პაპი უპოვრებთან ერთად სადილზე: ‘ჩვენ, ღვთის ყველაზე მშვენიერი ქმნილებები ვართ’
- catholic.ge

- Aug 18
- 1 min read
17 აგვისტოს, პაპმა ლეონ XIV - მ ‘კასტელ განდოლფოში’ ასზე მეტ უპოვართან ერთად ისადილა. უსახლკაროებთან, თავშესაფრების, ასევე საოჯახო ტიპის სახლების ბინადრებთან და ალბანო-ლაჩალეს „კარიტასის“ ცენტრის ბენეფიციარებთან სადილისას, პაპმა აღნიშნა, რომ თითოეული ჩვენგანი ღვთის ხატად არის შექმნილი და „ყოველ ადამიანში შეგვიძლია ღვთის არსებობა ვიპოვოთ“.

საკვირაო სადილი ალბანოს ეპარქიისა და ეკოსოფელ "Laudato Si"-ის მიერ იყო ორგანიზებული.
სიტყვით მიმართვისას, პაპმა აღნიშნა, რომ საერთო ტრაპეზი მხოლოდ სუფრასთან ურთიერთობა კი არა, ურთიერთსიყვარულისა და ზრუნვის გამოვლინებაა.
„ყოველი ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი, ამიტომაც ყველა ადამიანში შეგვიძლია მისი არსებობის აღმოჩენა“, – განაცხადა მან.
სადილამდე, პაპმა ლეონ XIV-მ ღვთისგან კურთხევა ითხოვა „იმ ნობათისთვის, რომელსაც სულ მალე მივირთმევთ“ ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, „ვინც ძალისხმევა გაიღო ამ სუფრის მოსამზადებლად,“ და მათთვის, ვინც შესაძლებელი გახადა ეს ზეიმი. ბოლოს კი ლოცვით დაასრულა: „დაგვეხმარე, უფალო, მუდამ ვიცხოვროთ შენი სიყვარულის გაერთიანებულებმა“.
პაპს მიესალმა ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ცენტრის, "Laudato Si"- ის დირექტორი და „ადამიანის განვითარებისა და ინტეგრირების მსახურების დიკასტერიის“ პრეფექტის მოადგილე, კარდინალი ფაბიო ბაჯო:

"დღეს, ჩვენ პაპ ფრანცისკეს წინასწარმეტყველური ოცნების განხორციელების მოწმენი გავხდით. ეკოსოფელი Laudato Si არ არის მხოლოდ ადგილი, არამედ ეს არის სახარებისეული ცხოვრების წესი, სადაც კარი ყველასთვის ღიაა, უპირველეს ყოვლისა კი, გაჭირვებულთა, უპოვართა და ღარიბთათვის", - აღნიშნა იერარქმა.
ალბანოს ეპარქიის ეპისკოპოსმა, მონსინიორ ვინჩენცო ვივამ, დამსწრეებს სიტყვით მიმართა და სტუმრები პაპს წარუდგინა. „არ არსებობს გაყოფა „ჩვენსა“ და „მათ“ შორის, არ არსებობს კეთილისმყოფელები და ბენეფიციარები: არსებობენ ადამიანები, რომლებიც პურს იზიარებენ და მასთან ერთად თავიანთ ისტორიებს, სირთულეებსა და იმედებსაც“.

სადილი მიმდინარეობდა ფართო ადგილზე, რომელსაც შეუერთდნენ: ეპარქიაში „კარიტასის“ დირექტორი, ალბანი-ლაციალეს მერი, „კასტელ განდოლფოს“ სასულიერი პირები და ბერ-მონაზვნები.
კერძებს სთავაზობდნენ ადგილობრივი რესტორნების მფლობელები, მოხალისეები და ეკოსოფლის თანამშრომლები.
სადილის დასასრულს, პაპმა ლეონ XIV-მ ერთად ყოფნის მადლისათვის ლოცვა აღავლინა, პირადად მიესალმა ყველა სტუმარს და იქ მყოფები დალოცა.
შოთა გიქოშვილი

















Comments