top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

9 ივლისს, ლეონ XIV-მ, „კასტელ განდოლფოს“ პაპის რეზიდენციაში, კერძო აუდიენციაზე მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე კონფლიქტზე და მისი  სამართლიან, მდგრად და  მშვიდობიანი მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე. საუბრისას ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას, როგორც საომარი მოქმედებების დასრულების პრიორიტეტულ გზას.


ree

 პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იმყოფება უკრაინის აღდგენის IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. ამავდროულად იგი პაპს ესტუმრა.


წმიდა მამამ, უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას მწუხარება გამოხატა მსხვერპლის გამო, უკრაინელ ხალხს აღუთქვა ლოცვა და სულიერი სიახლოვე. აქვე პაპმა მოუწოდა მხარეებს ყველა ღონე იხმარონ ტყვეების გასათავისუფლებლად და ერთობლივი გადაწყვეტილებების მოსაძებნად.


ree

ვატიკანის ინფორმაციით, წმიდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები  მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში მიიღოს.


შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს შეხვდა: „პირველ რიგში, ძალიან მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის: ამ შეხვედრისთვის, ჩვენი მიღებისა და რა თქმა უნდა, დახმარებისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ლოცვისა და კონკრეტული დახმარებისთვის – როდესაც მონაწილეობა მიიღო ომის დროს, რუსების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში, რათა მათ უკრაინაში საყვარელ ადამიანებთან ყოფნა შესძლებოდათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ree

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა ამ ომის დასრულება. ძალიან ვენდობით ვატიკანს, კერძოდ მის უწმინდესობას ლეონ XIV - ს, რომ დაგვეხმარებიან იპოვონ ადგილი მაღალი დონის შეხვედრისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ ეს ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


პაპი ლეონ XIV და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მეორედ შეხვდნენ. პრეზიდენტი კასტელ განდოლფოს შუასაუკუნოვან ქუჩებში დაცული ავტოკორტეჟით მივიდა, ქალაქის ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა.


პაპმა სტუმარს ალბანოს ტბის ხედი აჩვენა, რომელიც ვილის ფანჯრიდან იშლება.


ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარსაათიანი კერძო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვატიკანის განცხადება „გულთბილს“ უწოდებს. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ განხილვის ძირითადი თემა იყო დიალოგის მნიშვნელობა, როგორც პრივილეგირებული გზა კონფლიქტის დასასრულებლად. პაპმა გამოხატა ტკივილი ომის მსხვერპლთა გამო, დაადასტურა ლოცვა და სიახლოვე უკრაინელი ხალხის მიმართ და მოუწოდა გააქტიურდეს ძალისხმევა ტყვეების გათავისუფლებისა და საერთო შეთანხმებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღწევად.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს საჩუქრად გადასცა ალბომი, რომელიც უკრაინული ხატწერის ტრადიციას ეძღვნება. მასში წარმოდგენილია XI–დან XVIII საუკუნის უძვირფასესი ნამუშევრები — ქვეყნის ცნობილი სახვითი მემკვიდრეობის ერთგვარი შთამბეჭდავი კრებული.


დაახლოებით 14:00 საათზე პაპი ლეონე XIV და პრეზიდენტი ზელენსკი ვილა ბარბერინის აივანზე ერთად გამოჩნდნენ. აივანზე, საიდანაც ვატიკანის თეთრ-ყვითელი დროშა ფრიალებს.

ree

უკრაინის პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია სთხოვს წმინდა საყდარს დახმარებას როგორც ბავშვების დაბრუნებაში, ისე ტყვეების გათავისუფლებაში. სწორედ ამ მიზნებისათვის, პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო სპეციალური ჰუმანიტარული დიპლომატიური მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარდინალი მატეო მარია ზუპი. მისი ვიზიტები კიევსა და მოსკოვში (შემდგომში ვაშინგტონსა და პეკინშიც) საფუძველი გახდა კონკრეტული შედეგებისა: რამდენიმე ბავშვი და მოზარდი უკრაინაში დაბრუნდა, გათავისუფლდნენ ტყვეები, მათ შორის — 2024 წლის ივნისში — ორი მღვდელი: ივან ლევიცკი და ბოჰდან ჰელეტა. ამ ნაბიჯებისთვის ზელენსკიმ საჯაროდ გამოხატა მადლიერება წმიდა საყდრის მიმართ.


დაახლოებით 14:10 საათზე, ზელენსკიმ და მისმა დელეგაციამ — რომელშიც შედიოდნენ უკრაინის ვატიკანში ელჩი ანდრი იურაში და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი — ვილა ბარბერინის ტერიტორია დატოვეს.


 

Comments


bottom of page