top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსების წერილი



24 თებერვალი, 2022 წელი

მოსკოვი


საყვარელო ძმანო და დანო ქრისტეში,

ძვირფასო ძმებო მღვდლობაში


ჩვენ, ისევე, როგორც ყველა, ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ შერიგებისაკენ დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს დაპირისპირება არის სიკვდილისა და ნგრევის მატარებელი, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.


ჩვენი ქვეყნების ხალხს, არა მხოლოდ საერთო ისტორია აერთიანებთ, არამედ საერთო დიდი სატანჯველიც, რომელიც წარსულში თავს დაგვატყდა ომის სიგიჟის გამო. ჩვენი ხალხები იმსახურებენ მშვიდობას, არა მხოლოდ ომის არ არსებობით, არამედ ისეთ მშვიდობას, რომელიც სხვა ადამიანების, სხვა ხალხებისა და მათი ღირსების პატივისცემის მყარ გადაწყვეტილებას ატარებს.


დაე, თქვენმა თანამედროვეებმა იცოდნენ, რომ მათ მოუწევთ მკაცრი ანგარიშის ჩაბარება, განხორციელებული საომარი ქმედებების გამო. ყოველივე ამის შემდეგ, მომავალი საუკუნეების მსვლელობა დიდწილად დამოკიდებულია მათ ამჟამინდელ გადაწყვეტილებებზე (შდრ. Const. Lumen gentium, 78, 80).


მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, რომლებზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეწყდეს კონფლიქტი. „ღმერთი არის მშვიდობის და არა ომის, ყოველთა მამა და არა მხოლოდ ზოგიერთთა. მას სურს ვიყოთ არა მტრები, არამედ ძმები და დები“ – ასე მოგვმართავს პაპი ფრანცისკე. ჩვენც, ჩვენის მხრივ მივმართავთ ყველას, განსაკუთრებით ქრისტიან ძმებსა და დებს, წინ აღუდექით სიცრუესა და სიძულვილს, იყავით არა სიძულვილისა და ძალადობის გამრავლების, არამედ შერიგების წყარო.


ვთხოვთ ყველა მორწმუნეს, ამ დღეებში, გააძლიერონ ლოცვა და მარხვა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისათვის. განსაკუთრებით კი, ეს გააკეთეთ 2 მარტს, ნაცრისყრის ოთხშაბათს, რათა ვუპასუხოთ წმინდა მამის გამოწვევას.


მღვდელმსახურებს ვთხოვთ აღავლინონ წმინდა წირვა მშვიდობისა და სამართლიანობის შენარჩუნების ზრახვით, გამოიყენონ შერიგების ევქარისტიული ლოცვა და წაიკითხონ ლოცვები კონდაკიდან "მშვიდობისა და სამშობლოსათვის".


რუსეთის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსთა კონფერენცია:


მოსკოვის, ღვთისმშობლის სახელობის არქიეპარქიის მიტროპოლიტი, კონფერენციის მეთაური, არქიეპისკოპოსი პაოლო პეცი.


ნოვისიბირსკის ფერისცვალების ეპარქიის ორდინარიუმი –

ეპისკოპოსი იოსებ ვერტი.


სარატოვის, წმინდა კლიმენტის სახელობის ეპარქიის ორდინარიუმი – ეპისკოპოსი კლემენს პიკელი.


ირკუტსკის, წმინდა იოსების სახელობის ეპარქიის ორდინარიუმი – ეპისკოპოსი კირილ კლიმოვიჩი.


მოსკოვის ღვთისმშობლის სახელობის არქიეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსი – ნიკოლაი დუბინინი.


წყარო: sib-catholic.ru


შოთა გიქოშვილი


bottom of page