top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთი და მისი ეკლესია მჭიდრო კავშირშია „საქართველოს კარიტასთან“ – ვატიკანის ელჩი



26 მაისს, საქართველოს "კარიტასს" პოლონეთის პირველი ლედი, აგატა კორნჰაუსერ-დუდა ეწვია, რომელმაც კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გახსნა.


ცენტრი მიზნად ისახავს სხვადასხვა ჯგუფის მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ისეთი სასწავლო კურსების შეთავაზებას, როგორებიცაა: გრაფიკული დიზაიანი, პროგრამირება, მობილური აპლიკაციები და თამაშები. ყოველწლიურად სასწავლი ცენტრი 150 ახალგაზრდას გადაამზადებს, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კრეატიული ტექნოლოგიების პროგრამების მიმართულებით. ცენტრი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.


სასწავლო ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოს კარიტასის დირექტორი - ქ-ნი ანაჰით მხოიანი, პოლონეთის საელჩოსა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები, აგრეთვე სასწავლო ცენტრის პოტენციური ბენეფიციარები.


გახსნის ცერემონიაზე, ვატიკანის ელჩმა, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა პოლონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:


"თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პირველო ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდა, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტის, ამჟამად საქართველოში არმყოფი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოს სახელით, სიამოვნებით მოგესალმებით და გამოვხატავ სიხარულს „საქართველოს კარიტასში“ თქვენი სტუმრობის გამო.

პოლონეთი და მისი კათოლიკური ეკლესია მჭიდროდაა დაკავშირებული „საქართველოს კარიტასის“ საქმიანობასთან, რომელსაც ეს ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს მისი დირექტორის, ქ-ნ ანაჰიტ მხოიანის ქმედითი ხელმძღვანელობით.

თქვენი დღევანდელი ვიზიტი გარკვეულად ეხმიანება არაერთი დიდი პოლონელი მოღვაწის ამაგს საქართველოს წინაშე. მათ დიდად შეუწყვეს ხელი საქართველოს რელიგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებას. მათ შორის იყო მრავალი მღვდელი და ბერ-მონაზონი, რომლებიც თავდადებით იღვწოდნენ თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების იდეალების დასამკვიდრებლად საქართველოში. საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან გამოსული დიდი პოლონელი მოღვაწენი, კულტურისა და აკადემიური სფეროების ღირსეული მუშაკნი, სწორედ ქართულ მიწაზე ემსახურნენ თავიანთ რწმენასა და გულებში ჩანერგილ დიად ფასეულობებს.

თქვენო აღმატებულებავ, თავს ნებას მივცემ, საქართველოში თქვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩებს შორის მოვიხსენიო აქ თავდადებით მოღვაწე პოლონელი ბერ-მონაზონნი, რომლებიც, თავიანთი მშობლიური ქვეყნის მხარდაჭერით, მეტად მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ ამ მიწაზე.

„საქართველოს კარიტასიც“ ის მემკვიდრეობაა, რომელიც პოლონეთსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს „კათოლიკური სულისკვეთებით“. ქალბატონო პირველო ლედი, გვსურს დაგარწმუნოთ, რომ თანამშრომლობა პოლონეთსა და „კარიტასს“ შორის კვლავაც გაგრძელდება, გაჭირვებული ადამიანების სასიკეთოდ. გმადლობთ, ქალბატონო პირველო ლედი, თქვენი დღევანდელი ვიზიტისთვის „საქართველოს კარიტასში“– განმარტა ვატიკანის ელჩმა.


კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი მოსწავლეებს აგვისტოდან მიიღებს, ხოლო სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება.


catholic.ge
bottom of page