პაპმა ლეონ XIV-მ სადილზე 200 უპოვარი მიიწვია
- 22 hours ago
- 2 min read
შაბათს, 11 ივლისს, რომის ეპარქიის დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებიც რთულ სოციალურ პირობებში იმყოფებიან, პაპ ლეონ XIV-სთან ერთად ისადილებენ.

პაპთან სადილი გახდება სტუმართმოყვარეობისა და ურთიერთობის განსაკუთრებული ნაწილი „Laudato sì“-ს ეკოსოფელში, კასტელ განდოლფოს პონტიფიკალურ ბაღში.
პროგრამაში შედის: ევქარისტიული ლიტურგია, ლოცვა ქმნილების დაცვისთვის, მისალმება და გამასპინძლება, ექსკურსია ეკოსოფელში და ბოლოს, სადილი წმინდა მამასთან ერთად.
ორგანიზატორების თქმით, ეს ინიციატივა სათავეს იღებს 2025 წლის 17 აგვისტოდან, როდესაც პაპმა ლეონ XIV-მ ილოცა და ტრაპეზი გაიზიარა ალბანოს ეპარქიის მცირეშემოსავლიან მოსახლეობასთან. იმ დღემ საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ტრადიციას „Laudato sì“-ს საგანმანათლებლო ცენტრის ეგიდით, რომელიც პასუხისმგებელია ადგილობრივი ეკოსოფლის განვითარებაზე.
ყოველ წელს, ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, იტალიის მორიგი ეპარქია იქნება მიწვეული, რომელიც კასტელ განდოლფოში ჩამოიყვანს უპოვარებს, ლტოლვილებს, მიგრანტებსა და სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ეს ადამიანები გაატარებენ დღეს, რომელიც სავსე იქნება სამყაროს სილამაზით და პირადად გაესაუბრებიან პაპს.
წელს ეს ღონისძიება „Laudato sì“-ს საგანმანათლებლო ცენტრის, ვატიკანის მოწყალების სამსახურის დიკასტერიისა და რომის ეპარქიის თანამშრომლობით შედგება.
„ეკოსოფელ Laudato si-ს შექმნის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ სამყაროს დაცვა და ადამიანზე ზრუნვა ერთიანი მისიაა. ლამპედუზას შემდეგ, ეს დღე ხდება ახალი ნაბიჯი ლეონ XIV-ის გზაზე, ჩვენი დროის სოციალური პერიფერიებისკენ. სოფელ Laudato si-ში წმინდა მამა ხვდება მოწყვლად ადამიანებს; ის ადასტურებს, რომ ეკლესია უნდა იყოს იქ, სადაც ადამიანის ღირსება მოითხოვს მოსმენის უნარს, სიახლოვესა და იმედს“, - აღნიშნავს ოფიციალურ განცხადებაში კარდინალი ფაბიო ბაჯო, Laudato si-ს საგანმანათლებლო-ეკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი.

ამ გზაზე ხორციელდება ეკლესიის მსახურება ღარიბთა მიმართ, აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ლუის მარინ დე სან-მარტინი, მოწყალების სამსახურის დიკასტერიის პრეფექტი: „წმინდა მამის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოწყალება მდგომარეობს სიახლოვეში, შეხვედრასა და თანაგრძნობაში. როდესაც ეკლესია ყურადღების ცენტრში ყველაზე მოწყვლად ადამიანებს აყენებს, ის თვალსაჩინოს ხდის სახარებას და მოწმობს, რომ ღვთის გულის მიღმა არავინ რჩება“.
თავის მხრივ, წმინდა მამის გენერალური ვიკარიუსი რომის ეპარქიის, კარდინალი ბალდასარე რეინა აღნიშნავს:
„ჩვენ გვინდოდა, რომ ამ დღის მთავარი გმირები ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად გვერდით უდგას რომის ეპარქიის სამრევლოები, „კარიტასი“ და მრავალი საეკლესიო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია. პაპის შეხვედრა ცენტრალურ ადგილს უბრუნებს მათ, ვინც ხშირად ყურადღების მიღმა აღმოჩნდება ხოლმე და მთელს ქრისტიანულ საზოგადოებას შეახსენებს პასუხისმგებლობას მათ მიღებაზე“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი

