რატომ ვზეიმობთ 2 თებერვალს ბერ-მონაზონთა დღეს
- catholic.ge

- 1 day ago
- 3 min read
2 თებერვალს, უფლის ტაძრად წარდგენის (მირქმა) დღესასწაულზე, აღინიშნება ბერ-მონაზონთა დღეც. ეს ჩვეულება, 1997 წელს, წმიდა პაპმა იოანე პავლე II-მ დააწესა. საინტერესოა, რა იყო მისი განზრახვა?

დაბადებიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესო მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა ღვთისთვის შეეწირათ (მიეძღვნათ). ამ დღეს, იესო შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც მის ხილვას მოუთმენლად ელოდნენ. სიმეონმა, სულიწმინდით აღვსილმა, წარმოთქვა: “ნათელი წარმართთა გასანათებლად”. მან ამ სიტყვებში იწინასწარმეტყველა იესოს სრული მსხვერპლშეწირვა ჯვარზე და მისი გამარჯვება სიკვდილზე (ლუკ.2.25-35).
ამრიგად, ღვთის სახლში, ამ დღეს გაცხადდება მამის მიერ კურთხეული, რომელიც მოვიდა ქვეყნიერებაზე ყველა ადამიანის ცხონებისთვის. ხოლო მარიამი, მისი დედა, უერთდება მას იმავე მსხვერპლში.
იესოს ტაძრად წარდგენა ასევე არის ღვთისადმი სრულად მიძღვნის ნათელი ნიშანი და მაგალითი ყველასთვის, ვისაც სურს გავლოს თავისი გზა უფლისადმი ცხოვრების მიძღვნით. ღვთისმშობლის მიერ ყრმის ტაძრად მიყვანა კი, ძალიან კარგად გამოხატავს ეკლესიის დამოკიდებულებას, რომელიც აგრძელებს თავისი ქალიშვილებისა და ვაჟების მამისადმი მიძღვნას, აერთიანებს მათ ქრისტეს ერთადერთ მსხვერპლთან - ეკლესიაში.
წმიდა პაპ იოანე პავლე II-ს სურდა, ბერ-მონაზონთა დღის აღნიშვნით, შეეკრიბა ბერ-მონაზვნები სხვა მორწმუნეებთან, „რათა ერთად ეზეიმათ ღვთის დიდი საქმეები, რომლებსაც უფალი აღასრულებს ამდენ ვაჟსა და ქალიშვილში“ (წმინდა იოანე პავლე II, ბერ-მონაზონთა დღის დადგინების პირველი ქადაგება, 1997 წელი). უფრო მეტიც, მას სურდა, რომ ამ დღესასწაულს ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ღვთის წმიდა ხალხის მოწოდებაა სრულად მიუძღვნან მას თავი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბერ-მონაზონთა დღის აღნიშვნა? წმიდა იოანე პავლე II მინიმუმ სამ მიზეზს ასახელებდა:
მადლიერების გამოხატვა ბერ-მონაზონთა ცხოვრებისათვის;
“პირველ რიგში, ეს პასუხობს შინაგან მოთხოვნილებას, უფრო საზეიმოდ განვადიდოთ უფალი და მადლობა გადავუხადოთ მას ბერ-მონაზონთა დიდი მადლისათვის“ (წმიდა იოანე პავლე II 1997 წელი).
ისევე, როგორც მამისადმი მორჩილებითა და თავდადებით იესო გვეუბნება თუ რამდენად ახლოს არის ღმერთი ჩვენთან, ასევე ბერ-მონაზვნები, რომლებიც სრულად ეკუთვნიან ერთ უფალს, მათი ცხოვრების წესი და მოღვაწეობა, სხვებისადმი მათი თავდადება, წარმოადგენს ნათელ ნიშანს – ღვთის მყოფობის ძლიერ გაცხადებას დღევანდელ სამყაროში. ეს არის უპირველესი მსახურება, რომელსაც ბერ-მონაზვნები სთავაზობენ ეკლესიასა და მსოფლიოს.
ბერ-მონაზვნები ღვთის ხალხში არიან მცველებივით, რომლებიც ამოიცნობენ ადამიანებს და აუწყებენ ახალ ცხოვრებას, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ისტორიაში“, - თქვა ბენედიქტე XVI-მ, 2006 წლის 2 თებერვალს.
ცოდნა ბერ-მონაზონთა შესახებ;
„ბერ-მონაზონთა დღის მიზანია ხელი შეუწყოს ცხოვრების ამ ფორმის შესახებ ცოდნის გავრცელებას და მის მიმართ პატივისცემის გაღრმავებას, ღვთის ხალხის მხრიდან, ეპისკოპოსებიდან მღვდლებამდე, ერისკაცებიდან ბერ-მონაზვნებამდე“, - წმინდა იოანე პავლე II, 1997 წელი.
ბერ-მონაზვნების მნიშვნელობას მან კვლავ გაუსვა ხაზი 2000 წლის 2 თებერვალს, ქადაგებაში: „ესქატოლოგიური მოწმობა თქვენი მოწოდების ცენტრშია. თქვენი აღთქმები სიღარიბის, მორჩილებისა და სისპეტაკის შესახებ – თქვენი გზავნილია მსოფლიოსთვის ადამიანის საბოლოო ბედისწერის შესახებ. ეს არის უძვირფასესი გზავნილი. მან, ვინც ფხიზლადაა და მიილტვის ქრისტეს აღთქმების შესასრულებლად, შეუძლია იმედით შთააგონოს თავის ძმები და დები, რომლებიც ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და პესიმისტურად არიან განწყობილი მომავლის მიმართ“.
„ამრიგად, ეს არის განსაკუთრებული და ცოცხალი შეხსენება იმისა, რომ ის არის ძე, რომელიც მამას თავის ერთადერთ სიყვარულად აქცევს - ეს არის მისი სისპეტაკე; ვინც მამაში პოულობს თავის ერთადერთ სიმდიდრეს - ეს არის მისი სიღარიბე; ვისთვისაც მამის ნება ყოველდღიური საკვებია - ეს არის მისი მორჩილება” (შდრ. იოანე 4:34).
ცხოვრების ეს ფორმა, რომელიც ქრისტემ მიიღო და განსაკუთრებული სახით გადმოიტანა ბერ-მონაზვნებში, უდიდესი მნიშვნელობისაა ეკლესიისთვის, რომელიც მოწოდებულია ყველა წევრში, განიცადოს იგივე სურვილი ღმერთთან სრული ერთიანობისა ქრისტეს მიბაძვით სულიწმიდის ნათელსა და ძალაში.
ბერ-მონაზონთა ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით, გვეხმარება უკეთ გავიგოთ ყველა მორწმუნის ნათლობა. ბერ-მონაზონთა ნიჭებზე ფიქრისას, ეკლესია ფიქრობს თავის განსაკუთრებულ მოწოდებაზე, ეკუთვნოდეს მხოლოდ უფალს და ცდილობდეს, მის თვალში აღიქმებოდეს, როგორც „ნაკლისა და ლაქების გარეშე, ყოველგვარი მსგავსი რამეების გარეშე, წმიდა და უმწიკვლო“ (ეფესელთა 5:27).
ამიტომ, ამ განსაკუთრებული დღის დაწესების აუცილებლობა გამართლებულად მიგვაჩნია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უფრო ფართოდ და ღრმად იქნას გადახედილი სწავლება ბერ-მონაზონთა შესახებ, არამედ ღვთის ხალხის მიერ მის სულ უფრო მეტად მიღებას“ (წმინდა იოანე პავლე II 1997 წელი).
უფლის საქმეების აღნიშვნა ბერ-მონაზონთა ცხოვრებაში;
ეს პუნქტი თავად ბერ-მონაზვნებს ეხებათ: „ისინი მოწვეულნი არიან იმ არაჩვეულებრივი საქმეების საერთო და სადღესასწაულო ზეიმზე, რომლებიც უფალმა მათში აღასრულა, რათა რწმენის შუქზე მათ სულ უფრო სრულად აღმოაჩინონ ღვთის სილამაზის ბრწყინვალება, რომელსაც სულიწმინდა ასხივებს მათი ცხოვრების წესში, რათა მათ სულ უფრო მეტად გააცნობიერონ თავიანთი შეუცვლელი მისია ეკლესიასა და მსოფლიოში“, - წმიდა იოანე პავლე II.
შოთა გიქოშვილი









Comments