top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პირველად ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში – პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის ათი წლისთავი

3 minutes ago
2 min read

„რელიგია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მშვიდობისა და ძმობის სამსახურში უნდა იდგეს“, - ეს სიტყვები პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის და მათ უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა, არამედ იმიტომაც, რომ პაპი ფრანცისკე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თავად გახლდათ ამ სიტყვების ხორცშესხმული განსახიერება, ცოცხალი მაგალითი გულმოწყალებისა, შემწყნარებლობისა, ტოლერანტობისა და სამართლიანობისა.



2016 წლის 30 სექტემბრიდან ათმა წელმა განვლო, მაგრამ ეს თარიღი ყოველთვის დარჩება უმნიშვნელოვანეს დღედ ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, დღედ, როდესაც თბილისში წმ. მოწამის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას ეწვია მისი უწმიდესობა, პაპი ფრანცისკე. ეს ვიზიტი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო, რადგანაც, საუკუნეთა განმავლობაში, ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას პირველად ეწვია წმიდა პაპი და ეს არ გახლდათ მხოლოდ კონკრეტული ადგილობრივი კათოლიკური ტაძრისა და მრევლის მონახულება - ამ ვიზიტს ჭეშმარიტად უნივერსალური ხასიათი ჰქონდა. წმიდა პაპის პატივსაცემად, ბაღდადიდან (ერაყიდან) საქართველოში საგანგებოდ ჩამობრძანდა მისი უნეტარესობა, მაშინდელი ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქი მარ ლუის I საქო, წმიდა სინოდის თორმეტ წევრთან ერთად, და უამრავი მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სადაც კი არსებობს ჩვენი საკრებულოები: ამერიკიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ერაყიდან, ირანიდან, რათა პაპის მამობრივი ლოცვა მოესმინათ, პაპისა, რომელმაც აღავლინა ლოცვა მშვიდობისათვის ერაყსა და სირიაში, ლტოლვილთათვის, დევნილთა და ომის უდანაშაულო მსხვერპლთათვის იმ ეკლესიაში, რომლის მრევლის წინაპრებიც გასული საუკუნის დასაწყისში თავად იყვნენ დევნილები ქრისტიანული სარწმუნოების გამო; იმ ეკლესიაში, რომელიც 21-ე საუკუნეშიც შერაცხულია ტანჯულთა ეკლესიად. ეს იყო უდიდესი მამობრივი მზრუნველობის, სოლიდარობისა და ემპათიის გამოვლინება ჩაგრულთა მიმართ მთელ მსოფლიოში, მათი ტკივილისა და დარდის გაზიარება. ამაღელვებელი და ემოციური იყო წმიდა მამის მისალმება მრევლისადმი ჩვენთვის მშობლიურ, არამეულ ენაზე: „შლამა ამოხუნ“ (მშვიდობა თქვენდა), იმ ენაზე, რომელზეც ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ქადაგებდა. მრევლმა ძალზე თბილი შეხვედრა მოუწყო წმიდა მამას. დამსწრენი ვერ მალავდნენ სიხარულს, აღფრთოვანებას და საზეიმო შეძახილებით აცილებდნენ მას. სრულიად ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას და კონკრეტულად ჩვენს მრევლს ყოველთვის ემახსოვრება ეს დღე - დღე უდიდესი მამობრივი სიყვარულისა.


მადლობა, წმიდა მამაო, რომ იმ დღეს თქვენ იყავით ხმა ჩაგრულთა, ლტოლვილთა და უპოვართა. მადლობა ლოცვისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, ისტორიაში გაცოცხლებული სიყვარულისა და ზრუნვის კონკრეტული ჟესტისთვის. მშვიდად განისვენე, ჩვენო ძვირფასო პაპო ფრანცისკე! თქვენს ჭეშმარიტ და შთამაგონებელ ქრისტიანულ თვისებებთან ერთად, ყოველთვის გვემახსოვრებით, როგორც პაპი, რომელიც პირველად მობრძანდა ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.


წმ. წამებულის, მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია თბილისში

ჟურნალი "საბა"/2026, სექტემბერი

Comments


bottom of page