top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ალჟირის დიდ მეჩეთს ესტუმრა: ‘მოდით, პატივი ვცეთ ერთმანეთს!’

  • 4 minutes ago
  • 2 min read

აფრიკაში სამოციქულო მოგზაურობის მეორე ნაწილი, პაპმა ლეონ XIV–მ ალჟირის დიდ მეჩეთში სტუმრობით გახსნა, სადაც იგი რამდენიმე წამით დუმილში გაჩერდა. მეჩეთის სულიერ ლიდერთან დიალოგისას, პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „მშვიდობისა“ და „მიტევების“ ხელშეწყობის აუცილებლობას.



პაპი ლეონ XIV ალჟირში 15:55 საათზე, ქარის და წვიმისა და ძლიერი ქარბუქისას ჩავიდა. ფეხსაცმლის გახდის შემდეგ, იგი ალჟირის დედაქალაქის დიდ მეჩეთში შევიდა და დაახლოებით ათი წუთი გაჩერდა.


ამ დროის ნაწილი მიჰრაბის (მდიდრულად მორთული ნიშა მეჩეთის იმ კედელში, რომელიც მაჰმადიანთა წმინდა ქალაქის – მექასკენაა მიქცეული) წინ მდუმარედ ჩაფიქრებულმა გაატარა. მას თან ახლდა მეჩეთის სულიერი ლიდერი მოჰამედ მამუნ ალ ქასიმი, რომელთანაც პაპს პირადი შეხვედრა, გამორჩეული საჩუქრების გაცვლა და დიალოგი ჰქოდა. საუბარში პაპმა კვლავ გააჟღერა მოწოდება ურთიერთპატივისცემისა და „ყოველი ადამიანის ღირსებისადმი“ პატივისცემისკენ, ასევე მოუწოდა „მშვიდობისა და მიტევების ხელშეწყობისკენ“.


თეთრებში შემოსილი ორივე სასულიერო ლიდერი გვერდიგვერდ დადიოდა თეთრ სვეტებს შორის, რომლებიც კიდევ უფრო გამოკვეთდა ყვავილოვანი ორნამენტებით მოხატულ ცისფერ ხალიჩასა და ბროლის უზარმაზარ ჭაღს. ამ დიდებულ საკულტო ნაგებობაში, რომელიც დაახლოებით 27 ჰექტარზეა გადაჭიმული, ტრადიციული ისლამური ხელოვნება და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთს ერწყმის.


ეს არის მსოფლიოში რიგით მესამე მეჩეთი მექასა და მედინას შემდეგ, ხოლო აფრიკაში — პირველი თავისი სიდიდით; მასში დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ეტევა. მისი 267 მეტრიანი მინარეთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. გიგანტური გუმბათი კი, რომელიც მოპირკეთებულია ტიპური არაბული ორნამენტებით, შემკული მოოქროვილი ალუმინის ფირფიტებით, კილომეტრების მანძილიდან ჩანს და ქალაქის საერთო ნაცრისფერ ფონს არღვევს.



ზეცისკენ მიპყრობილი მზერა

მეჩეთში პაპს მეგზურობას უწევდა ჩადრიანი ახალგაზრდა ქალი და ჩურჩულით აცნობდა ისტორიულ ცნობებს ამ ადგილის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ორი კარდინალი: ჯორჯ იაკობ კუვაკადი, რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის პრეფექტი და ჟან-პოლ ვესკო, ალჟირის არქიეპისკოპოსი.


ლეონ XIV-მ, რომლისთვისაც ეს მეჩეთში სტუმრობის მეორე შემთხვევა იყო სტამბოლის ცისფერი მეჩეთის შემდეგ, რამდენჯერმე ასწია თავი და მიმოიხედა. შემდეგ მან ნიშისკენ გადაინაცვლა, რომელიც მიუთითებს მექის მიმართულებას, სადაც ქააბა მდებარეობს. რამდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ, მან ისლამის სულიერ ლიდერთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც მათ ცალკე დარბაზში გადაინაცვლეს.


დიალოგი მეჩეთის სასულიერი ლიდერთან

პაპსა და მეჩეთის სულიერ ლიდერს შორის დიალოგი შედგ, რომელიც გაჟღენთილი იყო მადლიერებით იმის გამო, რომ პაპი იმყოფებოდა ადგილას, რომელიც განასახიერებს ღვთის კუთვნილ სივრცეს:


“ალჟირში ვიზიტი შედგა. ქვეყანაში, რომელიც ასევე ჩემი სულიერი მამის, წმიდა ავგუსტინეს მიწაა; ადამიანისა, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის ბევრი რამ ესწავლებინა, პირველ რიგში, ჭეშმარიტების ძიებით, ღვთის ძიებით, თითოეული ადამიანის ღირსების აღიარებითა და მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობით. ღვთის ძიება ასევე ნიშნავს ღვთის ხატების დანახვას თითოეულ ქმნილებაში, ღვთის შვილში, ყოველ მამაკაცსა და ქალში, რომლებიც ღვთის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ერთად თანაცხოვრება თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით“, - აღნიშნა წმიდა მამამ.


ჭეშმარიტების ძიების მნიშვნელობა

პაპმა მაღალი შეფასება მისცა მეჩეთის შიგნით სასწავლო ცენტრის დაარსებას: „მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა განავითაროს ის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომლებიც ღმერთმა უბოძა, რათა შევძლოთ იმის აღმოჩენა, თუ რამდენად დიდებულია სამყარო. ამიტომ, მისი მოწოდებაა, რომ ჭეშმარიტების ძიებით, სწავლის გზით და თითოეული ადამიანის ღირსების აღიარების უნარით ვისწავლოთ ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა, ჰარმონიაში ცხოვრება და მშვიდობიანი სამყაროს შენება”, – აღნიშნა პაპმა და დასძინა, რომ აღავლენს ლოცვებს „ალჟირელი ხალხისთვის და მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის, რათა ღვთის სასუფევლის მშვიდობა და სამართლიანობა ჩვენს შორისაც დამკვიდრდეს და ყველანი უფრო მეტად დავრწმუნდეთ იმაში, რომ აუცილებელია ვიყოთ მშვიდობის, შერიგების, პატიებისა და იმ ყველაფრის გამავრცელებელნი, რაც ჭეშმარიტად წარმოადგენს ღვთის ჩანაფიქრს მთელი მისი ქმნილების მიმართ“.



ჩანაწერი სტუმართა საპატიო წიგნში

დასასრულს, სანამ წმიდა მამა მასპინძლებს დაემშვიდობებოდა და ბაბ-ელ-უედში, ავგუსტინელი მისიონერი დების „მიღებისა და მეგობრობის ცენტრში” გაემგზავრებოდა, სტუმართა საპატიო წიგნში ჩანაწერი დატოვა. მისი გზავნილი ფრანგულ ენაზეა:

 „დაე, უზენაესის მოწყალებამ დაიცვას მშვიდობასა და თავისუფლებაში კეთილშობილი ალჟირელი ხალხი და მთელი კაცობრიობა“.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page