top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ეპისტოლე ავადმყოფთა 34–ე მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

Updated: 10 hours ago


[2026 წლის 11 თებერვალი]


სამარიტელის თანაგრძნობა: გვიყვარდეს მოყვასი მისი ტანჯვის ტვირთვით


ძვირფასო ძმებო და დებო!


ავადმყოფთა 34–ე მსოფლიო დღე საზეიმოდ აღინიშნება 2026 წლის 11 თებერვალს, პერუში, ქალაქ ჩიკლაიოში. ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კვლავ წარმოგიდგინოთ მოწყალე სამარიტელის სახე — მარადჟამს აქტუალური და გარდაუვალი ხატი, რათა ხელახლა აღმოვაჩინოთ სიყვარულის მშვენიერება და თანაგრძნობის სოციალური განზომილება და მზრუნველი მზერა მივაპყროთ ყველა გაჭირვებულსა თუ სნეულს.


ყველას წაგვიკითხავს წმიდა ლუკა მახარებლის ეს ამაღელვებელი ტექსტი (შდრ. ლკ. 10, 25-37). რჯულის მცოდნეს, რომელიც კითხულობს, თუ ვინ არის მისი მოყვასი, იესო იგავით მიუგებს: იერუსალიმიდან იერიხონს მიმავალ კაცს ყაჩაღები დაესხნენ თავს, რომლებმაც იგი გაძარცვეს და ცოცხალმკვდარი მიატოვეს. მღვდელმა და ლევიტელმა გვერდი აუქცია, ხოლო სამარიტელმა, იხილა რა იგი, შეიბრალა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და მასზე ზრუნვის საფასური თავად გადაიხადა. მსურს შემოგთავაზოთ რეფლექსია ამ ბიბლიურ ფრაგმენტზე ჩემი ძვირფასი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს ენციკლიკის — Fratelli tutti-ს ჰერმენევტიკული გასაღებით. მასში თანაგრძნობა და წყალობა გაჭირვებულთა მიმართ არ დაიყვანება მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევამდე, არამედ რეალიზდება ურთიერთობებში: გაჭირვებულ ძმასთან, მათთან, ვინც მასზე ზრუნავს და — რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ღმერთთან, რომელიც საკუთარი სიყვარულით გვაჯილდოებს.


შეხვედრის ნიჭი: სიახლოვისა და თანამყოფობის სიხარული


ჩვენ ვცხოვრობთ სისწრაფის, წამიერებისა და სიჩქარის კულტურაში, სადაც ხშირად სუფევს გულგრილობა, რაც, თავისმხრივ, გვიშლის ხელს იმაში, რომ შევჩერდეთ გზაზე და შევამჩნიოთ სხვისი ტკივილი. იგავი გვამცნობს, რომ სამარიტელმა დაჭრილს გვერდი კი არ აუარა, არამედ მასზე შეაჩერა მზერა — იესოსეული მზერა, რამაც იგი ადამიანურ სიახლოვემდე და სოლიდარობამდე მიიყვანა. სამარიტელი „შეჩერდა, მიუახლოვდა მას, პირადად კურნავდა, საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა მისი მოვლის საფასური და იზრუნა მასზე. უპირველეს ყოვლისა კი, (...)დაუთმოსაკუთარი დრო“ [1]. იესო არ გვასწავლის, თუ ვინ არის მოყვასი, არამედ იმას, თუ როგორ გავხდეთ მოყვასი ეი. ახლობელი.


[2]. ამ კონტექსტში შეგვიძლია ნეტარ ავგუსტინესთან ერთად ვთქვათ, რომ უფალს არ სურდა ესწავლებინა, თუ ვინ იყო იმ კაცის მოყვასი, არამედ ის, თუ ვისი მოყვასი უნდა გამხდარიყო იგი. ჭეშმარიტად, არავინ არის სხვისი მოყვასი მანამ, სანამ საკუთარი ნებით არ მიუახლოვდება მას. ამიტომაც მოყვასი გახდა ის, ვინც წყალობა უყო.


[3].


სიყვარული პასიური არ არის, იგი მოყვასს მიეგებება; მოყვასობა არა ფიზიკურ თუ სოციალურ სიახლოვეზე, არამედ სიყვარულის არჩევანზეა დამოკიდებული.


ქრისტიანი ხდება ტანჯულის მოყვასი ქრისტეს, ჭეშმარიტი ღვთაებრივი სამარიტელის მიბაძვით, რომელიც დაჭრილ კაცობრიობას მიუახლოვდა. ეს უბრალო ფილანტროპიის გამომხატველი ჟესტები როდია, არამედ ნიშნები, რომლებშიც ვხედავთ, რომ სხვის ტანჯვაში პირადი მონაწილეობა ნიშნავს საკუთარი თავის გაცემას. ეს სცილდება მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებას და ჩვენს პიროვნებას ნიჭის ნაწილად აქცევს.


[4]. ეს სიყვარული უნდა საზრდოობდეს ქრისტესთან შეხვედრით, რომელმაც სიყვარულის გამო გაწირა თავი ჩვენთვის. წმინდა ფრანცისკემ ეს კარგად განმარტა კეთროვნებთან შეხვედრისას: „თავად უფალმა მიმიყვანა მათ შორის“


[5], რადგან სწორედ მათი მეშვეობით აღმოაჩინა მან სიყვარულის ტკბილი ნეტარება. შეხვედრის ნიჭი იბადება იესო ქრისტესთან კავშირით, ქრისტეს კი ჩვენ მოწყალე სამარიტელთან ვაიგივებთ, რომელმაც საუკუნო ხსნა მოგვიტანა. წმინდა ამბროსი ამბობდა: „ვინაიდან არავინ არის ისეთი ახლობელი, როგორც ის, ვინც განკურნა ჩვენი ჭრილობები, გვიყვარდეს იგი, როგორც უფალი, და გვიყვარდეს იგი, როგორც მოყვასი; არაფერია ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც თავი თავის ასოებთან. გვიყვარდეს ისიც, ვინც ქრისტეს მიმბაძველია. გვიყვარდეს ის, ვინც ხორციელი ერთობის წყალობით სხვათა გასაჭირს თანაუგრძნობს.


[6]. ვიყოთ „ერთი მეორეში“ — სიახლოვეში, თანამყოფობაში, მიღებულ და გაზიარებულ სიყვარულში. წმინდა ფრანცისკეს მსგავსად, განვიცადოთ მასთან შეხვედრის სიტკბოება.


2. სნეულთა მოვლის საერთო მისია


წმინდა ლუკა შემდგომ აღნიშნავს, რომ სამარიტელს „გული დაეწვა“ (შეებრალა). თანაგრძნობის გამოხატვა გულისხმობს ღრმა ემოციებს, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ეს არის განცდა, რომელიც შიგნიდან მოდის და მიგვიძღვის სხვის ტანჯვაში ჩართვისკენ. ამ იგავში თანაგრძნობა არის ქმედითი სიყვარულის განმასხვავებელი ნიშანი. ის არ არის თეორიული ან სენტიმენტალური, არამედ კონკრეტულ საქმეებში ვლინდება; სამარიტელი მიდის, ჭრილობებს უხვევს, ზრუნავს და პატრონობს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ — ის ამას მარტო, ინდივიდუალურად როდი აკეთებს; „როგორც სამარიტელმა მოიხმო სასტუმროს მეპატრონე, რათა მას ეზრუნა იმ ადამიანზე, ჩვენც მოწოდებულნი ვართ, მოვიხმოთ ერთმანეთი შევქმნათ იმგვარი „ჩვენ“, რომელიც აღემატება ცალკეულ ინდივიდთა ერთობლიობას.


[7]. როგორც პერუში მოღვაწე მისიონერი და ეპისკოპოსი, თავად ვიყავი შემსწრე იმისა, როგორ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები თავს იყრიან სნეულის საწოლთან სამარიტელისა თუ სასტუმროს მეპატრონის მსგავსად: ოჯახის წევრები, მეზობლები, ჯანდაცვის მუშაკები, ჯანდაცვის სამწყსოს წევრები და მრავალი სხვა, ვინც ჩერდება, მიდის, მკურნალობს, დროს უთმობს, თან მიჰყვება და სწირავს იმას, რაც გააჩნია — ისინი თანაგრძნობას სოციალურ განზომილებას სძენენ. ეს გამოცდილება, რომელიც ურთიერთობათა ქსელში ხორციელდება, სცილდება მხოლოდ ინდივიდუალურ ჩართულობას.


სწორედ ამიტომ, ჩემს სამოციქულო დარიგებაში „Dilexi te“, აღვნიშნე, რომ ავადმყოფებზე ზრუნვა არამხოლოდ ეკლესიის მისიის „არსებითი ნაწილია“, არამედ არის ავთენტური „საეკლესიო მოქმედება“ (მუხ. 49). მასში მე მოვიხმე წმინდა კვიპრიანე, რათა მეჩვენებინა, თუ როგორ შეგვიძლია ამ განზომილებით შევამოწმოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ეს ჭირი, რომელიც ასე საშინელი და მომაკვდინებელი ჩანს, გამოცდის თითოეული ადამიანის სიმართლეს და ამოწმებს ადამიანთა სულს: ემსახურებიან თუ არა ჯანმრთელები სნეულებს, უყვართ თუ არა ნათესავებს ერთმანეთი გულწრფელად, აქვთ თუ არა ბატონებს სიბრალული სნეული მსახურების მიმართ, და ტოვებენ თუ არა ექიმები სნეულებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ“ [8].


ვიყოთ „ერთი მეორეში“ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტად ვგრძნობთ თავს იმ სხეულის ასოებად, რომელშიც, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, აღვასრულებთ უფლის თანაგრძნობას ყველა ადამიანის ტანჯვის მიმართ [9]. მეტიც, ტკივილი, რომელიც გულს გვიწვავს, არ არის უცხო ტკივილი, არამედ ჩვენივე სხეულის ნაწილის ტანჯვაა, რომელზე ზრუნვასაც ჩვენი თავი (ქრისტე) გვიბრძანებს ყველას სასიკეთოდ. ამ გაგებით, ის უთანაბრდება ქრისტეს ტანჯვას და — ქრისტიანული სულით შეწირული — აჩქარებს თავად მაცხოვრის ლოცვის აღსრულებას ყველას ერთიანობის შესახებ [10].


3. მუდამ ღვთის სიყვარულით წარმართულნი, რათა შევხვდეთ საკუთარ თავსა და ძმას


ორმაგ მცნებაში: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (ლკ 10, 27), ჩვენ ვხედავთ ღვთის სიყვარულის პრიმატს და მის პირდაპირ გავლენას იმაზე, თუ როგორ უყვარს ადამიანს და როგორ ამყარებს ურთიერთობებს ყველა განზომილებაში. „მოყვასის სიყვარული არის ღვთის სიყვარულის ავთენტურობის ხელშესახები დასტური, როგორც ამას იოანე მოციქული მოწმობს: «ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.(...) ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში. (1 ინ 4, 12.16)“ [11]. თუმცა ამ სიყვარულის საგანი განსხვავებულია: ღმერთი, მოყვასი და ჩვენი თავი — და ამ გაგებით შეგვიძლია ისინი აღვიქვათ როგორც სხვადასხვა სახის სიყვარული — ისინი მაინც მუდამ განუყოფელნი არიან [12]. ღვთის სიყვარულის უპირატესობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ქმედებები არ სრულდება პირადი გამორჩენის ან ჯილდოს მისაღებად, არამედ როგორც გამოვლინება სიყვარულისა, რომელიც სცილდება რიტუალურ ნორმებს და გარდაიქმნება ავთენტურ თაყვანისცემად: მოყვასის მსახურება არის ღვთის სიყვარული პრაქტიკაში [13].


ეს განზომილება ასევე გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული. ის გულისხმობს უარის თქმას ჩვენი თვითშეფასების ან ღირსების აგებაზე წარმატების, კარიერის, პოზიციის ან წარმომავლობის სტერეოტიპებით [14] და ჩვენი ჯეროვანი ადგილის პოვნას ღვთისა და მოყვასის წინაშე. ბენედიქტე XVI ამბობდა, რომ „ადამიანი, თავისი სულიერი ბუნებიდან გამომდინარე, რეალიზდება პიროვნებათშორის ურთიერთობებში. რაც უფრო ავთენტურად ცხოვრობს მათით, მით უფრო მწიფდება მისი პიროვნული იდენტობა. ადამიანი საკუთარ ღირებულებას პოულობს არა იზოლაციაში, არამედ სხვა ადამიანებთან და ღმერთთან დამყარებულ ურთიერთობებში“ [15].


ძვირფასო ძმებო და დებო, „ადამიანის ჭრილობების ნამდვილი წამალია ძმურ სიყვარულზე დაფუძნებული ცხოვრება, რომელიც სათავეს ღვთის სიყვარულიდან იღებს“ [16]. გულწრფელად მსურს, რომ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრების სტილს არასოდეს დააკლდეს ეს ძმური, „სამარიტული“, ინკლუზიური, გაბედული, თავდადებული და სოლიდარული განზომილება, რომელსაც თავისი ყველაზე ღრმა ფესვები ღმერთთან ჩვენს ერთობაში, იესო ქრისტეს რწმენაში აქვს გადგმული. ამ ღვთაებრივი სიყვარულით აღგზნებულნი, ჩვენ შევძლებთ ჭეშმარიტად მივეძღვნათ ყველა ტანჯულს, განსაკუთრებით ჩვენს სნეულ, ხანდაზმულ და ჩაგრულ ძმებს.


აღვავლინოთ ჩვენი ლოცვა ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის, სნეულთა მკურნალის მიმართ; ვთხოვოთ მას შეწევნა ყველა ტანჯულისთვის, ვისაც სჭირდება თანაგრძნობა, მოსმენა და ნუგეში, და ვევედროთ მას მეოხება ამ უძველესი ლოცვით, რომელსაც ოჯახებში ამბობდნენ მათთვის, ვინც სნეულებასა და ტანჯვაში ცხოვრობს:


ტკბილო დედაო, ნუ დამიტევებ, მზერასა შენსას ნუ მომარიდებ, თანამავალ მექმენ ყოველსა გზასა და მარტოობასა შინა ნუ დამაგდებ. შენ, მფარველო ჩემო და ჭეშმარიტო დედაო, მეოხ-გვეყავ, რათა გვაკურთხოს მამამან, ძემან და წმიდამან სულმან. ამინ.


მთელი გულით განიჭებთ ყველას სამოციქულო კურთხევას: სნეულებს, მათ ოჯახებსა და მომვლელებს, ჯანდაცვის მუშაკებს, ჯანდაცვის სამწყსოში მოღვაწეებს და, განსაკუთრებით ყველა თქვენგანს, ვინც მონაწილეობთ ავადმყოფთა მსოფლიო დღის აღნიშვნაში.


ვატიკანი, 2026 წლის 13 იანვარი ლეონ PP. XIV


თარგმანი – "კამილიელთა ორდენი საქართველოში"

Comments


bottom of page