top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სამი წელი საქართველოში – წმინდა საყდრის დესპანი ჟოზე ბეტანკური [Video]


2018 წლის ივნისი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

წმინდა საყდრის დესპანს, არქიეპისოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს საქართველოში ყოფნის სამი წელი შეუსრულდა.


იგი ვატიკანის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის ივნისიდან დაინიშნა.


ვატიკანის საელჩო, დესპანის საქართველოში ყოფნის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლს აქვეყნებს. მასში თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და აქტივობა, რომლებიც ელჩისა და ვატიკანის საელჩოს ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.


„ერთად აღვნიშნავთ საქართველოში ყოფნის სამ წლისთავს და ვმუშაობთ მომავლისთვის“ – ასე ჰქვია ვიდეორგოლს.




საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 23 მაისს.


1993 წელს, საქართველოში გაიხსნა წმინდა საყდრის საელჩო. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენად (დიპლომატიერი კორპუსის მეთაური) განისაზღვრა წმინდა საყდრის ნუნციო. წმინდა საყდრის ნუნციუსები საქართველოში:

  • ჟოზე აველინო ბეტანკური 2018 - დღემდე

  • მარეკ სოლჩინსკი 2012 - 2017

  • კლაუდიო გუჯეროტი 2002-2012

  • პიტერ სტეფან ცუბრიგენი 1998-2001

  • ჟან-პოლ გობელი 1993-1998

2004 წელს წმინდა საყდართან გაიხსნა საქართველოს საელჩო. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები წმინდა საყდართან:

  • ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი 2019-დღემდე

  • თამარ გრძელიძე 2014-2018

  • ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი 2004-2014

  • ​ამირან კავაძე 2001-2003 (რეზიდენციით ჟენევა)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების მიზნით, მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის და 2016 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში, პაპი ფრანცისკეს მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები საქართველოში. ისტორიული მნიშვნელობის ეს ორი ვიზიტი იყო ნათელი დადასტურება წმინდა საყდრის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ.


წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების სფეროში. წმინდა საყდრის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს თეოლოგიური განათლება მიიღონ რომში. წარსულში, სტიპენდიები იყო ასევე გამოყოფილი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებისათვის იტალიის წამყვან კონსერვატორიებში სწავლის გაგრძელების მიზნით.


2011 წელს, ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცათ 2 წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის კონგრეგაციის „პროპაგანდა ფიდე“ დაცულ არქივებში, სადაც ინახება უძველესი ხელნაწერები საქართველოს შესახებ.


წმინდა საყდრის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ქართული სიძველეების დაცვასა და აღდგენას. საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს მხარდაჭერით, მოხერხდა სვანეთში დაცული უძველესი ქართული ხატების აღდგენა. ასევე, შეიქმნა სახელოსნო, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ მინანქარზე მუშაობის ხელოვნებას.

ქალაქ სანტა მარინელაში საზეიმოდ გაიხსნა ვატიკანში მოღვაწე მეცნიერის მიხეილ თამარაშვილის მემორიალური დაფა. მის წიგნს ,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის სამეცნიერო წრეებში და ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა.


საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ოფიციალურად 1994 წლის 3 ნოემბერს, კათოლიკურმა ეკლესიამ დააარსა. თუმცა, მისი მოხალისეობრივი საქმიანობა 1993 წლიდან იწყება. საქართველოს კარიტასი 1998 წლიდან არის „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) და „კარიტას ინტერნაციონალისის” (Caritas Internationalis) მსოფლიო კონფედერაციის წევრი. საერთაშორისო კარიტასი შედგება 160 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ადამიანებს. საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე მოწყვლად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს კარიტასი დასახული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, შემდეგი პროგრამების ფარგლებში: ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა; სოციალური ზრუნვა; თემებისა და ადამიანების მდგრადი განვითარება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.


მოამზადა თაკო ფეიქრიშვილმა
bottom of page