top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რუსთავის კათოლიკური ეკლესიის ქოთნის ყვავილები მრევლს დამწვარი დახვდა


20 ივნისს, ქალაქ რუსთავში საკვირაო წირვის ჩასატარებლად მისულ წინამძღვარსა და მრევლს ეკლესიის კუთვნილი მცენარეები ქოთნებიანად დამწვარი დახვდა.


მრევლი ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს: „ძალიან ლამაზი ეზო აქვს და მამა ზურა (კაკაჩიშვილი) მუდამ ზრუნავს ამისთვის. ეკლესიის აივანზე ქოთნებით ყვავილებიც ძალიან უხდება, არა უკვე უხდებოდა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ვიღაცა უმეცარმა ადამიანმა (ალბათ თავგამოდებულმა მორწმუნემ, ან საერთოდაც ურწმუნო ადამიანმა. არ ვიცით ვინ...) ეს გაყვავილებული ყვავილები თავისი ქოთნებით ეკლესიის ეზოში დაწვა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ყვავილები რა შუაშია?... ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს?... პასუხი არა გვაქვს“, – წერს სოციალურ ქსელში მრევლის წევრი ნელი გაბელაშვილი.


როგორც მამა ზურაბ კაკაჩიშვილი ამბობს, ყვავილებიანი სამი ქოთანი ტაძრის უკანა მხარეს იყო გატანილი და ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.


„ყვავილები სპეცილურად იყო გადატანილი ტაძრის უკანა მხარეს. ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული ქოთნებსაც და მცენარეებსაც, გადაბრუნებული იყო იქვე მდგარი სკამი, ეყარა წყლის ბოთლები. სანთლის ნამწვავები იყო ფანჯრის მინაზე მიკრობილი. პირველად არ ხდება მსგავსი რამ და ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გააკეთა“, – ამბობს წინამძღვარი ზურაბ კაკაჩიშვილი.


ვის შეიძლება ყვავილები დაეწვა, ამის შესახებ მრევლი და წინამძღვარი ვერ საუბრობენ.


ინფორმაციისთვის:


ქალაქ რუსთავში მცხოვრები კათოლიკეები წლების განმავლობაში წირვას კერძო საცხოვრებელ სახლში აღავლენდნენ.


ტაძრის მშენებლობისათვის ნებართვის მისაღებად, კათოლიკურმა ეკლესიამ ქალაქის თვითმმართველობას განცხადებით 2013 წლის აპრილში მიმართა.


იმ პერიოდში, ეკლესიას ტაძრის მშენებლობა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქალაქი რუსთავი, მე-9 მ/რ, თოდრიას მე-2 ჩიხის მიმდებარე ტერიტორია) სურდა. თუმცა რუსთავის საკრებულომ, კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოსცა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.


აღნიშნულის შემდეგ, საქმე ეკელსიასა და რუსთავის საკრებულოს შორის სასამართლო დავად იქცა. ეკლესიის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” EMC იცავდა.


საბოლოოდ, 2016 წლის ივნისში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე “ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის” სარჩელი დააკმაყოფილა.


მიუხედავად ამისა, კათოლიკე ეკლესიას არ მიეცა საშუალება საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ( ქ.რუსთავი, მე-9 მ/რ, თოდრიას მე-2 ჩიხის მიმდებარეტერიტორია) ტაძარი აეშენებინა.


აღნიშულ მიწის ნაკვეთზე, ტაძრის მშენებელობასთან დაკავშირებული დავის პერიოდში, კათოლიკე ეკლესიამ "გულმოწყალების კარი" დადგა. მორწმუნეები პერიოდულად ჩადიოდნენ რუსთავში ამ ადგილის მოსანახულებლად და ლიტურგიის ჩასატარებლად.


კონკრეტულად ტაძრის მშებლობის შესახებ, ინტენსიური მოლაპარაკებები რომის პაპის ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაიწყო.


რუსთავის თვითმმართველობამ ეკლესიას ტაძრის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზა.


აღნიშნულ ალტერნატიულ ადგილზე ტაძრის ასაშენებლად, პირველი ქვა თავად რომის პაპმა აკურთხა. ეს ქვა უკვე მშენებარე ტაძარში 2018 წლის 7 თებერვალს ჩაიდგა.


ტაძრის მშებლობის მოთხოვნიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი კათოლიკური ტაძარი გაიხსნა.



თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page