პაპი: ანგლიკანებმა და კათოლიკეებმა უნდა გააგრძელონ განსხვავებების დაძლევაზე მუშაობა
- 2 days ago
- 1 min read
ვატიკანში, პაპმა აუდიენციაზე მიიღო არქიეპისკოპოსი სარა მულალი. იგი პირველი ქალია, ვინც 2026 წლის 25 მარტს სათავეში ჩაუდგა ანგლიკანურ ეკლესიას. საუბრისას, ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა ქრისტიანთა ერთიანობის საჭიროებას, რათა მსოფლიოს ეფექტურად ეუწყოს ქრისტეს სამშვიდობო უწყება.

პაპმა გაიხსენა 60 წლის წინ, პავლე VI-ისა და კენტერბერის არქიეპისკოპოსის, მაიკლ რემზის ისტორიული შეხვედრა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ ურთიერთობებსა და ერთობლივ ლოცვებს. მან ასევე მოიშველია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს პირველი სიტყვები: „მშვიდობა თქვენდა. ეს მოკითხვა არა მხოლოდ უფლის მშვიდობის მადლის მიღებისკენ მოგვიწოდებს, არამედ მშვიდობის სიხარულისკენაც. მკვდრეთით აღმდგარი იესოს მშვიდობა არის უიარაღო მშვიდობა, რადგან ის ძალადობასა და აგრესიას ყოველთვის მშვიდობიანად პასუხობდა”, – თქვა პაპმა.

წმინდა მამამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოს ძალიან სჭირდება იესოს მშვიდობა, თუმცა ქრისტიანებს შორის არსებული განხეთქილება ზღუდავს სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობას.
“თუ გვსურს, რომ სამყარომ გულთან მიიტანოს ჩვენი სწავლება, დაუღალავად უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ იმ განსხვავებების დასაძლევად, რომლებიც გვყოფს და ხელს უშლის სახარების ქადაგებას“, - ლეონ XIV-მ ხაზი გაუსხვა თავის საპაპო დევიზს, რომელიც წმინდა ავგუსტინეს სიტყვებია: „მასში, ვინც არის ერთი, ჩვენ ვართ ერნი“.
“მიუხედავად იმისა, რომ ორ ეკლესიას შორის ისტორიული განხეთქილების აღმოფხვრის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ბოლო ათწლეულებში გაჩნდა ახალი პრობლემები და განსხვავებები, რაც სრულ თანაზიარებას ართულებს. თუმცა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამ გამოწვევებმა ხელი შეგვიშალოს შესაძლებლობის გამოყენებაში, რათა ერთობლივად ვაუწყოთ სამყაროს ქრისტე“, - პაპის თქმით, ამ განსხვავებების გადალახვაზე მუშაობის შეწყვეტა სკანდალი იქნებოდა. მან გამოსვლა დაასრულა ერთობლივი ლოცვისკენ მოწოდებით - “დაე სულმა წმინდამ გვიჩვენოს ის გზა, რომელიც ორივე ეკლესიას ერთიანობისკენ მიგვიყვანს.

შოთა გიქოშვილი





Comments