top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიათა საბჭო: არ მივესალმებით კანონს რელიგიური გრძნობების შესახებ



სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭო, 5–6 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს. მისი ხელმომწერია კათოლიკე ეკლესია საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიათა საბჭო ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ გაჟღერებულ ინიციატივას, ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ, არ მიესალმება.


გთავაზობთ განცხადებას სრულად:


"ჩვენ, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ მასობრივი ძალადობის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ვიხილეთ. ჰომოფობიური საბაბით, ასევე სიძულვილის სხვა გამოვლინების გამო, ნაცემია 50 - ზე მეტი ჟურნალისტი, ნაცემი არიან მოზარდები, ქალები, მძიმედ დაჭრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხსნეს და დახიეს ევროკავშირის დროშა.


ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული.


ამიტომ, თანადგომას ვუცხადებთ ამ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.


ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.


რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც", – ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებას რელიგიათა საბჭოს წევრი 16 კონფესია აწერს ხელს:

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი

  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია

  • სახარების რწმენის ეკლესია

  • ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია

  • ევანგელურ–ლუთერული ეკლესია

  • ევანგელისტური ეკლესია

  • ევანგელურ- პროტესტანული ეკლესია

  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

  • ხსნის არმია

  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი"

  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება

  • მეგობართა საზოგადება - კვაკერები

  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

  • მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

catholic.ge
bottom of page