top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რწმენა და ქველმოქმედება

როდესაც იტალიაში, ქალაქ ვერონაში, ჩემი კონგრეგაციის საკრებულოს მონახულებას ვაპირებ, ვცდილობ, რომის საკრებულოსაც ვესტუმრო, სადაც იტალიისა და რომის „კარიტასის“ მეგობრებთან შეხვედრის გარდა, სულიერებისა და შინაგანი განტვირთვის სივრცეს ​​ვეძებ.



შარშანდელი ვიზიტი სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. ფაქტობრივად, პარასკევიდან, 14 ნოემბრიდან, შესაძლებლობა მქონდა, მონაწილეობა მიმეღო კარიტასის მუშაკთა იუბილეში, წმიდა იოანე ლატერანის ბაზილიკაში და წირვის შემდეგ დავსწრებოდი პაპ ლეონ XIV-ის სამოციქულო მოწოდების „Dilexi te“ პრეზენტაციას.


ეპარქიის იუბილეს ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლებმა დრო დაუთმეს ლოცვასა და „Dilexi te“-ზე ფიქრს, რომლის მიზანიც „ქრისტეს ხორცის“ (Dilexti te n.103), ანუ ღარიბების უკეთ მსახურების ახალი გზების მუდმივი ძიება იყო. შეხვედრას უძღვებოდა პალერმოს წმიდა იოანე მახარებლის სახელობის თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, მამა ვიტო იმპელიცერი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რა სურდა ეთქვა ეკლესიისათვის პაპ ლეონ XIV-ს ამ დოკუმენტით.


მომხსენებლის აზრით, Dilexi te-ს გაგების გასაღები არის „genius pauperum“, ანუ „რევოლუციური“განცხადება, რომ ღარიბები „წარმოადგენენ კონკრეტული გონიერების სუბიექტებს, რომლებიც აუცილებელია ეკლესიისა და კაცობრიობისათვის“.

პაპი ლეონ XIV თავის სამოციქულო მოწოდებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღარიბები არიან კონკრეტული გონიერების მატარებლები, რომლებიც არსებითია ეკლესიისა და კაცობრიობისათვის. ეს „გონიერება“ გაგებულია, როგორც სულიერი სიბრძნე, რომელიც სიღარიბის გამოცდილებიდან მომდინარეობს და უნდა განვითარდეს ღარიბებისადმი სიყვარულით, რაც გამოიხატება ზრუნვაში, სამართლიანობისაკენ სწრაფვასა და მათი უფლებების დაცვაში. სამოციქულო მოწოდება, როგორც თავად ლეონ XIV განმარტავს, მან მემკვიდრეობით მიიღო პაპ ფრანცისკესაგან, რომელიც უკვე მუშაობდა მასზე. ამიტომ, თავისი საყვარელი წინამორბედის კვალდაკვალ, პაპი პრევოსტი „აგრძელებს ეკლესიის მუდმივ და ცოცხალ სწავლებას არა მხოლოდ ღარიბთა შესახებ, არამედ ღარიბების წყალობითაც, რომლებიც „სახარების ჭეშმარიტ მასწავლებლებად“ მიიჩნევიან“. პაპისთვის ღარიბები „ოჯახური საქმეა“: „ქრისტიანებს არ შეუძლიათ ღარიბების აღქმა მხოლოდ სოციალურ პრობლემად: ეს „ოჯახური საკითხია“. ისინი „ერთი ჩვენგანი“ არიან“ (Dilexti te n.104). სიღარიბე გაგებულია, როგორც „კუთვნილების, ურთიერთპატივისცემის, საეკლესიო ლოგიკის, ძმობის“ ელემენტი.



ამ გამოცდილების შემდეგ, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო „ღარიბთა მსოფლიო დღეში“  მონაწილეობა, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, რომელიც სავსე იყო გაჭირვებული ადამიანებითა და ქველმოქმედების მუშაკებით. სულ რაღაც ორი დღით ადრე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რისი მონაწილეც გავხდებოდი  კვირას, 16 ნოემბერს, ღარიბთა იუბილეს კონტექსტში, წმიდა კარის გავლით და წმიდა წირვით, რომელიც პაპმა ლეონ XIV-მ აღავლინა.  


განუმეორებელი იყო, ასევე, პავლე VI-ის აუდიენციის დარბაზში (არქიტექტორი პიერ ლუიჯი ნერვი) შემდგომი სადილი, რომელიც პაპთან და ქველმოქმედების დიკასტერიის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ ათას სამას გაჭირვებულ ადამიანთან ერთად იქნა გაზიარებული. მისალმებისას წმიდა მამამ დამსწრეებს მიმართა: „ეს სადილი, ახლა რომ მივირთმევთ, განგებითა და წმიდა ვინსენტის საკრებულოს მიერ დიდი გულუხვობით არის შემოთავაზებული, რომელსაც  გულითად მადლობას ვუხდით. ეს წელი მათთვის ღირსშესანიშნავია, რადგან კონგრეგაციის დაარსების 400 წლისთავს აღნიშავენ“.


როგორც წმიდა პეტრეს ბაზილიკაში ევქარისტიის აღვლენისას, ასევე პავლე VI-ის დარბაზში სადილის დროს, მე თავს ვგრძნობდი საქართველოში ჩვენი ეკლესიის ცოცხალ ნაწილად,  და როდესაც ამდენი ღარიბი ადამიანის სახეს ვუყურებდი, ვფიქრობდი ყველა იმ გაჭირვებულ ადამიანზე, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.

ფილმის კადრებივით ვხედავდი გაჭირვებულთა სახეებს, რომლებიც ყოველდღიურად, „საქართველოს კარიტასის“ სხვადასხვა პროექტის წყალობით, ყურადღებას, მხარდაჭერასა და კონკრეტულ დახმარებას იღებენ. გამახსენდა ბათუმის ღამის თავშესაფარში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების, ოჯახსა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ეკონომიკური და ეგზისტენციალური სირთულეების წინაშე მდგარი ოჯახების ტანჯვის უამრავი ისტორია. ჩვენ ვცდილობთ, მათ გვერდში დავუდგეთ „კარიტასის“ პროექტების მეშვეობითაც, რათა გაჭირვება შევუმსუბუქოთ, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ და შევეცადოთ აღვუდგინოთ ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა. თუ მართალია, და ასეც არის, რომ ღარიბები „ქრისტეს ხორცი“ არიან, მაშინ ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ საუკეთესო, რაც შეგვიძლია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვისწავლოთ მათგან, რათა ხელახლა აღმოვაჩინოთ ცხოვრების ის არსებითი მნიშვნელობა, რომლის მოპარვასაც თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება ყოველდღიურად ცდილობს. რომის კარიტასის მეგობრების მიერ შემოთავაზებული ჭეშმარიტად უნიკალური და სრულიად უსასყიდლო გამოცდილების შემდეგ, დავფიქრდი, თუ როგორ შეგვიძლია მომავალი „ღარიბთა მსოფლიო დღის“ აღნიშვნა საქართველოს ეკლესიაში.



პაპ ლეონ XIV-ის სამოციქულო მოწოდების შუქზე, ჩვენი „კარიტასი“ ასევე შეეცდება ხელი შეუწყოს რეფლექსიისა და შესწავლის მომენტებს, რათა გააღრმავოს თავისი ფუნდამენტური კონცეფციები და შეისწავლოს შესაძლო კონკრეტული გზები, რათა ჩვენს გაჭირვებულ ძმებსა და დებს, რომლებსაც პაპი „სახარების ჭეშმარიტ მასწავლებლებს“ უწოდებს, შესთავაზოს ის „გონივრული ქველმოქმედება“, რომელიც გვიხსნის გულსა და ხელებს დასახმარებლად, ასევე, ავითარებს თავმდაბლობას, რათა მიიღონ ის ხმა, რომელიც მომდინარეობს მათი კომუნიკაციის, ღირსების აღდგენისა და მოსმენის მოთხოვნილებიდან. რომაული გამოცდილების გაზიარება მიზნად ისახავდა ასევე იმას, რომ საკუთარ თავს შევეკითხოთ, როგორ შეგვიძლია გავხდეთ მოყვასნი მათთვის, რომლებიც გასაჭირში იმყოფებიან და როგორ გარდავქნმათ ღარიბების შესაწევნად განხორციელებული ყოველი ქმედება და ინიციატივა „გონივრულ ქველმოქმედებად“.


დასასრულს, გაგიზიარებთ რომის ეპარქიაში პაპის ვიკარიუსის, კარდინალ რეინას მოსაზრებას, რომელმაც, წმიდა იოანე ლატერანის ბაზილიკაში წირვის დროს, თავის ქადაგებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რწმენა და ქველმოქმედება განუყოფელია. „სიცოცხლეს მხოლოდ იმდენად აქვს აზრი, რამდენადაც ის საჩუქრად იქცევა. ამიტომ, ეპარქიის საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორც ყველა ეპარქიის, მოწოდებულნი არიან, ქველმოქმედება რაოდენობრივად კი არ გაზომონ, არამედ გასცენ სიყვარული, ღიმილი და იმედი“.


და ლორედანა მონეტი

ჟურნალი "საბა", 2026, იანვარი

Comments


bottom of page