‘სასიამოვნო, რთული და კარგად შესრულებული ვიზიტი იყო’ – გიორგი მარგველაშვილი პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზტს იხსენებს
2016 წლის 30 სექტემბერს, მაშინ როცა საქართველოს ესტუმრა პაპი ფრანცისკე, პირველი, ვინც მას აეროპორტში დახვდა და მიესალმა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იყო. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, სწორედ იგი გახდა პაპ ფრანცისკეს იმ ისტორიული ვიზიტის მასპინძელი, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქვეყნის თანამედროვე რელიგიურ და დიპლომატიურ ისტორიაში.
ათი წლის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს იხსენებს.

გიორგი მარგველაშვილს კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურები, მამა აკაკი ჭელიძე და მამა გაბრიელე ბრაგანტინი დუშეთში, მისსავე სახლში ესტუმრნენ.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მღვდელმსახურებმა ყოფილ პრეზიდენტთან ჩაწერეს.
მამა აკაკი: მოგესალმებით, ბატონო გიორგი და მადლობას გიხდით ამ ინტერვიუსთვის. ამ წელს, პაპ ფრანცისკეს საქართველოში ჩამოსვლიდან ათი წელი შესრულდა. იმ პერიოდში თქვენ ქვეყნის პირველი პირი, მისი მასპინძელი იყავით. როგორ გაიხსენებთ პაპის ჩამოსვლის პირველ წუთებს?
გიორგი მარგველაშვილი: დიახ, მე ვიყავი მისი მასპინძელი, რადგან ამ შემთხვევაში, რომის პაპი საქართველოში ჩამოვიდა, როგორც სახელმწიფოს მეთაური. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ვიზიტი არ იყო, რადგან რომის პაპის ჩამობრძანება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მე არ ვაკნინებ სხვა ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების ვიზიტებს, თუმცა მსოფლიოში პაპი ერთია და პრეზიდენტები ბევრნი არიან. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროტოკოლურადაც. ვატიკანში ვინც ყოფილა, იმ სახელმწიფოს მეთაურმა იცის, რომ სულ სხვა პროტოკოლია მაშინ, როცა ვატიკანში ჩადიხარ. შესაბამისად, მისი ვიზიტისთვის ძალიან ვემზადებოდით.
ერთის მხირვ, ეს იყო ვიზიტი სახელწიფოს მეთაურისა, რომელსაც უზარმაზარი გავლენა გააჩნია მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე და ამ კუთხით, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რომის პაპისთვის მიმეწვდინა ის პრობლემატიკა, რომელიც გვქონდა და ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვლოვანი იყო მისი განხილვა.
მეორეს მხირვ, ეს იყო ვიზიტი ეკლესიის მეთაურისა და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაპის ვიზიტი პატრიარქთან. ორივე ეკლესიის მეთაურის მხირდან ეს იყო საგანგებო ურთიერთობის გამოვლენა.
მესამე მომენტი ის არის, რომ პაპი საქართველოში ჩამოდიოდა, როგორც თავისი მრევლის ეკლესიის მეთაური და ამ თვალსაზრისითაც, ჩვენ მაქსიმალური პოზიტიური სერვისი უნდა გაგვეწია, რომ მისი შეხვედრა საკუთარ მრევლთან ყოფილიყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი საქართველოს კათოლიკე მოქალქეებისთვის.
პროტოკოლური თვალსაზრისით, ეს ერთ–ერთი ყველაზე რთული ვიზიტი იყო, რადგან ეს იყო შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთან – უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსთან; ეს იყო შეხვედრა ეკლესიის მეთაურისა ჩვენი ეკლესიის მეთაურთან – ანუ ორი ქრისტიანული ეკლესიის დიალოგის თვალსაზრისით; ასევე ეს იყო შეხვედრა, სადაც საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებისთვის მაქსიმალური სერვისი უნდა გაგვეწია, რომ მათი შეხვედრა კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელთან, მათთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო, როგორც განსაკუთრებული მოვლენა.
ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან საქართველოში რომის პაპი მეორედ ჩამოვიდა. მანამდე იყო პაპი იოანე პავლე II და ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო მეორე ვიზიტი. ჩემი შეფასებით, და მგონი საზოგადოების შეფასებითაც, ეს ვიზიტი ძალიან კარგად განხორციელდა. ამის შემდეგ, პაპ ფრანცისკეს მე კიდევ შევხვდი რომში, მაშინ უკვე პრეზიდენტი აღარ ვიყავი და ჩვენ თბილად გავიხსენეთ მისი ვიზიტი საქართველოში.
მამა აკაკი: თქვენი მოიწვევით ჩამოვიდა პაპი საქართველოში?
გიორგი მარგველაშვილი: დიახ. მე მანამდე ვიყავი ჩასული ვატიკანში და ბუნებრივია იქ მოვიწვიე, რომ საქართველოში გვსტუმრებოდა. ძალიან სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და რთული, თუმცა კარგად შესრულებული ვიზიტი იყო.
მამა აკაკი: ყველაფერი არ ხდებოდა კამერების წინ, ალბათ კამერებს მიღმაც გქონდათ მასთან ურთიერთობა, რამეს ხომ არ გაიხსენებდით ასეთი საუბრებიდან?
გიორგი მარგველაშვილი: ჩვეულებრივი პროტოკოლი არის ის, რაც ხდება კამერების წინ ანუ სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს ხვდებიან და ამის შემდეგ განხორციელდება პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის დროს, ბუნებრივია ჩვენ ერთმანეთთან გასაზიარებელი გვქონდა ჩვენი თემატიკა. ამ შეხვედრის დროს მე ძირითადად ვსაუბრობდი საქართველოს პრობლემატიკაზე, რომელიც არის ტერიტორიული მთლიანობა. აქ, რა თქმა უნდა, რომის პაპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
მამა აკაკი: იყო თუ არა რაიმე ეპიზოდი, რომელიც ფართო საზოგადოებამ ვერ ნახა, თუმცა თქვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დარჩა.
გიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით მნიშველოვანი იყო რომის პაპის დამოკიდებულება ჩვენს პატრიარქთან. როგორც მახსოვს, ჯერ ჩემთან ჰქონდა შეხვედრა და მერე დაიგეგმა საპატრიარქოში ვიზიტი და ვიხსენებ როგორი რეაქცია ჰქონდა მას [პაპს] როცა უნდა წასულიყო ილია მეორეს სანახავად. და ასევე მახსენდება ამბავი, რომელიც ამ შეხვედრის მერე მითხრეს – თუ როგორი იყო მათი შევხვედრა. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ ვნახე ფილმი „ორი პაპი“, ძალიან საინტერესო ფილმია და როცა მას ვუყურებდი ვფიქრობდი ილია მეორესთან პაპის დამოკიდებულებაზე, რადგან ეს დამოკიდებულება ძალიან ჰგავდა ფილმში ნაჩვენებ დამოკებულებას მოქმედი პაპისა ყოფილ პაპთან, რაცინგერთან [იოზეფ რაცინგერი, პაპი ბენედიქტე XVI] . საქართველოში ჩამოსვლის დროსაც, პაპი ფრანცისკე უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე ილია მეორე.
მამა აკაკი: ამასთან, სრულებით არანაყალბევი სიმპათია წამოიღო პაპმა ილია მეორესთან შეხვდრიდან და შემდეგ, რამდენჯერაც მას [პაპ ფრანცისკეს] შევხვდით, ყოველთვის იხსენებდა მას [ილია მეორეს], როგორც „ღვთის კაცს“. პირველივე ინტერვიუში, რომელიც პაპმა უკან დაბრუნებისას, თვთმფრინავში მისცა, თქვა, „აღმოვაჩინე, შევხვდი „ღვთის კაცსო“. და ჩვენც, როცა 3 თვის შემდეგ მასთან ვიზიტით ჩავედით და მოვინახულეთ, მოიკითხა ილია მეორე. ამ წლების განმავლობაში, პაპის გულში საქართველოსთვის კარი სულ ღია იყო.
გიორგი მარგველაშვილი: დიახ, ახლა გამახსენდა ეს ფრაზა. როცა დაბრუნდნენ ამ შეხვდრიდან და მიზიარებდნენ შთაბეჭდილებას, სწორედ ამაზე მეუბნებოდნენ, რომ ეს ფრაზა „ღვთის კაცი“ ძალიან მინშვენლოვანი იყო და ძალიან დიდი სითბო ტრიალებდა ამ შეხვედრისას.
მამა აკაკი: ნებისმიერ ქვეყანაში, პაპის ვიზტი მშვიდობისა და დიალოგის გზავნილია. ერთი მხრივ, ქართველი კათოლიკეებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები კათოლკეებისთვის, ეს არის დიდი მხარდაჭერა (თან იმ პირობებში, როცა ქვეყანაში კათოლიკეები უმცირესობას წარმოადგენენ) და ასევე ერთობის ნიშანი. თუმცა პაპი მხოლოდ კათოლიკეებს არ სტუმრობს, როდესაც ის ჩადის რომელიმე ქვეყანაში, ამით გამოხატავს პატივიცემას ამ ერის, მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. ამიტომ მისი პროგრამა როგორც წესი მოიცავს შეხვედრებს სახელმწიფო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან სხვდასხვა რელიგიურ თემებთან. სახელმწიფოს გადასახედიდან, რა მნიშვნელობის იყო ეს შეხვედრა, თქვენი შეფასებით?
გიორგი მარგველაშვილი: პაპის ჩამობრძანება არის შესაძლებლობა, რომ ყურადღება მოგაქციოს მსოფლიომ და ამ მომენტში, ჩემი აზრით, ჩვენ ორი მთავარი გზავნილი გავაგზავნეთ მსოფლიოში: რომ ჩვენ ვართ ტოლერანტული და მრავალფეროვნების მიმღები ერი. და მეორე, რომ ჩვერ ვართ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული. პროტოკოლის სერიოზული ნაწილი იყო ის, რომ უზარმაზარი პრესსერვისი განხორციელდა, რადგან იქ, სადაც რომის პაპი მიდის, მას ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან მიჰყვებიან ჟურნალისტები. შესაბამისად, მათთვის დაჯავშნული იყო მთელი სასტუმრო და პლიუს კიდევ თარგმანისა და სხვადასხვა სერვისი.
მამა აკაკი: გამოსვლაში პაპმა ისაუბრა „თითოეული ქვეყნის სუვენერული უფლებების პატივისცემაზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, თუმცა პირდაპირ არ უხსენებია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი. თქვენთვის, როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის, იყო თუ არა ეს არაპირდაპირი გზავნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?
გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია იყო. როდესაც პაპი საქართველოში საუბრობს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალზე, აბსოლუტურად გასაგებია, რისი თქმა სურს. ბუნებრივია, რომ ეს არის კონტექსტია ამ სახელმწიფოსი, რომელსაც ამავე სახელმწიფოს პირველი პირის აჟღერებს. აქ გასაგები იყო, რაში მდგომარეობდა გზავნილი და რა ფორმით იყო ის მიწოდებული მსოფლიოსთვის.
მამა აკაკი: ამასთან, წლების განმავლობაში, ვატიკანი აფხაზეთისა და ოსეთის არაღიარების პოლიტიკაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილი: როდესაც პაპი ჩამოდის, შენ გაქვს შესაძლებლობა დაელაპარაკო მთელს მსოფლიოს. და მანდ ორი თემა გვაქვს ჩვენ, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო. პირველი: არაღიარების გაღრმავება და აქ ძალიან წარმატებულები ვართ; მეორე: ლტოლვილთა და დევნილთა მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების თემა. და აქ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდამჭერი. ამ თვალსაზრისით, რომის პაპის მხირდან შენთვის მხადაჭრის გამოხატვა გულისხმობს იმას, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებიც უშუალოდ შენი პარტნიორები არ არიან, მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ან მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, შენმა დიპოლომატებმა ისაუბრონ რომის პაპის განცხადების კონტექსტში იმიტომ, რომ სწორედ იქ გვჭირდება ხმების რაოდენობის ამაღლება.
მამა აკაკი: თქვენს სიტყვაში ახსენეთ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ელოდით თუ არა, რომ პაპიც შეეხებოდა სწორედ ამ საკითხს?
გიორგი: მე ვთქვი „ოკუპირებულია“, მან თქვა „სუვერენიტეტი“, ანუ ფაქტობრივად ერთი კონტექსტია.
მამა აკაკი: მისასალმებელ სიტყვებში პაპმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობაზე, დიალოგსა და რელიგიათშორის ურთიერთობებზე, თუმცა ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში, კათოლიკე თემს საქართველოში აქვს დიდი პრობლემა ტაძრებთან დაკავშირებით. დღემდე მართლმადიდებელ ეკლესიასთან ვდაობთ 6 კათოლიკურ ტაძარზე, სადაც ლიტურგიის აღვლენა კი არა, ხშირად შესვლისა და მონახულების პრობლემაც აქვთ კათოლიკეებს. სიმართლე გითხრათ, ქართველი კათოლიკეებისთვის ეს არის თემა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს და პაპის ვიზიტის ყველაზე დიდ შედეგსაც კათოლიკეები ამ თემასთან დაკავშირებით მოელოდნენ... თუ იყო საუბარი საერთოდ ტაძრების თემაზე პაპთან ან დიპლომატიური ურთიერთობებისას ვატიკანთან?
გიორგი მარგველაშვილი: არ მახსოვს, შეიძლება იყო საუბარი ამაზე. ეს გასახსენებელია ნუნცთან [ვატიკანის ელჩი], რადგან ელჩი ამზადებს ვიზიტს და ბუნებრივია, რომ ვიზიტის მომზადების კონტექსტში, გარკვეული საკითხები წამოწეულია ხოლმე. შესაძლოა ეს საკითხიც წამოიწია, მაგრამ ფონის არდაძაბვის მიზნით, შეიძლება გადავიტანეთ... აღარ მახსოვს.
მამა აკაკი: პირველი სიტყვა, რომელიც ამ ტაძრების შესახებ ვატიკანის მხრიდან ოფიციალურად გაჟღერდა, ეს იყო 2023 წელს, კარდინალ პიეტრო პაროლინის წერილი. წლების განავლობაში ვატიკანს არასდროს ოფიციალურად არ გაუჟღერებია ამ ტაძრების საკითხი. ეს ყოველთვის იყო ადგილობრივი კათოლიკეების გულისტკივილი, რომელსაც ვატიკანი უყურებდა ასე: რომ მისთვის აღმოსავლეთის ეკლესიასთან კეთილმეზობლობა და ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ხუთი ტაძარი, თუმცა ადგილობრივი კათოლიკეებისთვის ეს მნიშვნელოვანია.
გიორგი მარგველაშვილი: სად არის ეს ტაძრები? მანდ მღვდელთმსახურება ტარდებოდა თუ არა?
მამა აკაკი: გორში, ბათუმში, ქუთაისში, ივლიტაში, უდეში, ბუზმარეთში. ეს არის ტაძრები, რომლებიც კათოლიკურად აშენდა და მერე 1989 – 91– იან წლებში, მოხდა მათი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თემი სიებს ადგენდა თხოვნით, ჯერ კიდევ კომუნისტურ მთვარობასთან და მერეც, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.
მღვდელთმსახურება არ ტარდებოდა. მაშინ ერთი მღვდელი იყო მხოლოდ თბილისში, მაგრამ მრევლი ყველგან იყო. ეს არის ის თემები, რომელთა კვლავ გაჟღერება ჩვენი ჟურნალისტისა და კათოლიკე მკითხველისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
გიორგი მარგველაშვილი: არის ხოლმე თემები, რომლებიც ოფიციალურ განცხადებაში არ ჟღერდება, მაგრამ ახლა მე ვერც „კის“ გეუბნებით და ვერც „არას“. იმიტომ, რომ დიდიხნისწინანდელი ამბავია და არ მახსოვს, თანაც ეს არის ერთ–ერთი თემა, რომელზეც განცხადება არ გაკეთებულა.
მამა აკაკი: რელიგიათშორის ურთიერთობებს თუ გავყვებით, პაპ ფრანცისკეს ჩამოსვლას საპროტესტო ტალღაც მოჰყვა ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირისა და მათი მრევლის მხირდან. ჯერ კიდევ პაპის ჩამოსვლამდე, ვატიკანის საელჩოს წინ და შემდეგ სტადიონთანაც. რა თქმა უნდა, ამან ბევრი ვერაფერი დააკლო თავად პაპის სტუმრობასა და ამ ვიზიტის შინაარსს, თუმცა ეს ფაქტი ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიებს არ გამოპარვიათ. რამდენად რთული იყო თქვენთვის და მაშინდელი ხელიუფლებისთვის რელიგიათშორისი ურთიერთობებისა და დიალოგის წარმართვა?
გიორგი მარგველაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რამე ჩვენთვის პრობლემური იყო, რადგან პატრიარქისა და პაპის ურთიერთობის ფონი ისეთი ამაღლებული იყო, რომ აქ თემა „კათოლიკე“ და „მართლმადიდებელი“ არ ჩნდებოდა. მახსოვს, რომ იყო რაღაც რადიკალური ჯგუფების გამოსვლა, რომელიც თავისთავად ცოტა აბსურდულია, თუ ამას შენ აკეთებ, როგორც მართლმადიდებელი. არა მხოლოდ საერთო კონცეპტუალური დონიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, რომ შენი ეკლესია ძალიან ფართოდ შლის ხელებს და იღებს რომის პაპს, შენი პატრიარქი იხუტებს პაპს და შენ კიდევ რაღაცას ეძებ. აქ შენ უკვე „რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე გამოდიხარ“.
მინდა ვთქვა, რომ ასეთი რადიკალური მოსაზრების მქონე ადამიანებისა თუ ჯგუფების გამოსვლა იყო შევარდნაძის დროსაც, როცა პირველი პაპი [იოანე პავლე მეორე] ჩამოვიდა. მაშინ კიდევ უფრო რთულად იყო საქმე.
რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ, ვალდებული ვართ დავიცვათ წესრიგი და ამ ფონზე, ორივე ძალიან იოლი იყო.
მამა აკაკი: როგორ ფიქრობთ, რა დატოვა მსოფლიოს ერთ–ერთი გავლენიანი სულიერი ლიდერის, პაპ ფრანცისკეს ვიზიტმა საქართველოში, როგორც საზოაგადოების ცხოვრებაში, ასევე ქრისტიანულ დიალოგში?
გიორგი მარგველაშვილი: ქრისტიანული დიალოგის კონტექსტში – მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე თეოლოგიური დიალოგის მომსწრე ვიყავი ან ვიცი. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ვიზიტის მთავარი აქტორი იყო პატრიარქი და მათი ურთიერთობის ილუსტრაციამ მოგვცა კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გზავნილი ტოლერანტობის კონტექსტში. ისეთი შეხვდრა იყო, ისეთი ფრაზები ითქვა და ისეთი სურათი დარჩა, რომელიც გვაჩვენებს და გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ ღირებულებას. ქრისტიანობა სწორედ ტოლერანტობის რელიგიაა, სიყვარულის რელიგია და ამ ორი ადამიანის შეხვედრამ მოგვცა ასეთი გამომხატველი ილუსტრაცია. რეალურად ეს იყო გზავნილი ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის.
თუმცა ჩემი როლი იყო სხვა – მე ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა, რომელსაც გაიგებდა ვიღაცა, სადღაც მსოფლიოს რომელიღაცა წერტილში. იმიტომ, რომ ის უყურებდა რომის პაპს. ვიღაცამ, სადღაც ბოლივიაში, შესძლაო არ იცოდეს, რომ არსებობს მარგველაშვილი, მაგრამ როცა ის უყურებს რომის პაპს, მარგველაშვილის გზავნილი მასთან მიდის. ეს იყო ჩემი თემა, მაგრამ თუ ვიზიტის შეჯამებას ვიტყვით – ეს არის ამ ორი ღვთის კაცის ურთიერთობა.
მამა აკაკი: მე მაშინ ვიყავი პრესასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი და ვიცი ის სირთულეები, რომლებიც მომზადებასთან იყო დაკავშირებული. გვინდოდა საზოგადოებაში რაც შეიძლება უკეთესად გამოჩენილიყო ვიზიტი, თუმცა ვგრძნობდი რომ საქმე მიდიოდა ასე – ყველაფერი იმაზე გაცილებით უხმაურო უნდა ყოფილიყო, ვიდრე საჭირო იყო. მაგალითად, როცა ჩამოვიდნენ ჟურნალისტები და მიმოიხედეს, უკვირდათ და კითხულობდნენ სად იყო ბანერები, სად იყო მომზადებული საჭირო მედიალური ატრიბუტიკა, რომელიც თუნდაც ინტერვიუს ასაღებად სჭირდებოდათ. რეალურად არაფერი არ იყო. ისინი კითხულბდნენ ჩვენ ხომ არ გავშალოთო ამისათვის ჩვენი სერვისი.
გიორგი მარგველაშვილი: ეს საინტერსო დეტალია, იმიტომ, რომ თუ ჩვენი მხირდან არასაკმარისი აქტიურობა იყო, შეიძლება ეს გამოწვეულია იმით, რომ:
– არ ვიცოდით, რომ დაუშვათ უნდა დაიბეჭდოს ბანერები, ჩვენ არასდროს არ ვბეჭდავთ ბანერებს, როცა სახელმწიფოს პირველი პირი ჩამოდის, რადგან ამას პროტოკოლი არ ითვალისიწნებს, თუმცა ეს შესძლოა რომის პაპზე უნდა გაკეთდეს. სხვა პრეზიდენტის ჩამოსვლისას, ერთადერთი, რაც პროტოკოლად კეთდება, ეს არის დროშები;
– რეკლამას (ინფორმაციის გავრცელება) რაც შეეხება, შესაძლოა აგრესიული ჯგუფების გამო, პრესსამსახურმა იფიქრა, რომ რეკლამირებამ უფრო მეტი „ტრიგერინგი“ (ძლიერი ემოციული რეაქცია) არ გამოიწვიოს და ასე მოიქცა პრევენციის თვალსაზრისით.
სავარაუდოდ, რომის პაპის ვიზიტს თავისი დამატებითი ვიზუალიზაცია გააჩნია, მაგრამ ჩვენ მოვექეცით მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს. შესაძლოა არ იყო სწორი.
მამა აკაკი: შედარებისთვის, პაპმა მოიარა ამიერკავკასიის სამივე ქვეყანა, ისევე, როგორც იოანე პავლე მეორემ. სომხეთში, სადაც მიწევდა და ახლაც ხშირად მიწევს ჩასვლა, მოსამზადებელ პერიოდში, მთელი ქალაქი, გიუმრი ბანერებით იყო გადავსებული და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, წელიწადზე მეტხანს დარჩა ეს ბანერები პაპის წასვლის შემდეგ. ეს გააკეთა სომხეთის სახელმწიფომ. ეს ბანერები სარეკლამო სივრცეებს იკავებდნენ ნიშნად იმსია, რომ შეხვედრის მომენტი არ იყო რაღაც უბრალო.
თუმცა მხოლოდ ახლა, 10 წლის მერე, შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როდესაც ვგრძნობდი, რომ უძლური ვიყავი რაღაცა დამეძრა ამ მიმართულებით. სტადიონიც კი, სადაც პაპმა წირვა აღავლინა იყო შეუვსებელი ხალხით და ეს ოპერატორებისთვის, მედიისთვის იყო რთული.

გიორგი მარგველაშვილი: რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო და არა კათოლიკური თემისა? ახლა ნელ–ნელა თქვენთან ერთად ვიხსენებ და მახსოვს, რომ მე უსაფრთხოებაზე ვღელავდი. იმიტომ, რომ მსგავსი ღონისძიება მხოლოდ ბუშის ჩამოსვლა მახსენდებოდა, სადაც ხალხის წინაშე გამოვიდა პირველი პირი. ძალიან საშიში თემაა და ეს მახსოვს. ამ შემთხვევაში რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ უსაფრთხოებაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ თავდასხმის უსაფრთხოებაზე. მაგრამ ხალხის მიყვანა რამდენად სახელმწიფოს საქმეა და არა კათოლიკე თემის, ამაზე არ მაქვს პასუხი.
მამა გაბრიელე: მოსამზადებელ პერიოდში, ჩვენ გვინდოდა ტელევიზიაში ეთერი დაეთმოთ, რადგან ხალხისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მაგრამ უარს გვეუბნებოდნენ. თუმცა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა რომის პაპი ჩადის რომელიმე ქვეყანაში, იქ საზოგადოებას მასმედიით ამზადებენ.
გიორგი მარგველაშვილი: ტელევიზია ჩვენთან კავშირში არ არის. ამას ჩვეულებრივ ალბათ საელჩო აკთებს და არა სახელმწიფო.
მამა გაბრიელე: უსაფრთხოების საკითხს რაც შეეხება, მე ვიყავი პასუხისმგებელი პირი იმ სტადიონზე, სადაც რომის პაპი ატარებდა წირვას და მახსოვს, რომ წინა საღამოს, იმ სტადიონზე ვისაც უნდოდა ყველა შემოდიოდა. პაპის წირვაზე ჩვენ ველოდებოდით აგრეთვე დელეგაციას საპატრიარქოდან, მაგრამ ბოლო წუთებში უარი გვითხრეს.
გიორგი მარგველაშვილი: ეს დეტალები არ ვიცი, რადგან ბოლომდე ჩახედული არ ვარ, რა კონტექსტი აქვს ამ წირვის დროს სხვა სასულიერო პირის დასწრებას და ა.შ.
მამა კაკი: მადლობა, ბატონო გიორგი იმ საინტერესო მოვლენების გახსენებისთვის, რომელიც ახლდა პაპ ფრანცისკეს ვიზიტს საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილი: სასიამოვნო იყო ეს საუბარი, რადგან გავიხსენე ორი წმინდა ადამიანის შეხვედრის მომენტი და ამ საუბარმა თბილი გრძნობა დატოვა ჩემში.
თაკო ფეიქრიშვილი





Comments