პაპი ვატიკანის დიპლომატებს - ‘ხალხთან ახლოს იყავით’
- catholic.ge

- Nov 17
- 1 min read
პაპი ლეონ XIV ვატიკანში შეხვდა ნუნციუსებსა და ნუნციატურების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. შეხვედრის მიზანი იყო ეკლესიის მისიისა და მისი მშვენიერების ხელახალი აღმოჩენა:

“თქვენი უპირველესი მოწმობა, რომელსაც ხალხს უზიარებთ, უნდა იყოს ქრისტეზე შეყვარებული მღვდლობა. მოგიწოდებთ, ნუ იქნებით იზოლირებული ხალხისგან, რომლებსაც ემსახურებით. მოგიწოდებთ, სიღრმისეულად შეეხოთ იმ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, რომლებიც გმასპინძლობენ. ამ ქვეყნებში იყავით იმედის მოწმენი”, - განაცხადა მან.
პაპმა წმიდა საყდრის დიპლომატებს მადლობა გადაუხადა, რომ „ქრისტეს ხმას“ წარმოადგენენ და არ გაექცნენ კეთილი მოძღვრის, იესო ქრისტეს მოხმობას, რომელმაც ყოველ მათგანი დაპატიჟა, რათა მიეტოვებინათ ყველაფერი და სახარება დედამიწის კიდით კიდემდე მიეტანათ.
მისივე თქმით, ნუნციატურებში მსახურება რთული პროცესია, „იგი მოითხოვს ღვთის სიყვარულით ანთებულ გულს, რომელიც ღია იქნება ადამიანების მიმართ: “ეკლესიის საკრებულოების მსახურებისას, იყავით იმ სიყვარულისა და სიახლოვის ანარეკლი, რომელსაც პაპი ყოველ მათგანის მიმართ განიცდის და შეინარჩუნეთ ეკლესიის ერთობაში“, - აღნიშნა წმინდა მამამ.
ლეონ XIV-მ წმიდა საყდრის წარმომადგენლებს მოუწოდა ცოცხალი ურთიერთობა შეინარჩუნონ, როგორც ადგილობრივ ეკლესიებთან, ასევე იმ ქვეყნების კულტურებთან, სადაც წარგზავნილი არიან.
„ნუ იქნებით გარემოს მოწყვეტილნი, არამედ იყავით ქრისტეს გულანთებული მოწაფეები, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ და სამსახურებრივ გარემოებებში სახარების სულისკვეთებით ჩაეფლობიან. ასეთი მსახურება ფოლკლორული მიდგომა კი არ არის, არამედ მომდინარეობს სურვილიდან, თავი მიუძღვნათ იმ მიწასა და იმ ადამიანებს, ვისაც ემსახურებით”.
პაპმა ასევე იმ საფრთხის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საკრებულოებისგან მოწყვეტა ჰქვია, „ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მღვდელმსახური ფესვებგამხმარ ხეს ემსგავსება“.
მან შეახსენა, რომ ნუნციატურის ყოველდღიური ცხოვრების ცენტრი სამლოცველოა:”ტაბერნაკულუმის ნათელი ფანტავს ბნელსა და წუხილს. რთულ მომენტებში სამოტივაციოდ გახსოვდეთ წმიდა ავგუსტინეს სიტყვები: ჩემი ტვირთი ჩემი სიყვარულია”.
ლეონ XIV–მ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მსახურობს ომის, სიღარიბისა და პოლიტიკური დაძაბულობების პირობებში. „ეკლესია გვერდში გიდგათ ლოცვებით. დარჩით იმედის მომლოცველებად იქ, სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა”.
წყარო: https://www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი








![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)

Comments