top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბეთლემში საშობაო ნაძვის ხე აინთო

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბეთლემში, იესოს შობის ქალაქში, კვლავ მასშტაბური საშობაო ღონისძიება გაიმართა და აინთო ნაძვის ხე, რომელიც ბოლო სამი წელია არ ანთებულა. საშობაო ღონისძიებებსა და ნაძვის ხის ანთების ცერემონიას ესწრებიან ქართველი კათოლიკე მღვდლები: მამა ბექა ჩილინგარაშვილი და მამა ლაშა მანუკიანი.

 

ფოტო: მამა ბექა ჩილინგარაშვილი
ფოტო: მამა ბექა ჩილინგარაშვილი

 

ბეთლემში, ქრისტეს შობის ქალაქში, ბოლო ხუთი წელია მასტაბური საშობაო  ღონისძიება არ გამართულა და სამი წელია საშობაო ნაძვის ხე არ ანთებულა.


2020–2022 წლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქალაქ ბეთლემში, საშობაო ღონისძიებები მოკრძალებულად აღინიშნებოდა. ამ წლებში აინთო საშობაო ნაძვის ხე, თუმცა მინიმალური ცერემონიით.  ქალაქს არ ჰყოლია ტურისტები, არ იყო საახალწლო ბაზრობები, კონცერტები თუ ტრადიციული მრავალრიცხოვანი ზეიმები.

რაც შეეხება 2023 – 2025 წლებს, ისრაელი–პალესტინის შეტაკებების გამო, ბეთლემში არ ანთებულა საშობაო ნაძვის ხე და არც საშობაო ღონისძიებები დაგეგმილა.


2023 წელს მედიები წერდნენ: „ბეთლემში წელს არ იქნება საშობაო ნაძვის ხე, რადგან იესოს დაბადების ტრადიციულ ადგილს ამჯერად ღაზას ომის ჩრდილი სდევს. ბეთლემს, რომელიც იერუსალიმის ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ესაზღვრება, წლების განმავლობაში ისრაელ–პალესტინის არაერთი დაპირისპირება გადაუტანია.

დღეს კი, ბევრ ადგილობრივს განსაკუთრებით აღელვებს ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც 50 კილომეტრით არის ჩვენგან დაშორებული“.


2024 წელს, კვლავ კონფლიქტის მიზეზით, ბეთლემმა შობა საშობაო ნაძვის ხის გარეშე აღნიშნა: „ბეთლემში უკვე მეორე წელია საშობაო განწყობა არ არის, ტურისტები პალესტინის ქალაქს ერიდებიან, ხოლო ღაზაში ომის გაგრძელების გამო ბევრი მაცხოვრებელი თავშესაფარს ეძებს. ბეთლემის შობის ეკლესიის წინ მდებარე მოედანი ძირითადად ცარიელია და მაღაზიები დაკეტილი. კიდევ ერთხელ, არ იგეგმება ტრადიციული განათებით მორთული საშობაო ნაძვის ხის დადგმა უძველეს დასახლებაში, რომელსაც ქრისტიანები იესოს დაბადების ადგილად მიიჩნევენ და ამჟამად ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს“...

ფოტოები მამა ბექა ჩილინგარაშვილი


2025 წელს, იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის თანხმობით, ადგილობრივმა მთავრობამ საშობაო ნაძვის ხისა და ღონისძიების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.


შობის ბაზილიკის წინ, ნაძვის ხის ანთების ცერემონია 6 დეკემბერს გაიმართა. ცერემონიას ბეთლემში მცხოვრებლების გარდა, მიმდებარე ქალაქებიდან და უცხო ქვეყნებიდანაც სტუმრობენ.


მათ შორის არიან ქართველი კათოლიკე მღვდლები: მამა ბექა ჩილინგარაშვილი და მამა ლაშა მანუკიანი. მათ უკვე აღავლინეს წმ. წირვა ბეთლემში ქრისტეს შობის ადგილას, ასევე ქრისტეს საფლავისა და აღდგომის ბაზილიკაში.


ცნობისთვის, საიუბილე 2025 წელს, საქართველოს კათოლიკე ეკლესიიდან წმიდა მიწაზე მიმლოცველობა მოეწყო. წმიდა ადგილები კათოლიკე სასულიერო და საერო პირებმა მოინახულეს.


თაკო ფეიქრიშვილი 

Comments


bottom of page