პატრიარქი ილია II გარდაიცვალა - სამძიმრები კათოლიკე ეკლესიიდან
- 5 hours ago
- 3 min read
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
17 მარტს, გვიან ღამით, კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო, პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. იგი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პატრიარქის გარდაცვალებამდე, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კათოლიკე ეკლესიის სახელით, იმ კლინიკაში მივიდა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იყო გადაყვანილი.
ეპისკოპოსი დაესწრო პატრიარქისათვის აღვლენილ ლოცვას, ილოცა მისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.

"მე ვიყავი შიგნით, რადგან მინდოდა, რომ იყოს ნიშანი, რომ ჩვენი ეკლესია დღეს აქ არის და ლოცულობს. პატრიარქი ხშირად იყო ჩვენთან ერთად, მახსოვს, როცა მოვიდა პაპი, რამდენი საუბარი გვქონდა მასთან... ამ დღეებში, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სულიერად ერთად", – თქვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
იმავე დღეს, საღამოს ათი საათისათვის პატრიარქი გარდაიცვალა.
"მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის მანძილზე
შევიდა უფლის მშვიდობაში.
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.
დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ — პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც როგორც პეტრეს მემკვიდრეებს მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ. „წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ“, — მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა: მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, — მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, — მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.
მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, ილოცონ მისთვის, რათა, მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის, წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა ყველა ჩვენგანისთვის", – დაწერა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სამძიმრის წერილში. პატრიარქის გარდაცვალება მის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს მიუსამძიმრა ვატიკანის ელჩმა საქართველოში, პაპის დესპანმა, მთავარეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმაც:

"წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოშ
თბილისი, 18 მარტი, 2026 წ.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,
„საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“.
ლოცვითი ერთობით,
+ Ante Jozić
+ანტე იოზიჩი
წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში
მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას
მიტროპოლიტ შიოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტსპატრიარქის გარდაცავლების პირველივე წუთებში, მართლმადიდებელ ეკელსიას მიუსამძიმრა ბატიკანის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, მთავარეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა:

"ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია", – დაწერა მთავარეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. იგი საქართველოში დახვდა ორ პაპს: 1999 წელს – პაპ იოანე პავლე მეორესა და 2016 წელს – პაპ ფრანცისკეს.
„განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და გულმოწყალებას, ერთობასა და მშვიდობას მოწყურებული მსოფლიოს წინაშე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შორის არსებულ კავშირებს ახალი ბიძგი მივცეთ, ახალი გზნებით აღვავსოთ, სწორედ ამის ნათელი ნიშანია ჩვენი მშვიდობის ძმური ამბორი“, – მიმართა პაპმა ფრანცისკემ 2016 წელს პატრიარქ ილია მეორეს.









Comments