top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონი მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას

პაპი საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაზე აიღონ პასუხისმგებლობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ სამშვიდობო შეთანხმებაზე, მან კმაყოფილება გამოხატა, თუმცა ასევე მწუხარება გამოთქვა ჰაიტიში მიმდინარე ძალადობის გამო, რომელიც კვლავ ანადგურებს ქვეყანას.


ree

8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, პაპმა იმედის ნიშანი უწოდა. მისი თქმით, მათი ერთობლივი განცხადება მნიშვნელოვანი წინსვლა და ისეთი ნაბიჯია, „რომელმაც, ყველას გვინდა, რომ წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში.“


პაპმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჰაიტიში მიმდინარე კრიზისზე და ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ ტანჯვის გამო, რომელსაც განიცდის მოსახლეობა და „უფრო და უფრო იძირება სასოწარკვეთილებაში“. მან დაგმო ქვეყანაში გავრცელებული „ყველანაირი ძალადობა, ადამიანებით ვაჭრობა, იძულებითი გადაადგილება და გატაცებები“.


„გულით ვთხოვ ყველა პასუხისმგებელ მხარეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები,“ — განაცხადა პაპმა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელშესახები დახმარება გაუწიოს ადგილობრივებს სოციალური და ინსტიტუციური პირობების შექმნისთვის, „რაც ჰაიტის ხალხს მისცემს მშვიდობაში ცხოვრების შესაძლებლობას“.


ომი, როგორც „კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება“ უნდა უარვყოთ – ასეთი გზავნილი გააკეთა პაპმა ლეონმა საერთაშორისო ლიდერებს. პაპმა მათ მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა და აქტიურად იმუშაონ მშვიდობის მისაღწევად — მიზნისკენ, რომლისთვისაც, მისი თქმით, მორწმუნეებმა ლოცვა არასდროს უნდა შეწყვიტონ.


„გავაგრძელოთ ლოცვა ყველა ომის დასრულებისთვის. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვებიდან 80–მა წლისთავმა, მთელს მსოფლიოში გააღვიძა შეგნება, რომ ომი უნდა უარვყოთ, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის გზა. ძალაუფლების მქონე ადამიანებმა არასოდეს უნდა დაკარგონ ხედვა იმ შედეგებზე, რასაც მათი გადაწყვეტილებები ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე. არ უნდა უგულებელყონ ყველაზე დაუცველთა საჭიროებები და მშვიდობისადმი უნივერსალური წყურვილი“, – აღნიშნა პაპმა.





Comments


bottom of page