top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პრეზიდენტმა სტამბულის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ზაზაძე დააჯილდოვა



საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, ქართული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოსთვის მისი ხელმისაწვდომობის უანგაროდ უზრუნველყოფისათვის, ქართველი ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული თანადგომისთვის სტამბოლის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ზაზაძე ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლ ზაზაძესა და მის ოჯახს ქვეყნისა და ხალხისათვის მათი თავდადებული მოღვაწეობისა და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


,,ეს ჯილდო ძალიან სიმბოლურია, რადგან თქვენმა ოჯახმა ის იმ პერიოდიდან, დაიმსახურა, როცა სტამბულში დასახლდა და ქართული სავანეს მფარველი გახდა.

ეს სავანე რეალურად, სტამბულში საქართველოს საუნჯეს წარმოადგენს, სადაც უამრავი ხელნაწერი და წიგნია შენახული. სამწუხაროა, რომ დღემდე საქართველოს საზოგადოებამ არ იცის, რა ღირებულება ინახება იქ და რომ ეს თქვენი ოჯახის დამსახურებაა. რომ არ ყოფილიყო ზაზაძეების ოჯახი და მამათქვენი ალბათ, ეს ყველაფერი დაიკარგებოდა.


ეს ჯილდო რეალურად მამათქვენის და თქვენი, მთლიანი ოჯახის მოღვაწეობისთვის გადმოცემული ჯილდოა და იმის ნიშანია, რომ საქართველოს სახელმწიფო აფასებს ამ მოღვაწეობას, თქვენს წვლილს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული კათოლიკური ეკლესიის შენარჩუნებაში.


ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართული კათოლიკური ეკლესია ძალიან დიდი ნაწილია ჩვენი ისტორიისა და დღევანდელი დღისა. ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის მანძილზე ქართული კათოლიკური ეკლესია არსებობდა და არსებობს, ჩვენი მრავალფეროვნება და შემწყნარებლობა ამაშიც გამოიხატება. არ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნისა და კულტურის ეს ნაწილი დავივიწყოთ და არ მივანიჭოთ მას ის ადგილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყნაში.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით ეს ჯილდო გადმოგცეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პოლ ზაზაძემ, რომელიც სპეციალურად ამ სახელმწიფო ჯილდოს მისაღებად სტამბულიდან ჩამოვიდა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი ოჯახის სამი თაობის საქმიანობის დაფასებისათვის.


,,ჩემთვის დიდი პატივია მივიღო დღეს ეს უნიკალური ჯილდო, რომელიც გადმომეცა იმისათვის, რასაც უკვე სამი თაობაა ჩემი ოჯახი და ფონდი სტამბულში ქართულ-კათოლიკური ეკლესიისთვისა და ქართული საზოგადოებისთვის აკეთებს.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ავიღეთ - ამ რელიგიური და კულტურული, ჭეშმარიტად ქართული საგანძურის გადარჩენის, შენარჩუნებისა და გამდიდრების. და რადგანაც ჩვენ ქართველები ვართ გვინდა, რომ ამან საქართველოს სარგებელი მოუტანოს. მამაჩემისა და ბაბუაჩემის მოღვაწეობიდან მოყოლებული ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ საქართველოსთვის. მათ ეს ადგილი საკუთარი ოფლით, სისხლითა და გულით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს შესაძლებლობა იმ სასიამოვნო საქმეების კეთების, რაც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

ჩვენ ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს, დაახლოებით 80 000 წიგნით, დოკუმენტებით, სურათებითა და წერილებით, რომელიც გვინდა, რომ საქართველოს კულტურისთვისა და ისტორიისთვის სასარგებლო გავხადოთ. ასე რომ, ეს არის ჩვენი როლი, ამას ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის“, - აღნიშნა პოლ ზაზაძემ.



წყარო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

bottom of page