top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, 'ჯვრის გზა' ახალი ხატები აკურთხეს

  • 3 hours ago
  • 1 min read

20 თებერვალს, ვატიკანში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართება ახალი „ჯვრის გზის“ (Via Crucis) კურთხევა. ნამუშევრის ავტორია ახალგაზრდა შვეიცარიელი ხელოვანი მანუელ ანდრეას დიური, რომელიც საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეირჩა (კონკურსში ათასზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა). კურთხევიდან ერთი საათის შემდეგ,  „ჯვრის გზის“ მსახურება აღევლინა.

 

ახალი „ჯვრის გზის“ კურთხევა, სპეციალურად, ბაზილიკის 400 წლისთავს დაუკავშირეს (1626-2026).

 

„ჯვრის გზის“ ესკიზების კონკურსი 2023 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მასში არ იყო  სქესის, ეროვნების, ასაკისა და აღმსარებლობის შეზღუდვა. კონკურსში მონაწილეობა ათასზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო.


კომისიამ, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების, ლიტურგისტებისა და ვატიკანის ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, კურიკულუმებისა და ფოტოალბომების საფუძველზე ჩატარებული პირველადი შერჩევის შემდეგ, თოთხმეტი ხელოვანი მიიწვია ორ-ორი ესკიზის წარსადგენად.


მათ შორის სავალდებულო იყო ერთი ესკიზი –  XII შეჩერება – „იესოს სიკვდილი ჯვარზე“. საფუძვლიანი შეფასების დასასრულს, დიურის (Dürr) წინადადება ერთხმად იქნა არჩეული კომპოზიციური წონასწორობისა და იმ გამომსახველობითი ძალის გამო, რომლითაც იგი საპასექო საიდუმლოს ინტერპრეტაციას ახდენს.


წმიდა პეტრეს ბაზილიკის სახელოსნოს ოსტატების მიერ ჩარჩოებში ჩასმული თოთხმეტივე შეჩერება, ცენტრალური ნავის გასწვრივ და სააღმსარებლოს გარშემო იქნება გამოფენილი, მთელი დიდმარხვის განმავლობაში, რათა მორწმუნეებსა და მომლოცველებს ლოცვაში დაეხმაროს.



ამ ახალი ჯვრის გზით ბაზილიკა ხელოვნებასა და ლიტურგიას შორის დიალოგს განახლების გზებს პოულობს. იგი საეკლესიო საკრებულოებსა და მომლოცველებს სთავაზობს თვალსაჩინო ნიშანს იმისა, თუ როგორ რჩება სილამაზე ჯვრის საიდუმლოს ჭვრეტის პრივილეგირებულ გზად.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page