top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პეტრე ტო როტი: პაპუა-ახალი გვინეის პირველი წმინდანი

  • 22 hours ago
  • 2 min read

პეტრე ტო როტი პირველი წმინდანია პაპუა-ახალი გვინეიდან. იგი იმ ოჯახიდან იყო, რომელიც ადგილობრივ ქრისტიანთა პირველ თაობას მიეკუთვნებოდა. ის იცავდა ქორწინების სიწმინდეს და ფარულად ეწეოდა სამწყსო საქმიანობას, რასაც, საბოლოოდ, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.



პეტრე ტო როტი 1912 წელს, კუნძულ ახალ ბრიტანეთზე, სოფელ რაკუნაიში დაიბადა. მისმა მშობლებმა ნათლობა XIX საუკუნის ბოლოს მიიღეს, თავად პეტრე კი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და წმინდა ავგუსტინეს მისიის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ მღვდლები მასში სამღვდელო მოწოდებას ხედავდნენ, მამამისი არ დათანხმდა მის სემინარიაში გაგზავნას. ამიტომ, პეტრე კატეხიზატორი, საერო მისიონერი და დამხმარე გახდა.


კატეხიზატორთა სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მან მსახურება მშობლიურ მხარეში დაიწყო. ბიბლიით ხელში, რომელსაც ხშირად ატარებდა და ციტირებდა, ის ატარებდა კატეხიზაციებს, მორწმუნეებს საიდუმლოებების მისაღებად ამზადებდა და თავის გარშემო ახალგაზრდებს იკრებდა.


ევანგელიზაცია პაპუა-ახალ გვინეაში, XX საუკუნის დასაწყისი
ევანგელიზაცია პაპუა-ახალ გვინეაში, XX საუკუნის დასაწყისი

1936 წელს პეტრე ტო როტიმ ცოლად შეირთო პაოლა ია ვარპიტი. წყვილს ბედნიერი ოჯახი ჰქონდა და სამი შვილი შეეძინათ. პეტრე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა პოლიგამიასა და განქორწინებას, რის გამოც, დროთა განმავლობაში ზოგიერთ ადგილობრივ ლიდერთან და საკუთარ ძმასთანაც კი კონფლიქტი ჰქონდა.


ვითარება დრამატულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ახალი ბრიტანეთი იაპონელებმა დაიკავეს. ოკუპანტებმა შეზღუდეს რელიგიური პრაქტიკა, აკრძალეს საჯარო სამლოცველო შეკრებები, დაანგრიეს ეკლესიები, ხოლო მისიონერები გააძევეს ან დახოცეს. პეტრე ტო როტი რეგიონში რწმენის ერთ-ერთ უმთავრეს მოწმედ დარჩა. მან ტყეში დროებითი სამლოცველო ააშენა, მალავდა ლიტურგიკულ ჭურჭელს, ატარებდა ლოცვებს, ნათლავდა ბავშვებსა და უფროსებს, ეხმარებოდა ღარიბებს და ეხმარებოდა დამაპიმრებულ სასულიეო პირებს.


იაპონიის ხელისუფლება, ქრისტიანობის გავლენის შესასუსტებლად, მხარს უჭერდა პოლიგამიის ლეგალიზაციას. პეტრე არ დანებდა. შემდგომი რელიგიური საქმიანობისა და ქრისტიანული ქორწინების დაცვის გამო, იგი დააპატიმრეს. 1945 წელს იგი მოხვდა ვუნაიარას ბანაკში, რაბაულთან ახლოს. იგი აწამეს და ბრალი დასდეს კატეხიზაციის ჩატარების, ლოცვების ორგანიზებისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგობის გაწევის გამო.


პეტრე ტო როტი სავარაუდოდ, 1945 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. მოწმობების თანახმად, იგი მოკლეს, თუმცა ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მალარიით გარდაიცვალა.


რაკუნაიში მის საფლავზე გაკეთდა წარწერა: „მოწამე რწმენისთვის“.


1995 წლის 17 იანვარს წმინდა იოანე პავლე II-მ პეტრე ტო როტი ნეტარად შერაცხა. ხოლო 2025 წლის 19 ოქტომბერს, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული წმინდა წირვის დროს, პაპმა ლეონ XIV-მ იგი წმინდანად შერაცხა.


შოთა გიქოშვილი

bottom of page