top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'საბაუნის' ახალი რექტორის ხედვა და უნივერსიტეტის განვითარების გეგმები

2022 წლის ნოემბრიდან სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს, კათოლიკე მღვდელმსახური, აკაკი ჭელიძე იკავებს. როგორ ხედავს ახალი ხელმძღვანელი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებას და რა სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს – ამ საკითხებზე მას catholic.ge ესაუბრა.

სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, იგივე „საბაუნი“, 2001 წელს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნდა. მას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ყოფილი რექტორი ვაჟა ვარდიძე. ნოემბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორი შეიცვალა და ამ პოზიციაზე სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, ასევე სოფლების ხიზაბავრისა და ვარგავის წინამძღვარი, კამილიელი მღვდელმსახური, მამა აკაკი ჭელიძე დაინიშნა.


„ეპისკოპოსი [მეუფე ჯუზეპე პაზოტო] უნივერსიტეტის დამფუძნებელია და მისი უფლებამოსილებაა რექტორი თავისი შეხედულებისამებრ დანიშნოს. ეპისკოპოსმა მთხოვა და დამავალა რექტორობა. ვიცით, რომ როდესაც ეპისკოპოსი ხედავს, რომ ამა თუ იმ მისიის შესასრულებლად ძალა შეგწევს, ამაში ეჭვის შეტანა „ცოდვაა“. სწორედ ამიტომ, დავთანხმდი, მიუხედავად ყველა ეჭვისა, რომელიც რექტორობასთან დაკავშირებით გამაჩნდა, ეს ეპისკოპოსის გადაწყვეტილება იყო“, – ამბობს catholic.ge–სთან „საბაუნის“ ახლადდანიშნული რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე.


მისივე თქმით, უკვე ყოფილი რექტორი, ვაჟა ვარდიძე, უნივერსიტეტში დარჩება და როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და წაიკითხავს ლექციებსაც.

„წინა რექტორი, ბატონი ვაჟა ვარდიძე 13 წლის განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა. იგი უნივერსიტეტში დარჩება, თუმცა მის გეგმებში შედის უახლოეს მომავალში გერმანიაში სპეციალიზებული საგანმანათლებლო კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, ის მუდმივად კავშირში იქნება უნივერსიტეტთან“.


როგორ იქნება ახალი რექტორის მართვის გეგმა


„ეს უნივერსიტეტი ჩვენი ეკლესიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი წყარო ეპისკოპოსის გულსა და გონებიდან მოდის. მასში არის და იქნება განსაკუთრებული პირობები, იმისათვის, რომ თეოლოგიით დაინტერესებულმა პირებმა ცოდნა შეიძინონ. თუმცა ამავე დროს, აქ მხოლოდ თეოლოგიური მიმართულება არ გვაქვს. ამას გარდა, უნივერსიტეტში არის რამდენიმე ფაკულტეტი, რომლებიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კათოლიკე ეკლესიისათვის, რათა სრულებით არაკათოლიკე ახალგაზრდებს შეხვდეს, გაიცნოს, დაუმეგობრდეს, რაც სამომავლოდ უკეთესი ურთიერთობის საწინდარი იქნება“, – ამბობს რექტორი და ამატებს, რომ ეკლესიაში, საგანმანათლებლო სტრუქტურის (სფეროს) არსებობა, სამოძღვრო მისიის შესასრულებლად აუცილებელი ინსტრუმენტია (ფაქტორია) :


„ამ მხრივ catholic.ge –სთან უფრო ახლო თანამშრომლობა მესახება ძალიან მნიშვნელოვნად. თქვენი შემწეობით უნივერსიტეტი უფრო ცნობადი უნდა გახდეს კათოლიკე მრევლში, რათა არავის ეგონოს ის უცხო სხეული, არამედ ჩვენი ეკლესიის საქმიანობის ორგანული ნაწილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კავშირები, რომლებსაც უნივერსიტეტის საშუალებით სტუდენტები აბამენ ერთმანეთში. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე სტუდენტია კათოლიკე, მაგრამ კათოლიკეა ეკლესია მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ავიწყდება, რომ მისი სახელი „კათოლიკე“ სწორედ საზღვრების არქონას ნიშნავს. სხვებთან შეხვედრისას მათ მოქცევასა და დაჭერას კი არ ცდილობს, არამედ იმ საგანძურის გაწვდენას, რითაც თავადაა მდიდარი.“


როცა რექტორი სასულიერო პირია...


ახალდანიშნული რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ მისი როგორც სასულიერო პირის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნით, არაკათოლიკე სტუდენტებს არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ, რამდენადაც ეს მისთვისაა ცნობილი. მისივე თქმით, უნივერსიტეტი ყველას სწავლებასა და განვითარებაზე ერთნაირადაა ორიენტირებული.

„უკვე ერთი წელია უნივერსიტეტში ვარ, როგორც ვიცე–რექტორი და გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ არავითარი ეჭვიც კი არ გაუჩნდეს არაკათოლიკე სტუდენტს, რომ მას აქ არათანაბრად მოექცევიან. აქ უნდა შეიქმნას მეგობრული ურთიერთობები და გარემო, რომელიც აქამდეც არსებობდა კიდეც და ახლა მე მინდა, რომ როგორც მღვდელმსახურმა (არასდროს ვმალავ, რომ ვარ მღვდელმსახური) დავტოვო ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის დადებით განცდად“.


იგეგმება თუ არა ფაკულტეტების დამატება...


ამჟამად, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: სამართლის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები. რექტორი ამბობს, რომ უკვე ათი თვეა ადმინისტრაცია ცდილობს ახალი ფაკულტეტის დამატებას. ეს იქნება ინგლისურენოვანი სამედიცინო ფაკულტეტი.


„თებერვლიდან ვმუშაობთ სამედიცინო ფაკულტეტის დამატებაზე. თავს არ ვიტყუებდით, რომ იოლი იქნებოდა ამგვარი ფაკულტეტის შექმნა. სპეციალისტები ჩართული არიან მოსამზადებელ სამუშაოებში და იმედი გვაქვს რომ მომავალი წლიდან უცხოენოვანი სამედიცინო ფაკულტეტი ამუშავდება. ეს უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული ეტაპი იქნება“, – ამბობს რექტორი და ამატებს, რომ ახალი ფაკულტეტისთვის უნივერსიტეტში ტექნიკური ბაზა უკვე მომზადდა ახლა კი მზადდება საჭირო დოკუმენტაცია.


„უნივერსიტეტისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან ის ვერ დარჩება განვითარების გარეშე. ამის გარეშე დარჩენა ნიშნავს, რომ ერთ დღესაც თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდე“...


რა ბედი ეწევა სტუდენტურ საცხოვრებელს...


2021 წელს იგეგმებოდა სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გახსნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იგი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.


„სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს მიღება–ჩაბარების ბოლო ნაბიჯები. მშენებლებმა უნდა მიიყვანონ იგი იმ ეტაპამდე, რომ თბილისის მერიიდან საცხოვრებლად ამუშავების ნებართვა მივიღოთ. გარკვეული სირთულეების გამო, ჯერ ვერ მოხერხდა. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მივიღოთ ნებართვა, რათა გავხსნათ ის“.


როგორ გადაანაწილებს რექტორი მისთვის დაკისრებულ რამდენიმე მიმართულებას...


გარდა რექტორობისა, მამა აკაკი ჭელიძე კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგეა, ასევე სოფელ ხიზაბავრისა და ვარგავის სამრევლოების წინამძღვარი და ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევა სომხეთში არსებულ კამილიელთა საავადმყოფოში. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე დაინიშნა, მოუწევს თავისი საქმიანობებს გადახედოს და რაღაც მიატოვოს: „ეს ეპისკოპოსის გადასაწყვეტი იქნება და მეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რისი დატოვებაც უნდა მომიწიოს, იქ მე გული დამრჩება. მრავალი წლის განმავლობაში მეგონა, რომ ერთფეროვნება ჩემი ხასიათი იყო. მეგონა, რომ თუკი არაფერი იცვლება, მე უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრების არაახალგაზრდულმა პერიოდმა მიჩვენა, რომ ამგვარი ცვლილება უფრო მეტ ენთუზიაზმს მმატებს“.


სტუდენტებისთვის...


„მინდა, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტ „საბაში“ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენი საქმეა გარემოს, პირობების შექმნა. ვინ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს უკვე სტუდენტების მხარეს გადასროლილი ბურთია. არაერთი ჩვენი კურსდამთავრებულის დადებითი შეფასება მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედით გავიხედო მომავლისკენ: საბაუნის აქვს ყველა რესურსი თავისი მისიის ღირსეულად შესრულებისათვის.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page