რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევის ისტორიული ტაძარი დაზიანდა
- catholic.ge
- 2 days ago
- 2 min read
რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, კიევში შვიდი ადამიანი დაიღუპა, თორმეტზე მეტი დაშავდა, მე–11 საუკუნის, წმიდა სოფიას ისტორიული ტაძარი კი, ჩამოინგრა.

10 ივნისს, რუსეთის დრონების შეტევის შედეგად, კიევსა და ოდესაში დაახლოებით შვიდი ადამიანი დაიღუპა და თორმეტზე მეტი დაშავდა. იერიშის დროს დაზიანდა წმიდა სოფიას ისტორიული ტაძარი. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, ბორის გუდზიაკმა აღნიშნა, რომ ტაძარს "ერისთვის უნიკალური სულიერი სიმბოლიზმი და მორალური მნიშვნელობა აქვს."
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ გაშვებული 315-ზე მეტი დრონით განხორციელებული ხუთსაათიანი იერიში „ერთ-ერთი უმსხვილესი“ სამწლიანი ომის განმავლობაში.
უკრაინის კულტურის მინისტრმა, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა ტაძრის მთავარი აპსიდის კარნეზი.
წმიდა სოფიას ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, დედა ეკლესიად ითვლება ყველა კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომელთა წარმოშობის ადგილიც ძველი რუსეთია.
ტაძრის მშენებლობა მე-11 საუკუნეში დაიწყო.
„გუშინდელი ღამის მასშტაბური იერიში დრონებით, უკრაინის გულს – წმიდა სოფიას ტაძარს, იგივე წმინდა სიბრძნის ტაძარს მოხვდა. ეს წმინდა ადგილი ათას წელზე მეტია უძლებს ინვაზიებსა და კომუნისტურ დევნას, როგორც პარიზის ნოტღ-დამი, რომის წმიდა პეტრეს ბაზილიკა, მექსიკის გვადალუპეს ბაზილიკა და ნიუ-იორკის წმიდა პატრიკის ტაძარი, ასევე წმიდა სოფიას ტაძარიც უნიკალურ სულიერ სიმბოლოსა და მორალურ მნიშვნელობას ატარებს ერისთვის“, — განაცხადა ფილადელფიის უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური არქიეპარქიის მიტროპოლიტმა ბორის გუდზიაკმა.
მისივე განმარტებით, უამრავი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ ომის განმავლობაში 4,000-ზე მეტი სკოლა, თითქმის 1,600 სამედიცინო დაწესებულება და 236,000 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა ან განადგურდა. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ყოველდღიური დაუნდობელი დაბომბვები არაფერს ინდობს — არც ადამიანებსა და არც წმიდა ადგილებს,“ — ამბობს სასულიერო პირი.
ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან), კათოლიკური ორგანიზაცია CNEWA (კათოლიკური დახმარების ასოციაცია ახლო აღმოსავლეთისთვის) თანამშრომლობს უკრაინაში არსებულ საეკლესიო ორგანიზაციებთან — მათ შორის უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, Caritas Ukraine-თან, უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან და მონასტრულ თემებთან — რათა უზრუნველყოს საკვები, სამედიცინო დახმარება, თავშესაფარი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მათ მიერ გაწეული დახმარება ჯამში 3.5 მილიონ დოლარს აღემატება.
უკრაინის ეკლესიების საბჭომაც გააკეთა განცხადება, სადაც დაგმო ტაძარზე განხორციელებული თავდასხმა და მოუწოდა „მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რუსეთის ფედერაციის ბარბაროსობის შესაჩერებლად.“
„რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 670 ეკლესია და სალოცავი ადგილი განადგურდა ან დაზიანდა,“ — ნათქვამია განცხადებაში. „მოსკოველმა ოკუპანტებმა მოკლეს 60 მღვდელმთავარი და სასულიერო პირი სხვადასხვა კონფესიიდან. მრავალი მღვდელი და პასტორი უკანონოდ დააკავეს და კვლავაც ტყვეობაში ჰყავთ.“
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დირექტორის პირველი მოადგილე, ვადიმ კირილენკო, აცხადებს, რომ ტაძარს შეამოწმებენ და აღადგენენ.
2023 წელს, რუსეთის სამხედრო საფრთხის გამო, იუნესკომ წმიდა სოფიას ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში აღნიშნულია, რომ წმინდა სოფიას ტაძარმა „შეინარჩუნა უძველესი ინტერიერი, ხოლო მე-11 საუკუნის მოზაიკებისა და ფრესკების კოლექცია უნიკალურია თავისი მთლიანობით.“
თაკო ფეიქრიშვილი
Comments