რას ამბობს პაპის პირველი ენციკლიკა ხელოვნური ინტელექტის შესახებ
- 2 minutes ago
- 7 min read
პაპ ლეონ XIV-ს პირველი ენციკლიკა „Magnifica humanitas“ ეხება ეკლესიის სოციალურ მოძღვრებას, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. დოკუმენტი წარმოადგენს მოწოდებას „დავიცვათ კაცობრიობა, რომელშიც ღმერთი და ადამიანი ერთად სახლობს“, ჭეშმარიტების, შრომის ღირსების, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ხელშეწყობის გზით. ციფრულ ეპოქაში აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის განაიარაღება და „სამართლიანი ომის“ თეორიის გადალახვა, დიალოგისა და მრავალმხრივობის გაცოცხლებით.

„ღვთის მიერ შექმნილი კაცობრიობა დღეს გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას - აღმართოს ახალი ბაბილონის გოდოლი თუ ააშენოს ქალაქი, რომელშიც ღმერთი და ადამიანი ერთად სახლობს“. ლეონ XIV-ის პირველი ენციკლიკის, სახელწოდებით „Magnifica humanitas ადამიანზე ზრუნვის შესახებ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ – პირველივე სიტყვებიდან ლაკონურად გამოხატავს მის ძირითად მოძღვრებასა და მიზანს.
2026 წლის 25 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს წმიდა მამამ ხელი 15 მაისს მოაწერა. აღსანიშნავია, რომ თარიღი ემთხვევა პაპ ლეონ XIII-ის მიერ გამოცემული ენციკლიკის „Rerum Novarum“-ის 135–ე წლისთავს. თავისი წინამორბედის მსგავსად, ლეონ XIV-მ დაწერა სოციალური ენციკლიკა, რომელიც ეძღვნება თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.
ხუთ თავად დაყოფილი დოკუმენტი – „Magnifica humanitas“ ეფუძნება იმას, რომ ტექნოლოგია არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „ადამიანის პიროვნების საპირისპირო ძალა“, რადგან „ის თავისთავად არ არის ბოროტება“. „თუმცა, ის არც ნეიტრალურია, ვინაიდან იღებს იმათ სახეს, ვინც მას აპროექტებს, აფინანსებს, არეგულირებს და იყენებს“. აქედან გამომდინარეობს პაპის მოწოდება – „ვაშენოთ სიკეთის საძირკველზე“ და „დავრჩეთ ადამიანებად“, ვიხელმძღვანელოთ გაბედული თანამონაწილეობისა და ერთობის ლოგიკით.
ეკლესიის სოციალური მოძღვრება
პირველი თავი – „დინამიკური და სახარებისეული აზროვნება“ უბრუნდება ეკლესიის სოციალურ მოძღვრებას და ეყრდნობა როგორც საეკლესიო სწავლების უახლეს დოკუმენტებს, ისე ვატიკანის II კრების მემკვიდრეობას. ამასთანავე, იგი ხაზს უსვამს მის „დინამიკურ ხასიათს“. ეკლესიის სოციალური მოძღვრება ხომ არ არის „გამოსაყენებელი პრინციპებისა და ნორმების კრებული“, არამედ უფრო მეტად „ისტორიაში თანაზიარების თეოლოგიაა“, რომელიც მიმართულებას აძლევს მოვლენების ინტერპრეტაციას სახარების შუქზე.
მეორე თავში პაპი წარმოადგენს „ეკლესიის სოციალური მოძღვრების საფუძვლებსა და პრინციპებს“. ფუნდამენტურ საფუძვლებს შორის ის ასახელებს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის პიროვნულ ღირსებასა და ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობას, მათ შორის სიცოცხლის უფლებას „ჩასახვიდან ბუნებრივ აღსასრულამდე“; უმცირესობათა უფლებების აღიარებას, განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე, რათა ისინი ნამდვილად იყვნენ შესმენილნი და დაფასებულნი.
დაუშვებელია ერის დაქვემდებარება
ლეონ XIV ასახელებს ეკლესიის სოციალური მოძღვრების ხუთ პრინციპს. პირველი მათგანია საერთო სიკეთე „თითოეულ ადამიანში აღიარებული ღირსების სოციალური ფორმა“. ერთ საკითხში პაპი განსაკუთრებით კატეგორიულია: „საერთო სიკეთის ხელშეწყობა ვერასოდეს იქნება განცალკევებული ხალხთა არსებობის უფლების, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და ერთა ოჯახში საკუთარი უნიკალურობის შეტანის პატივისცემისგან. ნებისმიერი მცდელობა ან გეგმა რომელიმე ერის განადგურებისა ან დამორჩილების შესახებ, ღრმად ამორალურია და, შესაბამისად, მიუღებელი“.
ტექნოლოგია არ არის მხოლოდ ზოგიერთებისათვის
მეორე პრინციპი ეხება სიკეთეთა საყოველთაო დანიშნულებას. როგორც ამ ადგილას, ისე ენციკლიკის სხვა ფრაგმენტებშიც, ლეონ XIV ხაზს უსვამს იმ სიტუაციის თავიდან არიდების აუცილებლობას, რომელშიც ტექნოლოგიები მცირედთა ხელში კონცენტრირდება და ამით კიდევ უფრო ღრმავდება უფსკრული მათ შორის, „ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ციფრულ რევოლუციაში, და მათ შორის, ვინც მის მიღმა რჩება“.
აქედან გამომდინარეობს მესამე და მეოთხე პრინციპი, კერძოდ: სუბსიდიურობის პრინციპი, რომელიც კერძო ინტერესებისა და მზრუნველობის დაძლევას მოითხოვს თანაპასუხისმგებლობის სასარგებლოდ, და სოლიდარობის პრინციპი.
სოციალური სამართლიანობა
ეკლესიის სოციალური მოძღვრების მეხუთე პრინციპი სოციალური სამართლიანობაა. ციფრულ ეპოქაში მან ყველასთვის შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს, დაიცვას ყველაზე სუსტები, დაუპირისპირდეს სიძულვილსა და დეზინფორმაციას და ტექნოლოგიების გამოყენება საზოგადოებრივ კონტროლს დაუქვემდებაროს.
ლეონ XIV მიგრანტების მდგომარეობას ამ სფეროში „სამართლიანობის ერთ-ერთ გადამწყვეტ გამოცდად“ მიიჩნევს: „გზა, რომლითაც საზოგადოება მათ ეპყრობა, აჩვენებს, სამართლიანობის მისეული გაგება შიშს ეფუძნება თუ ძმობას“.
აქედან გამომდინარეობს მოწოდება იმ ადამიანების “იმედის უფლების“ დაცვისაკენ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო; მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიგრაციის უსაფრთხო და ლეგალური გზები, ღირსეული მიღება და ინტეგრაცია. ამავდროულად, მიგრაციის ღრმა მიზეზების აღმოფხვრის გზით, ხელი უნდა შეეწყოს თითოეული ადამიანის საკუთარ მიწაზე დარჩენის უფლებას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. პაპს სურს, რომ ეს ხუთი პრინციპი ეკლესიაზეც გავრცელდეს.
ხელოვნური ინტელექტის ეთიკის კოდექსი
მესამე თავი, სათაურით „ტექნოლოგია და ბატონობა. ადამიანის პიროვნების სიდიადე ხელოვნური ინტელექტის დაპირებების წინაშე“, ხაზს უსვამს, რომ ხელოვნურ ინტელექტს სათანადო სიფხიზლით უნდა მივუდგეთ. აუცილებელია პასუხისმგებლობის მკაფიო განსაზღვრა მისი განვითარებისა და გამოყენების თითოეულ ეტაპზე, ხოლო მისი დანერგვა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის პოლიტიკას, სამართლებრივ ჩარჩოებს, დამოუკიდებელ ზედამხედველობასა და მომხმარებელთა განათლებას.
ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეთიკის კოდექსს, რომელიც ეფუძნება სოციალური სამართლიანობის საერთო კრიტერიუმებს, ვინაიდან „არ კმარა, ხელოვნური ინტელექტი იყოს უფრო მორალური, თუკი ამ მორალს მცირედნი განსაზღვრავენ“. ამავდროულად, ყურადღება გამახვილებულია ახალი ტექნოლოგიების გავლენათა გარემოზე, რადგან ისინი საჭიროებენ დიდი რაოდენობით ენერგიასა და წყალს, რითაც ზემოქმედებას ახდენენ სამყაროზე.
ხელოვნური ინტელექტის განიარაღება
„ხელოვნური ინტელექტის განიარაღება ნიშნავს მის გამოგლეჯას შეიარაღებული მეტოქეობის ლოგიკიდან, რომელიც დღეს აღარ არის მხოლოდ სამხედრო ხასიათის, არამედ ეკონომიკური და შემეცნებითიც. განიარაღება ნიშნავს ტექნოლოგიურ ძალაუფლებასა და მართვის უფლებას შორის არსებული ამ გატოლების დარღვევას. განაიარაღება არ ნიშნავს ტექნოლოგიაზე უარის თქმას, არამედ იმის დაუშვებლობას, რომ მან იბატონოს იმაზე, რაც ადამიანურია“, – განაგრძობს პაპი.
ენციკლიკაში დიდი ადგილი ეთმობა ტრანსჰუმანიზმისა და პოსტჰუმანიზმის კრიტიკას, რომლებიც პროგრესს ადამიანური შეზღუდვების გადალახვად განმარტავს. არადა, შეზღუდვა არ არის ნაკლი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, არამედ პიროვნების კონსტიტუციური განზომილებაა, რადგან სწორედ სისუსტესა და სასრულობაში მწიფდება ურთიერთობა და ღიაობა ღმერთისა და მეორე ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიის განვითარება ადამიანური შეზღუდვების აღმოფხვრის გზით, სულის დაცემას ნიშნავს.
„კაცობრიობა - ვერც აღზევებული და ვერც დაცემული ვერ ჩანაცვლდება. ტექნოლოგიას შეუძლია შეამსუბუქოს ტანჯვა და გახსნას ახალი შესაძლებლობები, მაგრამ მას არ შეუძლია უარყოს ის, რაც ადამიანურობისთვისაა დამახასიათებელი: „ურთიერთობისა და სიყვარულის უნარი“. ხელოვნური ინტელექტის წინაშე რეალური არჩევანი მდგომარეობს არა ენთუზიაზმსა და შიშს შორის, არამედ პროგრესის შენების ორ გზას შორის. - პიროვნებისა და ხალხების სამსახურში, თუ ძალაუფლების ლოგიკის სამსახურში.
კომუნიკაციის ეკოლოგია
ენციკლიკის მეოთხე თავი – „ადამიანურობის დაცვა ცვლილებებს შორის. ჭეშმარიტება, შრომა, თავისუფლება“ – საუბრობს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ „კომუნიკაციის ეკოლოგიაზე“.
პაპი მოუწოდებს შინაარსის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისაკენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვისაკენ, არგუმენტაციასა და გადამოწმებაზე დაფუძნებული კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისაკენ, ხელოვნური ინტელექტის სათანადო და კრიტიკული გამოყენების ცნობიერების განვითარებისა და ცოდნის ინტეგრაციისაკენ. ეკლესიასაც მართებს გამჭვირვალე და პატიოსანი კომუნიკაცია, განსაკუთრებით უსამართლობისა და ძალადობის სიტუაციებში.
ამ გზავნილის მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოწოდება განახლებული საგანმანათლებლო ალიანსისაკენ, რათა ახალგაზრდებში არ ჩაქრეს „კითხვების დასმის სურვილი“ სულ უფრო სრულყოფილი მანქანების გავლენით, რომლებიც ადამიანის აზროვნებას თითქოს უსარგებლოს ხდიან. ამ კონტექსტში ლეონ XIV ხაზს უსვამს სკოლის როლს, როგორც ადგილს, სადაც ადამიანი სწავლობს „ჭეშმარიტების ძიებასა და სიყვარულს“.
შრომა და მისი ღირსება
„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის“ კონტექსტში, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს, პაპი ხაზს უსვამს შრომის ღირსების დაცვის მნიშვნელობას ისეთი სისტემების შექმნის გზით, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანზე და არა მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებლურობაზე (ეფექტურობაზე). ტექნოლოგიას მართლაც შეუძლია გაათავისუფლოს ადამიანი მძიმე და ერთფეროვანი ამოცანებისგან, თუმცა მან არ უნდა გამოიწვიოს უმუშევრობა ხარჯების შემცირებისა და მოგების მაქსიმიზაციის სახელით. ამასთან დაკავშირებით, ლეონ XIV ასევე მიუთითებს პროფკავშირული მოძრაობის განახლების საჭიროებაზე.
მონობისა და კოლონიალიზმის ახალი ფორმები
ხელოვნური ინტელექტი ასევე შობს დამონების ახალ ფორმებს, მაგალითად, ისეთ მონობას, რომელსაც მივყავართ ტექნოლოგიებისთვის აუცილებელი „იშვიათი ლითონების“ მოპოვებაზე მომუშავე პირების ნაიარევით დაფარულ, დასახიჩრებულ და განადგურებულ სხეულებამდე. აქედან გამომდინარე, მონობის ახალ ფორმებთან ბრძოლა წარმოადგენს ეთიკური გარჩევის კიდევ ერთ გამოცდას ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში. ლეონ XIV ხაზს უსვამს, რომ ეკლესია კვლავ მკაცრად გმობს მონობის ყოველგვარ ფორმას, ადამიანებით ვაჭრობასა და პიროვნებების ნივთად ქცევას. ამავდროულად, პაპი გულწრფელად ითხოვს შენდობას იმ დაგვიანებისთვის, რომლითაც ეკლესიამ წარსულში დაგმო „მონობის ჭირი“.
ენციკლიკა ასევე ეხება ძალაუფლების ახალ რესურსებს, ანუ საკვანძო ინფორმაციას – მაგალითად, ჯანმრთელობისა და დემოგრაფიის შესახებ, რომელიც ეკონომიკური სტრატეგიების სამართავად გამოიყენება. ეს არის კოლონიალიზმის აქამდე უცნობი სახე, რომელიც პირად ცხოვრებას გამოსაყენებელ ინფორმაციად გარდაქმნის და ციფრულ გარემოს მტაცებლობის სივრცედ აქცევს.
მშვიდობა და განვითარება
ამიტომ პაპი ყურადღებას ამახვილებს აუცილებლობაზე, უარი ითქვას მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) გამოყენებაზე, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ საზომზე, და ამის ნაცვლად აქცენტი გაკეთდეს შრომის ღირსებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, უთანასწორობის შემცირებასა და გარემოს დაცვაზე. რადგან ფინანსები, რომლებიც მხოლოდ ფინანსებისთვის არსებობს, განსხვავდება განვითარების სამსახურში მყოფი ფინანსებისგან (159–160).
წმინდა პავლე VI-ის კვალდაკვალ ხაზგასმულია მშვიდობასა და განვითარებას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან, გამოითქმის იმედი საერთაშორისო თანამშრომლობისა, რომელსაც შეეძლება საერთო სტრატეგიების განსაზღვრა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ქვეყნების და ჯგუფების სასარგებლოდ, რადგან კეთილდღეობა მშვიდობას უწყობს ხელს „მხოლოდ მაშინ, როცა ის საყოველთაო, ინკლუზიური და მდგრადია“.
ენციკლიკა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია კაცისა და ქალის მყარ კავშირზე. ოჯახი აღწერილია როგორც „საზოგადოების ძირითადი სიკეთე“, „ყოველი ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი და შეუცვლელი უჯრედი“. მას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს შრომითი პოლიტიკის საშუალებითაც, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურობასა და ადამიანურ ცხოვრების რიტმს და ამ გზით იცავს საზოგადოების უნარს — „ააშენოს მომავალი“.
„ცნობადობის არქიტექტურა“
შემდეგ ენციკლიკა ადამიანის თავისუფლების საკითხს ეხება. იმ ეპოქაში, როდესაც ციფრული პლატფორმები ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლის ყურადღება მთლიანად შთანთქას და მისი სისუსტეები გამოიყენოს, აუცილებელია თითოეული ადამიანის შინაგანი თავისუფლების გაძლიერება.
ეს ასევე ნიშნავს სოციალური კონტროლის საფრთხის წინააღმდეგ დგომას, რომელიც მონაცემების მასობრივ შეგროვებასა და ალგორითმული სისტემების გამოყენებას უკავშირდება. პროფილირება, ქცევის წინასწარმეტყველება და მიმართულების მიცემა წარმოადგენს „ახალ ძალაუფლებას“, რომელმაც შესაძლოა ყველაზე სუსტი ადამიანების დისკრიმინაცია გამოიწვიოს.
პაპი განსაკუთრებით გამოთქვამს შეშფოთებას „ცნობადობის არქიტექტურის“ გამო, რომელიც მხოლოდ ხილულს აძლიერებს და ამ გზით საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს.
„სამართლიანი ომის“ თეორიის გადალახვა
მეხუთე თავში „ძალაუფლების კულტურა და სიყვარულის ცივილიზაციაზეა“ საუბარი. ლეონ XIV ომის თემას ეხება. იგი აღნიშნავს, რომ ციფრული რევოლუცია ცვლის კონფლიქტების წარმოების წესს. ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის გარეშე, ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სულ უფრო უპიროვნო გახდება, ხოლო ძალის გამოყენება აღიქმება როგორც მყისიერი და გამოსაყენებელი ვარიანტი ამ მოვლენების საფუძველში დევს ძალაუფლების კულტურა, რომელიც ახდენს ომის ნორმალიზებას, მის რეაბილიტაციას საერთაშორისო პოლიტიკის ინსტრუმენტად და ხელს უწყობს ხელახალ შეიარაღებას.
დღევანდელ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს ასევე მედიის პოლარიზებადი ნარატივები და ისტორიული მეხსიერების დაკარგვა, რაც გვაკარგვინებს გრძელვადიან პერსპექტივას. შედეგად, მშვიდობა დღეს აღიქმება არა როგორც შესასრულებელი ამოცანა, არამედ როგორც უბრალო შესვენება კონფლიქტებს შორის. სწორედ ამიტომ, ლეონ XIV ხაზს უსვამს, რომ ამ სიტყვის ყველაზე ვიწრო გაგებით თავდაცვის უფლების გათვალისწინებით უნდა უარვყოთ „სამართლიანი ომის“ თეორია და მის ნაცვლად ხელი შევუწყოთ დიალოგს, დიპლომატიასა და პატიებას.
არცერთი ალგორითმი არ აქცევს ომს მორალურად მისაღებად
პაპმა დაგმო სამხედრო მრეწველობის განვითარება, ბირთვული შეიარაღებისაკენ რბოლა და ახალი შეიარაღებული სუბიექტების, მათ შორის ჯიჰადისტური დაჯგუფებების გამოჩენა, რომელთა მიზანია კონფლიქტების შენარჩუნება, როგორც ძალაუფლებისა და შემოსავლის წყარო.
მან ასევე მკაფიოდ გააფრთხილა მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული იარაღის გამოყენების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს არცერთი ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ომი მორალურად დასაშვებად აქციოს.
ამის გამო, აუცილებელია მკაცრი ეთიკური შეზღუდვების დაწესება, რომლებიც შეთანხმებული იქნება საერთაშორისო დონეზე და დაეფუძნება პერსონალური პასუხისმგებლობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის პრინციპს, ვინაიდან ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მინდობა არ შეიძლება ავტონომიური სისტემებისთვის, რომლებსაც მორალური შეფასების უნარი არ გააჩნიათ. ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც აადვილებს დარტყმის მიყენებას მეორე ადამიანის სახის დანახვის გარეშე, დაბლა სწევს კონფლიქტის მორალურ ზღვარს.
მრავალმხრივობის კრიზისი
ძალაუფლების კულტურა ასევე გამომდინარეობს მრავალმხრივობის კრიზისის, უწესრიგო და კონფლიქტური მრავალპოლუსიანობის გაჩენიდან. სამართლის ძალა იცვლება ძლიერის სამართლით; ძალაუფლების ლოგიკა სჭარბობს მშვიდობის შენებას, ხოლო ხალხთა საერთო ბედის დასაცავად შექმნილი ინსტიტუტები დღეს დასუსტებულია. ამ კონტექსტში პაპი იმედს გამოთქვამს, რომ გაერო განახორციელებს მყისიერ რეფორმებს, რომლებიც გადალახავს ღირებულებათა ამჟამინდელ კრიზისს საერთო სიკეთის სასარგებლოდ.
სიყვარულის ცივილიზაცია
ქრისტიანი მოწოდებულია დაუპირისპირდეს ძალაუფლების კულტურას „სიყვარულის ცივილიზაციის“ მშენებლობით და გააკეთოს არჩევანი: გააღვივოს ძალის ლოგიკა თუ დაიცვას მშვიდობა.
პაპი მიუთითებს „პასუხისმგებლობის ხუთ გზაზე“:
– სიტყვების განიარაღება სიმართლის თქმით;
– მშვიდობის შენება სამართლიანობაში;
– მსხვერპლთა პერსპექტივის მიღება და პოზიციის დაკავება, რადგან „არსებობს კონფლიქტები, რომელთა მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება დაუშვებელია“ ;
– „ჯანსაღი რეალიზმის“ განვითარება, რომელიც მშვიდობის რეალურ გზებს ეძებს არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ ქმედებებშიც;
– დიალოგის გაცოცხლება და ძალაუფლების კულტურიდან მოლაპარაკების კულტურაზე გადასვლა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე „რელიგიათაშორის დიალოგს“, რომელსაც მშვიდობის გზავნილი მოაქვს:
„ვინც ღვთის სახელს იყენებს ტერორიზმის, ძალადობის ან ომის გასამართლებლად, ის ღვთის სახეს ღალატობს: რელიგიის სახელით ბრძოლა სინამდვილეში თავად რელიგიაზე თავდასხმას ნიშნავს“ — აფრთხილებს ლეო XIV.
დიდებული კაცობრიობა
ენციკლიკის დასასრულს, პაპი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ახალი ტექნოლოგიების სამყაროში სახარების შუქით იხელმძღვანელონ და აირჩიონ ქრისტიანული ცხოვრების გარკვეული წესი: თავდაჭერილი და მომთხოვნი. რათა ყველამ შევძლოთ იმ დიდებული კაცობრიობის მშვენიერების მოწმობა, რომელშიც ღმერთი მკვიდრობს.
შოთა გიქოშვილი





Comments