'საერთო საწყისებთან მიბრუნება გვჩუქნის იესო ქრისტეში ახალ ერთობას' | იღუმენი ეფრემი (ლომიძე)
- catholic.ge

- Jul 19
- 4 min read
ერთი ეკლესიის ორი ტრადიცია

325 წელი წარმოადგენს ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს, რადგან ამ დროს იესო ქრისტეს მოციქულების მიერ დაფუძნებული ეკლესია ჯერ კიდევ ერთ მთლიანობას - ერთ რელიგიას წარმოადგენდა და მისთვის სხვადასხვა აღმსარებლობა, ანუ კონფესია, უცხო იყო.
აღმოსავლეთში პირველი საეკლესიო განხეთქილებების პარალელურად, როცა მეოთხე და მეხუთე საუკუნეებში არიანული, ნესტორიანული და მონოფიზიტური მიმართულებები ჩამოყალიბდა, რომის და, მოგვიანებით, ბიზანტიის იმპერიაში სახეზე გვაქვს ორი დიდი ტრადიცია, კერძოდ, აღმოსავლური – ბიზანტიურ-ბერძნული და დასავლური - ლათინური.
ამ ორი სხვადასხვა ტრადიციის შემადგენელი ნაწილი იყო, აგრეთვე, განსხვავებული საღვთისმეტყველო ლოგიკა და სისტემები, განსხვავებული სამოძღვრო წეს-ჩვეულებები, იურიდიული, დისციპლინარული თუ სულიერ-სამონასტრო კანონები და წესდებები. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ისინი არ წარმოადგენდნენ დაპირისპირების საგანს. ეს რეალური მოცემულობა იმდენად მიღებული, ბუნებრივი და ნორმატიული გახლდათ, რომ ეკლესიის წიაღში არავის გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ ერთი ეკლესიის ორი სხვადასხვა ტრადიციის სახით შეიძლება საქმე გვქონოდა ორ სხვადასხვა ქრისტიანულ აღმსარებლობასთან.
მიზეზები იმისა, თუ საიდან და როგორ იწყება ეჭვი და ბზარი ამ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, უკვე როგორც ორი სხვადასხვა აღმსარებლობის წარმოშობის შესახებ, მრავალმხრივია. ეკლესიოლოგიური, პოლიტიკურ-გეოგრაფიული, ენობრივ-კულტურული, მენტალური და სხვა ფაქტორები ნელ-ნელა ამზადებდნენ იმ გარემოებას, რომ საბოლოოდ მეორე ათასწლეულის დასაწყისში მივიღეთ მკაცრად დაძაბული ურთიერთობა ბიზანტიელ და ლათინ საეკლესიო იერარქებს შორის, რაც საბოლოოდ 1054 წელს ორმხრივი ანათემით დასრულდა.
ერთი ეკლესიის ორი ტრადიციიდან ორ კონფესიამდე
შეიძლება კი მივიჩნიოთ 1054 წელი როგორც ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გაყოფის თარიღად? დღეს მართლმადიდებელი და კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს წელი წარმოადგენს არა ამ ორი დიდი ტრადიციის ორ კონფესიად ქცევის საწყისს, არამედ ამ ორი ტრადიციის ერთმანეთისგან გაუცხოების დასაწყისს.
ეკლესიის ისტორიის წყაროები გვარწმუნებენ იმაში, რომ ლათინების მხრივ საქმე გვაქვს მხოლოდ კონკრეტული იერარქის, კერძოდ, კარდინალ ჰუმბერტის მიერ წარმოთქმულ ანათემასთან კონსტანტინოპოლში, მაშინ როდესაც ის რომის უმაღლესი იერარქის – პაპის სახელითა და ავტორიტეტით არ სარგებლობდა, ვინც ხსნებეული წლის აპრილში უკვე გარდაცვლილი იყო. მართლმადიდებელი წარმომადგენლების მხრივ კი საქმე გვაქვს არა მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ ლათინების მიმართ ერთხმად გამოხატულ უარყოფასთან, არამედ ერთი კონკრეტული იერარქის, კერძოდ, კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის მიერ კარდინალ ჰუმბერტის ანათემასთან. აქვე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პატრიარქი მიქაელი ანათემის შემდეგ აღმოსავლეთის პატრიარქებს სწერს წერილს და სთხოვს თანხმობასა და მხარდაჭერას, რომ მათაც იგივე გაიმეორონ ლათინების წინააღმდეგ. უძველესი საპატრიარქოებიდან მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ უპასუხა კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის წერილს, რომელშიც ის უმორჩილესად ემუდარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია და რომ ლათინებიც იგივე ჩვენი ძმები და დები არიან. მიუხედავად ამ და კიდევ სხვა მრავალი ისტორიულ-საღვთისმეტყველო ფაქტებისა, ჩვენს მეხსიერებაში მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟი, კერძოდ, 1054 წელი, იქცა დიდი სქიზმის დასაწყისად, რაც მკვლევართა აზრით, არა განხეთქილების, არამედ ამ ორი დიდი ტრადიციის უფრო გაუცხოების დასაწყისს წარმოადგენს, რაც ჩვენ დღეს ორი დიდი კონფესიის სახით გვერგო მემკვიდრეობად.
ნათლობის საიდუმლოს ძალამოსილება, მაგრამ არა ნებადართულობა
მიუხედავად მეორე ათასწლეულში ბიზანტიელებისა და ლათინების ურთიერთდაძაბული და პოლემიკური ხასიათის ურთიერთობისა, მართლმადიდებელ და რომის კათოლიკე ეკლესიას საერთო გაგება აქვთ რწმენისა და საღვთისმეტყველო საკითხების ირგვლივ. მათი საეკლესიო პრაქტიკა და საღვთისმეტყველო პრინციპები თანხევდრაშია ერთმანეთთან. სწორედ ამის გამო მათი გაგება ერთი და იგივეა, მაგალითად, უძველესი იერარქიული სტრუქტურის, სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვის პრინციპის, საიდუმლოებებისა და წმ. წერილის განმარტების შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს კათოლიკე ეკლესიის საკრამენტულ ძალამოსილებას, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორი ეკლესია დღეს არ იმყოფება ევქარისტიულ ერთობაში, თავის წევრს საიდუმლოებებში მონაწილეობის ნებას არ რთავს.
ამ ისტორიულ-საღვთისმეტყველო წანამძღვარიდან გამომდინარე, უნდა დაისვას კითხვა, თუ რამდენად სწორი და მართებულია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი დღეს აღასრულებს მეორე ნათლობას რომის კათოლიკე ეკლესიის წევრთა მიმართ, რომლებიც მართლმადიდებლურ აღმსარებლობას უერთდებიან. ნათლობის საიდუმლოც, როგორც დანარჩენი ექვსი საიდუმლო, მართლმადიდებელ ეკლესიებში ძალამოსილია. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკა ნათლობის შემთხვევაში სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ნიშნით გამოირჩეოდა. დღეისათვის გვაქვს მეორედ ნათლობის პრაქტიკა კათოლიკე მორწმუნეებისა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო სურთ შეუერდნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა, ზოგიერთი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკაში, იქნება ეს რუსეთი, საბერძნეთი, რუმინეთი თუ სხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შემოერთებისას, უმრავლეს შემთხვევაში, არ ხდება კათოლიკე მრევლის მეორედ ნათლობა, არამედ ისინი ან მირონცხების, ან აღსარების, ანდა სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმის გზით ხდებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები.

წმ. იოანე დამასკელი – მეორედ ნათლობა, როგორც იესო ქრისტეს მეორედ ჯვარცმა
ფაქტია, რომ მეორედ ნათლობა იქ, სადაც არ არსებობს ამის სარწმუნოებრივი და დოგმატური აუცილებლობა, ძალზედ საფრთხილო თემას წარმოადგენს ამ ორი ზემოთ ხსენებული კონფესიების შემთხვევაში. მე-8 საუკუნის მოღვაწე წმ. იოანე დამასკელი მკაცრად აფრთხილებს მეორედ ნათლობის მსურველებს და შეახსენებს მათ, რომ მეორედ ნათლობა იესო ქრისტეს მეორედ ჯვარცმის ტოლფასია. იგი თავისი ცნობილი ნაშრომის – მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემის ოთხმოცდამეორე თავში რწმენისა და ნათლისღების შესახებ წერს: „ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისამებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და სული წმიდის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმიდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმიდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარს აცვამენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქული, შეუძლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცვამენ რა და განაქიქებენ რა ქრისტეს (ებრ. 6,4-6)“.
საერთო საწყისების კვლავ აღმოჩენა გვჩუქნის იესო ქრისტეში ახალ ერთობას
წელს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევიდან 1700 წელი გავიდა. ამ დიდ იუბილეს, რომელიც ჩვენი ეკლესიებისა და ქრისტიანული რელიგიის ერთობას შეგვახსენებს, სურს, ასევე, მიგვაბრუნოს ჩვენი საერთო მაცხოვნებელი რწმენისა და საერთო საეკლესიო აზროვნების საწყისებთან. ეს იუბილე ჩვენ გვავალდებულებს, რომ თავიდან აღმოვაჩინოთ ის საერთო ენა, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს და მათ მოწაფეებს. ჩვენ სრულიად გულწრფელად უნდა შევძლოთ ამ საერთო ენის კვლავ დაბრუნება და დაუფლება. ჩვენ უნდა შევძლოთ მომავალში ამ საერთო ენით ვესაუბროთ ერთმანეთს, შევძლოთ ორი განსხვავებული ტრადიციის ისევ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოქცევა. ამისათვის კი საჭიროა ერთად ვისწავლოთ ჩვენი წარსულის ენა, ენა, რომელიც უკვე უცხოა ჩვენთვის. ამ უცხო ენის ერთად შესწავლა მიგვაბრუნებს აგრეთვე ჩვენს საერთო საწყისებთან. ამ საერთო საწყისებთან მიბრუნებას კი შეუძლია გვაჩუქოს იესო ქრისტეში ახალი ერთობა, რომელიც თავისი ისტორიით არა ახალი, არამედ დავიწყებული ძველია.
იღუმენი ეფრემი (ლომიძე)ჟურნალი "საბა" , 2025/07










Comments