top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პეტრე მერაბიშვილი – დოქტორ მერაბი


პეტრე პავლეს ძე მერაბიშვილი დაიბადა 1876 წლის 22 სექტემბერს მესხეთში, სოფელ უდეში.


ree

მისი მამა, პავლე მერაბიშვილი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო, მასვე დაუარსებია უდეში პირველი ბიბლიოთეკა–სამკითხველო. პავლეს ოჯახი კათოლიკე იყო, ისევე როგორც იმ პერიოდში უდეში მცხოვრები ყველა ქრისტიანი. ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა, მათგანი ორი კათოლიკე სასულიერო პირი გახდა:


პეტრე მერაბიშვილი, იგივე დოქტორი მერაბი; მღვდელი იოსებ მერაბიშვილი (პატრი მერაბი), რომელმაც სასულიერო განათლება პარიზში მიიღო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ქართული სემინარიის რექტორი გახდა; ივანე (ჟან მერაბი), რომელსაც პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და შემდეგში სამშობლოში მოღვაწეობდა; მიხეილი და იაკობი, რომლებიც ასევე პარიზში იყვნენ განსწავლულნი და მათი და– ტერეზა, რომელიც კონსტანტინოპოლიც ქართველ კათოლიკეთა სავანეში მონაზვნად აღიკვეცა.


12 წლის პეტრე მერაბიშვილი, ისევე როგორც მისი ასაკის სხვა გონიერი ბავშვები, კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში გააგზავნეს განათლების მისაღებად. ეს სავანე 1861 წელს, ახალციხელმა აბატმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა. აქ იყო მონასტერი, ასევ ქართულ–ფრანგული და ქართულ–ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები. აქაურ დედათა და მამათა მონასტრებში, ძირითადად, სამცხე–ჯავახეთიდან ჩასული მოზარდები სწავლობდნენ. ამ სკოლებში მოსწავლეები მრავალმხრივ განათლებას იღებდნენ. მათ შორის, სამედიცინო საქმეს, წამლის მომზადება–გამოყენებას. სწორედ აქ  გამოაგზავნეს სასწავლებლად პეტრე მერაბიშვილი. იმ პერიოდში, მისი უფროსი ძმა იოსები უკვე ამ სავანეში მოღვაწეობდა.


პეტრემ დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი ბაკალავრის წოდებით და 1899 წელს პარიზში გაემგზავრა.


პეტრე მერაბიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტი დოქტორის ხარისხით დაამთავრა და უმაღლესი რანგის მედიკოსად ჩამოყალიბდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლში, ეთიოპურ მისიაში მკურნალ ექიმად, 1908 წელ კი, ადის–აბებაში განაგრძო საექიმო პრაქტიკა და აბისინიის ანუ ეთიოპიის მეფის მენელიქ II–ის პირად ექიმად დაინიშნა.


საინტერესოა მენელიქ II-სა და პეტრე მერაბიშვილის დაახლოება. ვინაიდან იმ პერიოდში ეთიოპია საფრანგეთის დომინიონი იყო, მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა.  როგორც ცნობილია, სწორედ პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს ეთიოპიის მეფე და პეტრე მერაბიშვილი. პარიზის ექიმები ცდილობდნენ მოწამლული მეფე გადაერჩინათ, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დახმარება.


სწორედ დოქტორ მერაბს განუკურნავს მეფე. ამის შემდეგ, მეფე მენელიქ II-მ დოქტორ მერაბი თავის ქვეყანაში მიიწვია და იმპერიის პირველი ექიმის თანამდებობა უბოძა.

1910 წლის 1–ელ დეკემბერს, პეტრე მერაბიშვილმა ადის–აბებაში, თავის საცხოვრებელ სახლში პირველი აფთიაქი გახსნა და მას სამშობლოს სახელი "La Georgie" (საქართველო) უწოდა. ასევე ჰქონდა პოლიკლინიკები პარიზსა და კონსტანტინოპოლში. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც, ფრანგულ ენაზე გამოსცემდა სამედიცინო და სამეცნიერო წიგნებს. მისი ნაშრომები პარიზის, ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავის და ადის-აბებას ეროვნულ ბიბლიოთეკებში დღემდე ინახება.



მისი შემოქმედების ნაყოფია წიგნები ფრანგულ ენაზე – "ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა" (გამოქვეყნდა პარიზში 1912 წ.), "შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე" (მხოლოდ 3 ტომი გამოქვეყნდა პარიზში 1921-1929 წწ.–ში), აღნიშნული ნაშრომი პოპულარულ ჟანრს განეკუთვნება და დიდი ინტერესით იკითხება.


„მაქვს პატივი, ვიყო მეფე მენელიქ მეორის პირადი ექიმი და ამავე დროს პასუხისმგებელი ვიყო სასახლეში არსებული დისპანსერის (სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულება) სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებაზე პასუხისმგებელი, სადაც ყოველდღიურად 20–ზე მეტ პაციენტს ვაკვირდები სხვადასხვაგვარად. მე გაოცებული ვარ ამ მამაცი აბისინიელი ხალხის ჯანმრთელობის სრულყოფილი მდგომარეობით, ჯანსაღი გონებითა და სხეულით, რომლებიც მიუხედავად ამისა, უარყოფილნი არიან ყველა ასპექტში“, – წერს დოქტორი მერაბი თავის ნაშრომში „მედიკოსები და მედიცინა ეთიოპიაში“, რომელიც ფრანგულ ენაზეა გამოცემული 1912 წელს.


პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება პეტრე მერაბიშვილის გამოუქვეყნებელი შრომების ხელნაწერები: "შთაბეჭდილებები" (V და VI ტომები), "სამედიცინო ბოტანიკა", "უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ". მისი შრომები ასევე ინახება ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის–აბებას ბიბლიოთეკებში. 


პირველი მსოფლიო ომის დროს, „დოქტორი მერაბი“ პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობდა.  


ამავე პერიოდში, უფრო კონკრეტულად, 1914 –1919 წლებში იგი საქართველოდან ლტოლვილი ქართველებისთვის შექმნილ საქველმოქმედო საზოგადოებას აფინანსებდა. ეს იყო საზოგადოება, რომელიც ეხმარებოდა თურქეთში, ქართულ ეკლესია–მონასტერში მყოფ მშიერთა და უსახლკაროთა თავშესაფარს.


შემდეგში, სწორედ ეს საქველმოქმედო საზოგადოება ასაზრდოებდა საქართველოდან გახიზნულ ნოე ჟორდანიას მთავრობასა და მის მრავალრიცხოვან ამალას. საარქივო მასალა იუწყება, რომ ამ საქველმოქმედო საზოგადოების ამარად იყო დარჩენილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის  გიორგი ყაზბეგის სტამბოლში გახიზნული ოჯახიც კი. 

1922 წლის 24 თებერვალს, პარიზში პეტრე მერაბიშვილმა ცოლად შეირთო ფრანგი ჟანინა ლემიერი და მასთან ერთად დაბრუნდა ადის–აბებაში. მათი თანაცხოვრება ხუთ წელს გაგრძელდა, 1927 წელს ჟანინა ლემიერი გარდაიცვალა და გულელეს კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს. 


1929 წლის 16 თებერვალს, პეტრე მერაბიშვილი საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, სადაც ცოლის ნათესავებთან ქონების გამო ბევრი უსიამოვნება შეხვდა.


ერთი წლის შემდეგ, 1930 წლის 13 ნოემბერს, „დოქტორი მერაბი“ თავის სამუშაო მაგიდასთან გარდაიცვალა. დასაფლავებულია პარიზში, პერ ლა შეზის სასაფლაოზე.

პირველი ცნობა პეტრე მერაბიშვილის უმდიდრესი სამეცნიერო და ლიტერატურული მემკვიდრეობის არსებობის შესახებ სამშობლოში პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, იოსებ ნონეშვილმა გაახმოვანა. იგი 1966 წელს იმყოფებოდა ადის–აბებაში, მოინახულა აფთიაქი "La Georgie" და პეტრე მერაბიშვილს ორიგინალური ლექსი მიუძღვნა: "მაგრამ რა გიყო.. მე რა გიშველო... დოქტორო მერაბ, დოქტორო მერაბ, ბატონო პეტრე მერაბიშვილო"...


ლექსს ახლავს პროლოგი, რომელშიც წარმოჩენილია პეტრე მერაბიშვილის ღვაწლი და მისი სულიერი პორტრეტი:


„სოფელ უდეს მკვიდრს, პეტრე მერაბიშვილს, გასულ საუკუნეში საფრანგეთში სამედიცინო განათლება მიუღია და მუშაობა დაუწყია ეთიოპიის (აბისინიის) დედაქალაქ ადის–აბებაში. მეცნიერებათა დოქტორს, „დოქტორ მერაბად“ ცნობილ ჩვენს თანამემამულეს, მკურნალსა და მეცნიერს, რომელმაც მრავალი წელი ეთიოპიაში გაატარა, დაუწერია მრავალტომიანი გამოკვლევა ეთიოპიის ისტორიის  ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ხალხური მედიცინის საკითხებზე და გამოუცია პარიზში ფრანგულ ენაზე. ადის–აბებაში, რომელიც მის დროს, მისი მონაწილეობით შენდებოდა, დაუარსებია პირველი აფთიაქი და პოლიკლინიკა და საქართველო – Georgia - უწოდებია. სწორედ ეს აფთიაქი ვნახე რამდენიმე თვის წინათ ადის–აბებაში“, – წერს იოსებ ნონეშვილი. მისი ლექსი კი ასეთია:


 მაგრამ რა გიყო... მე რა გიშველო

–––––––––––––––––––––––––––––––––

დოქტორო მერაბ, დოქტორო მერაბ,

ბატონო პეტრე მერაბიშვილო


მოვედი, გნახე, გატყობ რომ ღელავ,

მაგრამ რა გიყო, მე რა გიშველო,

დოქტორო მერაბ...

ბატონო პეტრე მერაბიშვილო.

საუკუნეზე მეტი გასულა,

რაც მიატოვე სოფელი უდე,

მთები გადმოსჭერ, ზღვა გადმოსცურე

აბისინიის ცას შეებუდე.

შენ საფრანგეთში მკურნალი გახდი

და ყვავ–ყორნებით გულდაკაწრული,

გელოდებოდა მშობელი ხალხი,

შენი უდე და შენი აწყური.

მაგრამ დასტოვე შენი სოფელი,

თითქოს იქ ყველა გყავდა ჯანმრთელი...

ბინად დაიდე ეთიოპიის,

უდაბნოს ქვიშა, მთების კალთები.

აქ ლაზარეთი გახსენ პირველად

და აფთიაქიც გახსენ პირველი,

იდექი მაშვრალთ, სნეულთ იმედად,

შემბრალებელი და შემწირველი.

თუმც „საქართველო – ჟორჟი“ უწოდე

პირველ აფთიაქს, პირველ კლინიკას,

აქ საქართველო არვინ უწყოდა,

არვინ უწყოდა, თვით შენ ვინ იყავ.

არ გიშორებდა მკურნალს, მეცნიერს

აბისინიის იმპერატორი,

ამ უცხო მხარეს თავი შესწირე,

ამ ხალხის ნათელ სვე–ბედს ნატრობდი.

ღამით ნეონის ცა რომ დანათის

დღისით რომ ბრწყინავს ვარდის ბაღებად,

შენი ხელითაც გახდა ქალაქი

ეს მზემარადის ადის–აბება.

მაგრამ ვის ახსოვს შენი ამაგი,

შენი ღვაწლი და შენი სახელი...

აღარსად შეგრჩა ტოლ–ამხანაგი,

დამტირებელი და დამმარხველი.

– საქართველოზე, – ვკითხე ფარმაცევტს,

დოქტორ მერაბზე არა იცით რა?...

– რა გსურთ, მუსიე?...

გთხოვთ, ნუ გამაცდენთ!...

გაუგებარი კითხვა იწყინა.

– შენც არაფერი გაგიგონია,

დოქტორ მერაბზე, არა იცი რა?...

– არა ვიცი რა!... – შავმა გოგონამ

თეთრი კბილებით შემომციცინა.

შენი ამბავი ვერვინ მიამბო,

მოდი, შენ მაინც რამე მითხარი,

აქ „საქართველო“ ისე კიაფობს,

როგორც ქარაგმა წაუკითხავი.

...რა დაგემართათ... ყველა დიდ ქართველს

ჩვენი ცა მცირე რატომ გეგონათ,

სხვაგან რად ჰფენდით გონების ნათელს,

სხვას რად გაუხდით მხსნელად, მეგობრად...

როდესაც თქვენი მშობელი მიწა,

ითხოვდა შველას, ნაგვემი მკაცრად.

...ისევ იმ მიწამ არ დაგივიწყათ,

ისევ ჩვენ ვეძებთ თქვენს წაშლილ კვალსაც.

თუმც გაგვიგრძელდა ეს საუბარი,

ბარემ ბოლომდე ვთქვათ გულახდილად,

სხვისთვის რომ მოკვდე, ჭირისუფალი

ბოლოს ისევე შენი ხალხია.

...ღამდება, მიწა ცას ებჯინება,

თქორში ლანდები დააბოტებენ,

და დავიწყების მაჯლაჯუნებად

ზვირთებში სთვლემენ ბეჰემოტები.

მეც გეთხოვები... გატყობ, რომ ღელავ,

მაგრამ რა გიყო, მე რა გიშველო...

დოქტორო მერაბ, დოქტორო მერაბ,

ბატონო პეტრე მერაბიშვილო.

1968 წ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.  „უდე და მისი ეკლესია“ – ნუგარ პაპუაშვილი, 2021

2.  „წერილების სტამბოლის ქართული სავანიდან“ – ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, 2017

3.  „წერილების სტამბოლის ქართული სავანიდან“, ტომი II– ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, 2020

4.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

5.  Catholic.ge - კათოლიკე ეკელსიის მედია პორტალი


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page