top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთში თავდამსხმელმა სასულიერო პირები დანით დაჭრა | შემხვევას მღვდლის სიცოცხლე ემსხვერპლა

2 minutes ago
2 min read

პოლონეთში, იაროსლავის ბენედიქტელ მონაზონთა სააბატოს ტერიტორიაზე, დანით შეიარაღებული 31 წლის მამაკაცი თავს დაესხა რამდენიმე ადამიანს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი – დაიჭრა.


შემთხვევა 24 სექტემბერს, დაახლოებით დილის 9:30 საათზე, იაროსლავის ბენედიქტელ მამათა სააბატოს ტერიტორიაზე მოხდა.


თავდასხმის დროს, ეკლესიიდან გამოვიდა მამა სტანისლავ ზბოინევიჩი, რომელმაც თავდამსხმელის შეჩერება და იქ მყოფი ადამიანების დაცვა სცადა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა გულ-მკერდისა და კისრის არეში. 72 წლის მღვდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


შემთხვევის შედეგად დაიჭრა ოთხი სასულიერო პირი, მათ შორის იყო 65 წლის მღვდელი, მარეკ პიენკოვსკი, რომელიც იაროსლავის სააბატოში ქრისტიანული კულტურისა და ფორმაციის ცენტრს ხელმძღვანელობს და წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სტანისლავის ეკლესიის რექტორია.


გავრცელებული ინფორმაციით, მამა მარეკი წმიდა წირვაზე მიდიოდა, როცა ეკლესიის მიმდებარედ სკამზე მჯდარი მამაკაცი დაინახა. მამაკაცი წამოდგა და მღვდელმა მას რაღაც უთხრა. ამის შემდეგ, მამაკაცმა მას დანა დაარტყა. ერთ-ერთი მოწმის, მონაზონ ბერნადეტა ლიპიანის თქმით, მღვდელს დანა არტერიასთან მოხვდა და დაეცა.


იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა.


დაჭრილთა შორის იყო კიდევ ერთი მღვდელი, მამა ადრიან მანტიკევიჩი, ასევე ორი საერო პირი, მათ შორის ქალი, რომელიც დაზარალებულთა დახმარებას ცდილობდა. მამა ადრიანი მოგვიანებით საავადმყოფოდან გაწერეს.


პოლიციამ ადგილზე დააკავა 31 წლის მამაკაცი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. მოტივი, რის გამოც იგი თავს დაესხა სასულიერო პირებს, უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


ზოგიერთი პოლონური წყარო წერს, რომ მამაკაცი გერმანიიდან უკრაინის მიმართულებით მიემგზავრებოდა და უკრაინის საზღვარზე პრობლემის გამო იაროსლავში აღმოჩნდა; ასევე ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა სააბატოს ტერიტორიაზე დახმარების მისაღებად მივიდა. თუმცა თავდასხმის ზუსტი მოტივი ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის.



თავდასხმის დროს გადარჩენილმა მღვდელმა მამა ადრიან მანტიკევიჩმა, რომელიც 27 სექტემბერს, თავდასხმის შემდეგ სააბატოში პირველ წირვას უძღვებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ თავდამსხმელს პატიობს, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მამა მარეკისა და გარდაცვლილი მამა სტანისლავის სახელით.


“გთხოვთ, ნუ დაადანაშაულებთ ერს, კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პიროვნებამ. ჩემი, მამა სტანისლავის და მამა მარეკის სახელით გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვპატიობთ დამნაშავეს. გთხოვთ, ილოცოთ ჩვენთვის, განსაკუთრებით გთხოვთ ილოცოთ ჩვენი თავდამსხმელისთვის. ლოცვა მას სჭირდება ყველაზე მეტად”, - თქვა მღვდელმა ადრიან მანტიკევიჩმა.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page