top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როცა მღვდელიც ხარ, თვითნასწავლი მშენებელიც და მისიონერიც


მამა ანდრეი გრაჩიკი, რომელიც არლისა და უდის კათოლიკური სამრევლოების წინამძღვარია, ზაფხულის განმავლობაში, იალაღებზე წასული მემთეურებისთვის ყოველ ორ კვირაში წირვებს ატარებს. ამისთვის იგი სამრევლოდან დაახლოებით 25 კილომეტრს გადის, ხის ფიცრულ შენობაში ერთი ღამით რჩება, წირვას აღავლენს ჯერ უდის, შემდეგ არლის მთაში, მეორე დღეს კი – ჯერ არლის, მერე – უდის მთაში და საღამოს სოფელში ბრუნდება... ფიქრობს, რომ მისი პირდაპირი მისიაა, ზაფხულში მთაში წასული ადგილობრივები ზიარების გარეშე არ დარჩნენ...



...ვუთანხმდები, რომ მთაში უნდა გავყვე. 10:00 საათზე გადის სოფლიდან, „დილით არალში წირვა მაქვს და მერე მივდივარ“, – მეუბნება და ეგ ნიშნავს, რომ არ უნდა დავაგვიანო.


10:00 საათზე მივდივარ მასთან. შავი, უკვე მოძველებული „Lend Rover“ – ის საბარგული ღიაა. შიგ ჭანჭიკებს, ჩაქუჩს, ცემენტს, ტაშტსა და ისეთ ნივთებს აწყობს, ლიტურგიას რომ ვერაფრით ვუკავშირებ. „ჩვენი ხის სამლოცველო უდის მთაში დაზიანებულია, მთავარი ბოძები დალპა, მინდა ამ ორ დღეში შევცვალო“, – ამბობს და ვხვდები, რომ გეგმა დიდი აქვს, მაგრამ ამ თხელმა და სუსტმა მღვდელმა მარტომ როგორ უნდა გაართვას თავი – ვერ წარმომიდგენია.


მივდივართ. არალს გავცდით და მომიტრიალდა: „ბოდიში, პატარა საქმე მაქვს უდის ეკლესიაში, მალე მოვაგვარებ და წავიდეთ, კარგი?“


ვეთანხმები. მალე მანქანას უდის ეკლესიის ეზოსთან აჩერებს, საბარგულიდან „ვედრა“ გადმოაქვს, წყლით ავსებს და ნაძვის ორ ნარგავს წყალს უსხამს... „ეს ორი დღე არ ვიქნები და წყალი დასჭირდებათ“, – ამბობს, მიღიმის და რამდენიმე წუთში, საქმესმორჩენილი მანქანაში ჯდება.

გზა მთისკენ უსწორ–მასწოროა, ტყეში გაჭრილი, დიდი ბელტებითა და ქვებით.


– მანქანა არ არის ცოტა მწყობრში, მაგრამ არა უშავს“, – ამბობს და კვლავ მიღიმის.

– რას ამბობთ, ანუ შეიძლება გზაში დავრჩეთ?

– არა, სულიწმინდა ხომ ჩვენთანაა? – ისევ იღიმის.

– ანუ ახლა მარტო სულიწმინდის იმედად ვართ?, – თვალები მიფართოვდება.

– ეს აბსოლუტურად საკმარისია! – მშვიდადვე მპასუხობს და გზასაც არხეინად აგრძელებს.


ვცდილობ, გზაში სიარულისას ფოტოები გადავუღო. არ სიამოვნებს, თავი იქით მიაქვს... არასდროს მოსწონს, როცა ვუღებ, მაგრამ ახლა რომ გადაღებაზე დამთანხმდა, ღვთის წყალობაა, ალბათ... მალე ულამაზეს ტყისპირს ვუახლოვდებით. ამბობს, რომ ამ გზაზე ყველაზე ლამაზი ხედია. მანქანას აჩერებს და გადადის.


ირგვლივ სიმწვანე და ფერადი ყვავილებია, შორიდან მწვანეწყლიანი ტბა მოჩანს. ისე დგება რომ ყველაფერს უყურებდეს და ცოტა ხანს ირინდება. მგონია რომ ფიქრობს, ან ტკბება ხედით, სინამდვილეში ლოცულობს... ამთავრებს, პირჯვარს იწერს და გზას ვაგრძელებთ...



ცოტა ხანში, უდის მთაშიც შევდივართ. ირგვლივ ხის მცირე სახლებია, აქაურები „იეილებს“ ეძახიან. მაისში წამოვიდენ სოფლიდან, თან საქონელი წამოიყვანეს და დამხმარეებად პატარა შვილიშვილები. ოთხშაბათია და ქალებმა იციან, რომ „მღვდელი უნდა ამოვიდეს“, წირვა იქნება.


აქაურებმა ხის სამლოცველო ჯერ კიდევ 2000–იანი წლების დასაწყისში შეკრეს. მაშინ, როცა უდესა და არლის კათოლიკური სამრევლოების წინამძღვარი მამა იეჟი შიმეროვსკი (2004–2015 წწ.) გახდა. მერე ქალები საჭმელს ამზადებდნენ, კაცები კი ფიცრულ სამლოცველოს კრავდნენ. ააშენეს, შიგ ხატები, საკურთხეველი, სკამები განათავსეს და წირვა–ლოცვაც დაიწყეს. სამლოცველოს სხვა შენობაც სჭირდებოდა, სადაც ლიტურგიის მოსამზადებელი ან მღვდლის დასარჩენი იქნებოდა განთავსებული, ამიტომ გვერდით არსებული იეილა სამრევლომ შეიძინა. მართალია პრობლემებით, მაგრამ მაინც... ჰოდა, სწორედ ამ იეილაში უნდა დარჩეს ამაღამ მამა ანდრეი, თუმცა მანამდე ბევრი საქმე აქვს...


ასვლიდან პირველ დღეს, უდის მთაშიც აღავლინა წირვა და არლის მთაშიც... ვუთანხმდები, რომ საღამოს თავის იეილასთან მივალ და ვინახულებ... თითქმის ბნელდება მთაში. ხის იეილებიდან ხალხი „ბირჟებზე“ გამოსულა... ბავშვები და ახალგაზრდები ერთობიან ერთად... ხის სამლოცველოს ვუახლოვდები, შორიდანვე ჩანს, რომ ფიცრები გამოღებული აქვს... სამლოცველოს მთავარ ბოძთან ცემენტს ასხამს მამა ანდრეი.


– რას აკეთებთ?! ღამდება, თანაც მარტო ხართ!...

– არა უშავს, ამ ერთი ბოძის შეცვლას მოვასწრებ, – ამბობს და არ ჩერდება... – აშენების დროს ხის ბოძებზე დაუდგამთ, ახლა წვიმამ დაალპო მიწაში დაფლული ბოძის საძირკველი, თუ არ გამოვცვლი, მეორე ამოსვლაზე უკვე დანგრეული იქნება...

– ჰო, მაგრამ დაგეცადათ, დაგეხმარებოდნენ სხვები..

– მამა ბექას არ სცალია, ბანაკები აქვს ბევრი... გვიან დაბრუნდება... მანამდე ასე ვერ დავტოვებ...


ვხვდები რომ აზრი არ აქვს, ჯიუტია, თანაც უკვე ფიცრები გამოუღია სამლოცველოსთვის... თან ბნელდება, თან ფიცრებს აჭედებს... ძველ ლურსმნებს ასწორებს, მირბის და მორბის...


ვტოვებ, იმ პირობით, რომ დილით ისევ ვესტუმრები...


მეორე დილას მივდივარ... „ნინოსთან ყავაზე მივიდეთ, გაუხარდება, რომ დაგინახავს“, ისე მეუბნება უარს ვერ ვბედავ... ნინო წარმოშობით ხიზაბავრელი, უდეში გათხოვილი კათოლიკეა. აქტიური მრევლი. „გუშინ მამაოს საჭმელი გადავუტანე, მაგრამ ეტყობა არაფერი ჭამა, სულ ვეუბნები უნდა ჭამო, ასე შეიძლება –მეთქი“, – მიზიარებს დარდებს. თან ყავას ამზადებს...



იეილის ხის სექვზე ვსხდებით, მამა ანდრეი ყავას სვამს, ნინო მთის ამბებს უყვება... ორი ფინჯნის შემდეგ არლის მთისკენ მივდივართ...


...უდის მთიდან არლის მთამდე დაახლოებით 3 კილომეტრია, აქაურები ფეხითაც გადადიან ხოლმე, მაგრამ აგვისტოა და საშინლად ცხელა... არლის მთაში, უდის მსგავსად შეკრული სამლოცველო არ აქვთ... მხოლოდ ტერიტორიაა შემოღობილი. ეს ადგილი 1995 წელს, ზაფხულში არლის მაშინდელმა წინამძღვარი, მამა ბერნანდინმა აკურთხა... იმ დღეს, წვიმდა საშინლად, მაგრამ ჰეილებიდან ხალხი გორისკენ მიდიოდა... „მღვდელი ამოვიდა, ეკლესიის ადგილი უნდა აკურთხოს“ ისმოდა ჰეილებში... აკურთხა, მერე კი ყველას ფოსფორის ჯვრები დაურიგა... წვიმის მიუხედავად, ტერიტორია ხალხს ვერ იტევდა, ან მე მეჩვენებოდა ასე... 5 წლის ვიყავი, უკვე დასველებული ყვითელი ჟაკეტის სახელური ჩამოვქაჩე, რომ ხელის მტევნები დაეფარა... ფოსფორის ჯვარი მქონდა ხელში დამუჭული და არ მინდოდა დასველებულიყო... მას შემდეგ 28 წელი გავიდა, ახლა ტერიტორია შემოკრულია. აქაურ მორწმუნეს დიდი ჯვარიც დაუდგამს, წარწერიანი ქვაც მოუტანიათ, სკამებიცაა, მაგრამ ხალხი აღარ ჩანს... როგორც კი დასახლებაში შემოვედით, მამა ანდრეიმ მანქანის საჭეზე სიგნალების ახმაურება დაიწყო.


– ეს რისთვის? – ვკითხულობ გაოცებული.

– ასე ხვდებიან, რომ ამოვედი და წირვა იქნება, – ამბობს და აგრძელებს – წინა კვირას, მხოლოდ სამი ადამიანი მოვიდა წირვაზე, იცი? ხალხს არ უნდა მოსვლა, ამბობენ, რომ საქმე აქვთ “... – ისე აგრძელებს, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო...


რა უნდა ვუთხრა არ ვიცი. მანქანას ვაჩერებთ და უხერხულობის დასაფარავად ვეუბნები: „მე წირვისთვის ყვავილებს დავკრეფ“... უხმოდ, ღიმილით მეთანხმება... გორაზე მივდივარ და ვფიქრობ, „ღმერთო, შენ გაუჩინე ამ ხალხს წირვაზე მოსვლის სურვილი“...

...ყვავილებით ხელში ვბრუნდები... მანქანის ჩრდილში ზის, ხელში „სავარდი“ უჭირავს და ლოცულობს... არ მინდა ხელი შევუშალო და გზას ჰეილებისკენ ვაგრძელებ...

ცოტა ხანში, ნაცნობ მამაკაცს ვხედავ, თეთრი ქუდით, სუფთად ჩაცმულს... „წირვაზე მოდის“, – გამიელვა თავში... რამდენიმე წამში ხელჯოხის დახმარებით, ხელში ყვავილების თაიგულით ქალი მიახლოვდება. ესეც წირვისთვისაა... გონებაში ადამიანების რაოდენობას ვითვლი.... სანამ მემთეურებს ველაპარაკები, პატარა გოგონები მიახლოვდებიან, ფერადები, მზისგან აბრაწულები, ქუდებით... ოთხი, ოთხი ბავშვი – „ღმერთო, რა ბედნიერებაა!“, – ვამბობ და მეგობრის მესიჯი მომდის: „მე ვერ წამოვედი, ბავშვებს ვუშვებ!“


... მამა ანდრეი ლიტურგიულ ტანსაცმელს იცვამს და წირვას იწყებს.. დასასრულს ამბობს: მადლობა ღმერთს, ამ ბავშვებისთვის წირვაზე...


არლის მთიდან ისევ უდის მთაში ვბრუნდებით... „სოფელში საღამოს წავიდეთ, მანამდე სამლოცველო უნდა დავასრულო“, – მეუბნება და თავისებურად მშვიდად მიღიმის... მერე ისევ უდეში აღსავლენი წირვისთვის ემზადება, ტანაც იმ სამლოცველოში, გუშინ ფიცრები რომ გამოუღო და დილით სახელდახელოდ ისევ შეაკეთა.



... საღამოს ისევ მივდივარ სამლოცველოსთან... სურათი ისევ იგივეა. ახლა სამლოცველოს მეორე მხრის ფიცრები ჩამოუყრია და აჭედებს, მეორე მხრის ბოძი შეუცვლია. თავისზე ბევრად მძიმე ქვებს დიდი ლომით აგორებს, აჭედებს, ასხამს, ალაგებს... ყველაფერი ფაცა–ფუცით...


– დავასრულე, ახლა წავიდეთ – ამბობს და ყველა ხელსაწყოს ისევ მანქანის საბარგულში ალაგებს... „ორი კვირის შემდეგ, როცა ამოვალ, სამლოცველო ადგილზე დამხვდება“ – გულდაჯერებული ჯდება მანქანაში და უკვე შებინდებულზე ვტოვებთ უდის მთას...


ვაკიდან უდის მთის მეორე ბოლოში ქვით მშენებარე მართლმადიდებლური ეკლესია მოჩანს... ამ წელს აკურთხეს... ეზოში სილა, აგურები და სხვა საშენი მასალა ბლომად ამოუტანიათ... კედლები ამაყად დგას... ალბათ მშენებლებიც ბევრი ჰყავდათ... ეზოში ბავშვებისთვის ატრაქციონიც დაუდგამთ... „უცნაურია, გასულ წელს ჯერ კიდევ არაფერი იყო იმ ადგილზე“, – ვფიქრობ და მამა ანდრეის ვუყურებ, უკვე დაღლილს, მზისგან დამწვარს, გაცრეცილს, დაძარღვული, სუსტი მაჯებით...


როგორი სამართალი გაქვს, ღმერთო...



თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page