პორტუგალიელმა მინისტრმა ფატიმამდე 130 კმ ფეხით გაიარა – 'კათოლიკე ვარ და არ მეშინია ამის აღიარების'
პორტუგალიის მთავრობაში ინფრასტრუქტურისა და საბინაო მეურნეობის მინისტრმა, მიგელ პინტო ლუჟმა, ლისაბონიდან ფატიმამდე, 130 კილომეტრზე მეტი მომლოცველობის გზა ფეხით გაიარა. იგი ოჯახთან ერთად სავარდის ღვთისმშობლის სანქტუარიუმში ჩავიდა.

პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგროს მთავრობის შემადგენლობიდან არის, მომლიცველობის გზაზე მეუღლე და სამი შვილი წაიყვანა. როგორც თავად ამბობს, ამ რთული მომლოცველობის ერთ-ერთი მთავარი გმირი მისი ხუთი წლის ვაჟი, ანტონიო იყო.
მომლოცველობის დასასრულს მინისტრმა პინტო ლუჟმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გზად იყო როგორც სასიამოვნო მომენტები, ასევე დიდი დაღლილობაც.
„ეს არის გამოცდილება, რომლის ახსნაც რთულია მათთვის, ვისაც ეს არ განუცდია“, - დაწერა პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა და აღნიშნა, რომ „თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია რწმენის მოწმობის გაზიარება, ხოლო ტოლერანტობა არ ნიშნავს საკუთარი რელიგიური მრწამსის დამალვას“.
აი, რას წერს იგი:
"გუშინ ფატიმაში ჩავედით, ოთხდღიანი მომლოცველობის შემდეგ... ეს გზა ჩემს ოჯახთან და სხვა ოჯახებთან ერთად გავიარეთ.
ჩვენ შორის ყველაზე პატარა მხოლოდ ხუთი წლის იყო. ნამდვილი გმირი.
ეს იყო გზა, სავსე გაზიარებით, რწმენის მოწმობით, დიდი დაღლილობით, საუბრით, დუმილით, ერთმანეთის დახმარებითა და რწმენით. გამოცდილება, რომლის გადმოცემაც რთულია მათთვის, ვისაც თავად არ გამოუცდია.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ და პლურალისტურ საზოგადოებაში, სადაც ყველას თავისი რწმენა და რელიგია აქვს, ან, შესაძლოა, საერთოდ არ სწამს. ასეც უნდა იყოს –თავისუფლებით, ურთიერთპატივისცემითა და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობით.
მაგრამ შემწყნარებლობა არ ნიშნავს, რომ უნდა დავმალოთ ის, რისიც გვწამს. სხვათა იდენტობის პატივისცემისთვის საკუთარი იდენტობის წაშლა არ გვჭირდება.
მე კათოლიკე ვარ. ჩემს სარწმუნოებაში ბუნებრივად ვცხოვრობ – ისე, რომ არავის თავს არ ვახვევ და არც მისი ღიად გამოხატვის მეშინია.
ოთხი დღე. მრავალი კილომეტრი. და ფატიმაში ჩასვლა, რომელსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერასოდეს დაივიწყებს", – წერს მინისტრაი სოციალურ ქსელში.49 წლის პინტუ ლუში ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს და კომპიუტერული ქსელების მაგისტრის ხარისხს ფლობს. პოლიტიკური კარიერის დასაწყისიდან იგი ცენტრისტულ-მემარჯვენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) წევრია.
2022 წელს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ლუიშ მონტენეგრო გახდებოდა, პინტუ ლუში ლისაბონის მახლობლად მდებარე საკურორტო ქალაქ კაშკაიშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობდა. 2015 წელს კი მცირე ხნით ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.
შოთა გიქოშვილი





Comments