top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ აღვნიშნავთ ამ წელს ხარებას 8 აპრილს, 25 მარტის ნაცვლად

2024 წლის ლიტურგიული კალენდრის მიხედვით, კათოლიკე ეკლესიაში ამ წელს უფლის ხარების დიდდღესასწაული 8 აპრილს აღინიშნება. ამ ფაქტმა მორწმუნეებში გაურკვევლობა გამოიწვია, ვინაიდან, ხარება უძრავი დღესასწაულია და ეკლესია მას წესისამებრ 25 მარტს აღნიშნავს.



როგორც Catholic.ge–სთან მღვდელმსახური მამა პაატა ქომოშვილი ამბობს, ამ მხრივ მიმდინარე წელი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგანაც 2024 წელს, 25 მარტი ანუ დღე, როცა ტრადიციულად აღვნიშნავთ ხარების დღესასწაულს, დიდ ანუ წმინდა კვირის ორშაბათს ემთხვევა. შესაბამისად, შეუძლებელია ერთსა და იმავე დღეს მორწმუნემ იფიქროს, როგორც უფლის ხარებაზე, ასევე მის ვნებაზე.


„ვინაიდან ხარება უფლის დიდდღესასწულია, თუ ის ემთხვევა წმინდა კვირაში ანუ ბზობიდან აღდგომამდე პერიოდში, ამ შემთხვევაში ვერ აღინიშნება 25 მარტს. რადგანაც ეს დღეები [წმინდა კვირის] განსაკუთრებული დღეებია და ლიტურგიულად უპირატესი.

შესაბამისად, ხდება ხარების დღესასწაულის გადატანა. ასეთი დამთხვევები იშვიათად ხდება და წელსაც ასე მოუწია. ამიტომაც დღესასწაული გადატანილია მთელი ამ პერიოდის [დიდმარხვისა და წმინდა კვირის] მიღმა და მერე აღინიშნება სასიხარულო დროს. წელს, რადგანაც 25 მარტი ემთხვევა ვნების ანუ წმინდა ორშაბათს, ხარება ვერ აღინიშნება, რადგანაც ამ ორშაბათს უფლის ვნებასა და სიკვდილზე ვფიქრობთ. ასევე ვერ აღინიშნება პასექის მსგეფსში (8 დღიანი პერიოდი აღდგომიდან) ამიტომაც გადის პასექის მსგეფსის მიღმა და გამოდის 8 აპრილი“, – განმარტავს მამა პაატა ქომოშვილი.


მისივე თქმით, ლიტურგიული აღნიშვნები, დღესასწაულების უპირატესობები და სხვა მსგავსი საკითხები რეგულირდება სპეციალური წესებითა და ნორმებით, რომლებიც გაწერილია კონდაკში (ლიტურგიკული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია წირვის წესი).



ლიტურგიული წესები და პრინციპები მოცემულია ყოველ ლიტურგიულ წიგნში. წიგნს შესავალში აქვს თეოლოგიური განმარტებაც და ასევე პრინციპები და ნორმები, თუ როგორ უნდა იქნას რეგულირებული ესა თუ ის საკითხი. თეოლოგიური შესავლის შემდეგ, კონდაკში არსებობს გვერდი, სადაც არის ზოგადი ნორმები ლიტურგიული წლისა და კალენდრის წესდებისათვის. აქ მოცემულია მასალა ლიტურგიული კალენდრის შესახებ და ასევე  ცხრილი დღესასწაულთა უპირატესობის მიხედვით. ამ წესების შესაბამისად, ლიტურგიული აღნიშვნები იყოფა: დიდდღესასწაულებად, დღესასწაულებად, მოხსენიებებად და ნებაყოფლობით მოხსენიებებად.  თუმცა პირველი დღესასწაული ეს არის უფლის დღე, ანუ როცა აღინიშნება უფლის პასექი - აღდგომა და შესაბამისად, ამიტომაც ყოველთვის უპირატესობა აქვს კვირა დღეს. ასეა ასევე განსაკუთრებული ჟამების დროსაც, მაგალითად: პასექის, შობის, დიდმარხვის და ა.შ.

რაც შეეხება თავად უპირატესობას, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჟამია და რომელი დღეებია, ასე ნაწილდება: უმთავრესია დიდი სამდღეული, ვნების კვირა და შემდეგ მოჰყვება დანარჩენი დიდდღესასწაულები“, – ამბობს მამა პაატა.


ხარების დღესასწაული 8 აპრილს მხოლოდ წელს აღინიშნება, მომდევნო წლებისათვის დღესასწაულის თარიღად კვლავ 25 მარტი რჩება (თუ რა თქმა უნდა, კვლავ არ დაემთხვევა წმინდა კვირას).


ცნობისთვის, 2024 წელს, კათოლიკე ეკლესიაში უფლის აღდგომის დღესასწაული 31 მარტს აღინიშნება.


თაკო ფეიქრიშვილი

 

 


 

bottom of page