; დღეზე, როცა ადამიანი აღარ ისწავლიდა ომს, არამედ, მახვილებისგან გამოჭედავენ სახნისებს, ხოლო შუბებისგან ნამგლებს (ეს.2,4). ღვთის დახმარებით, მოდით, მივუახლოვდეთ ასეთ დღეებს.

 

დაე, მოახლოვდეს ეს დღეები ისრაელსა და პალესტინაში, სადაც ომი ანადგურებს მოსახლეობის სიცოცხლეს. გულში ვიკრავ ყველა მათგანს, განსაკუთრებით ღაზას სექტორის ქრისტიანულ საკრებულოებს, ღაზას სამრევლოს, წმინდა მიწაზე არსებულ ყველა საკრებულოს. გულით ვატარებ მწუხარებას, 7 ოქტომბერს საშინელი ხოცვა-ჟლეტვის დროს დაღუპულთა გამო და კვლავ მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები. გთხოვთ, შეწყვიტოთ საომარი ოპერაციები მათი საშინელი შედეგებით სამოქალაქო პირების მიმართ და ასევე გამოასწოროთ ისედაც უიმედო ჰუმანიტარული სიტუაცია, რათა დახმარებამ ადამიანებამდე მიაღწიოს. დაე, დასრულდეს სიძულვილისა და ძალადობის გავრცელება, ხოლო პალესტინის პრობლემა დიალოგის მყარი გზით მოგვარდეს, რომელიც ძლიერი პოლიტიკური ნებითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით გამყარდება.

 

ძმებო და დებო, ვილოცოთ პალესტინასა და ისრაელში მშვიდობისათვის! 

 

ჩემი ფიქრები ასევე მიმართულია სირიაში გაჩაღებულ ძალადობასა და იემენის გატანჯულ მოსახლეობაზე. ვფიქრობ, საყვარელ ლიბანელ ხალხზე და ვლოცულობ, რათა მან რაც შეიძლება მალე ჰპოვოს პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა.

 

ყრმა იესოს ყურებისას, ვლოცულობ მშვიდობისათვის უკრაინაში. მოდით, განვაახლოთ ჩვენი სულიერი და ადამიანური სიახლოვე უკრაინელი ხალხისადმი, რათა ყოველი ჩვენგანის მხარდაჭერით შეიგრძნონ ღვთის სიყვარულის კონკრეტულობა.

 

დაე, წერტილი დაესვას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტს; დაე, ამას ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულმა ინიციატივებმა, დევნილთა სახლებში დაბრუნებამ, კანონიერ და უსაფრთხო თანმიმდევრულობით, ასევე რელიგიური ტრადიციების ურთიერთპატივისცემამ და მათი თაყვანისცემის ადგილების პატივისცემამ.

 

არ დავივიწყოთ ჩრდილოეთ სუდანში არსებული დაძაბული სიტუაცია, საჰელში, აფრიკის მთებში, სუდანსა და ასევე კამერუნში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ სუდანში.

 

დაე, დადგეს ის დღე, როცა გამყარდება ძმური კავშირი კორეის ნახევარკუნძულზე დიალოგისა და შერიგების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს მყარი მშვიდობის დამყარებას.

 

დაე, ღვთის ძემ, რომელნიც განკაცდა თავმდაბლად ყრმაში, შთააგონოს ყველა პოლიტიკოსის, ხელისუფლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანი ამერიკის კონტინენტზე; დაე, იპოვონ მათ მისაღები გადაწყვეტილებები სოციალური და პოლიტიკური უთანხმოების აღმოსაფხვრელად, სხვადასხვა ფორმის სიღატაკესთან საბრძოლველად, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანების ღირსებას, უთანასწორობისა და მიგრაციის აღსაკვეთად.

 

საშობაო ბაგიდან ყრმა იესო გვთხოვს ვიყოთ უფლებაშეზღუდული ადამიანების ხმა; ხმა უდანაშაულოთა; წყლისა და პურის არქონის გამო მომაკვდავთა; ხმა მათი, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს ანდა დაკარგეს ის; ხმა მათი, ვინც იძულებულია გაიქცეს საკუთარი ქვეყნიდან უკეთესი ცხოვრების ძიებაში და ხმა მათი, ვინც რისკავს სიცოცხლეს; ხმა მათი, ვინც ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლია.

 

ძმებო და დებო, ერთ წელიწადში აღვნიშნავთ იმედის მომტან საიუბილეო წელს. დაე, ეს ჟამი იყო მადლიანი შესაძლებლობა მოვაქციოთ ჩვენი გულები, ვუთხრათ “არა” ომებს, ხოლო “დიახ” – მშვიდობას. სიხარულით ვუპასუხოთ უფალს, რომელიც მოგვიწოდებს, როგორც ესაია წინასწარმეტყველს მოუწოდა, რომ ვახაროთ ღატაკებს, განვკურნოთ გულშემუსვრილნი, ვუქადაგოთ ტყვეებს განთავისუფლება და პატიმრებს ციხეების კარის გახსნა (ეს.61,1).

 

ეს სიტყვები აღსრულდა იესოში (ლუკ.4,18), რომელიც დღეს ბეთლემში დაიბადა. მოდით, მივიღოთ იგი, გავუხსნათ გულები მას, მხსნელსა და მშვიდობის ბატონს".

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

bottom of page