top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სასწრაფო დახმარების მანქანა – პაპის საჩუქარი კორონავირუსთან საბრძოლველად


სომხეთის ქალაქ აშოცკის „მაცხოვრის დედის“ სახელობის კათოლიკურმა საავადმყოფომ COVID 19-თან საბრძოლველად პაპის საჩუქარი მიიღო. სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო მანქანა 2021 წლის 25 აპრილის, წმიდა საყდრის დესპანმა, ჟოზე აველინო ბეტანკურმა და ქალაქ აშოცკის „მაცხოვრის დედის“ სახელობის კათოლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მარიო კუკაროლომ, ერევნის კათოლიკური საზოგადოების მონაწილეობით, დალოცეს.


ცერემონია საკვირაო, წმიდა ლიტურგიის შემდეგ, სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატში კანაკერში გაიმართა. წარმოდგენილი იყო კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ განკუთვნილი ახალი, სამედიცინო ტექნიკის აღჭურვილი სასწრაფო დახმარების ავტომობილი.


გარდა ამისა, საავადმყოფომ შეიძინა კოვიდ-19-ის ვირუსით დაავადებული პაციენტების ტესტირებისა და მკურნალობისთვის საჭირო დამატებითი საშუალებები. მანამდე, 2020 წელს, საქართველოსა და სომხეთის „კარიტასებმა“ საავადმყოფოს გადასცეს სასუნთქი აპარატები.


ახალი სამედიცინო ტექნიკა, სომხეთში, ვატიკანის ადამიანის ყოველმხრივი განვითარების დიკასტერიასთან არსებული „კეთილი სამარიელის ფონდისა“ და წმიდა საყდრის სადესპანოს ერთობლივი ძალისხმევით ჩამოიტანეს.


„კეთილი სამარიელის ფონდი“ ერთ-ერთი ცნობილი კათოლიკური ფონდია, რომელიც წმიდა საყდრის მრავალ სხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობით ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობას.


ქალაქ აშოცკის „მაცხოვრის დედის“ საავადმყოფოს ხელმძღვანელობენ წმ. კამილო დე ლელისის მამები (კამილელები), რომლებიც 25 წელზე მეტია რელიგიური თავდადებით ემსახურებიან სამხრეთ კავკასიელ პაციენტებს. საავადმყოფო პაციენტებს სიმბოლურ ფასად, ყველაზე გაჭირვებულთ კი სრულიად უფასოდ ემსახურება.


"პაპი ფრანცისკეს არჩევის მერვე წლისთავთან დაკავშირებით, წმიდა საყდრის სადესპანოს სურდა ეს თარიღი აღენიშნა პაპის სწავლებასთან ყველაზე მისადაგებული ფორმით - მადლობა ეთქვა ღმერთისთვის გულუხვი დონორების გამო და დახმარების ხელი გაეწვდინა გაჭირვებულთათვის".


bottom of page