საუკუნოვანი ტრადიცია – წმიდა აგნესას მოხსენიების დღეს პაპი ბატკნებს აკურთხებს
- catholic.ge

- 20 hours ago
- 3 min read
საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, რომაელი მოწამის, წმიდა აგნესას ლიტურგიკულ მოხსენიებაზე, რომში, მისი სახელობის ტაძარში, ორი კრავი აკურთხეს. მათ მატყლს, ახალი მთავარეპისკოპოსებისთვის, პალიუმის დასამზადებლად გამოიყენებენ.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ამ დღესასწაულისთვის ბატკნებს „ნაზარეთის წმიდა ოჯახის“ კონგრეგაციის მონაზვნები ამზადებენ.
წმიდა აგნესას საფლავზე, ბატკნების კურთხევის ტრადიცია მეექვსე საუკუნით თარიღდება. ეს რიტუალი წმინდანის შესახებ უძველესი ლეგენდიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალების შემდეგ, მის საფლავზე ლოცვისთვის მისულ მშობლებს ქალწულთა გუნდით გარშემორტყმული აგნესა გამოეცხადა, რომელსაც ხელში წმიდა კრავი ეჭირა.
წყაროები ასევე მიუთითებენ, რომ უძველეს დროში, ორი ბატკანი იყო „გადასახადი“, რომელსაც წმიდა აგნესას ბაზილიკის ბერები, წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკას უხდიდნენ, შემდეგ კი ლატერანის კაპიტულეს წევრები ამ ბატკნებს პაპს საკურთხებლად გადასცემდნენ.
არქივებში ასევე ინახება 1550 წლით დათარიღებული ბატკნების კურთხევის ჩანაწერი, რომელიც ამ ჩვეულების წარმოშობას ხსნის.
„ამ ბატკნების წარმოშობა წმიდა კონსტანციას უკავშირდება, იმპერატორ კონსტანტინეს ქალიშვილს, (ზოგი ამბობს, რომ ეს მეფე კარლოს I იყო), რომლმაც რომელმაც წმიდა აგნესას ეკლესია და მონასტერი დააარსა და მათ დიდძალი ქონება უბოძა. ვინაიდან ეს მონასტერი მსოფლიოში პირველი სამკვიდრო იყო, ის ყოველწლიურად იხდიდა გადასახადს ორ ბატკნის სახით. საზეიმო წირვის დროს, ზიარების მიღების შემდეგ, ბატკნები იკურთხებოდა და შემდეგ ბერებს გადაეცემოდათ (...). ნოტარიუსი ადგენდა გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს. ის, ვინც ბატკნებს პაპს გადასცემდა, ჯილდოდ რამდენიმე ოქროს მონეტას იღებდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბატკნების მატყლი და პალიუმი
საუკუნეების განმავლობაში, ბატკნებს ზრდიდნენ „ტრე ფონტანას“ სააბატოს ტრაპისტი ბერები. წმიდა აგნესას ბაზილიკიდან მათ ბატკნები საკურთხებლად პირდაპირ პაპთან მიჰყავდათ. თავის მხრივ, პაპი მათ საზეიმო მსვლელობით ხვდებოდა და აკურთხებდა. რის შემდეგაც, პაპი ამ ბატკნებს მოსავლელად წმიდა სესილიას ბაზილიკის ბენედიქტელ მონაზვნებს გადასცემდა. თვეების შემდეგ, მონაზვნები ბატკნებს პარსავდნენ და მათი მატყლიდან ამზადებდნენ პალიუმებს, ახალი მთავარეპისკოსებისათვის.
ბოლო წლებში, ტრადიციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. ტრაპისტები უკვე აღარ ზრდიან ბატკნებს, ხოლო პაპი ბატკნებს ვატიკანში აღარ აკურთხებს. მხოლოდ უცვლელი დარჩა ბენედიქტელი მონაზვნებისათის ბატკნების გადაცემის ტრადიცია, რომლებიც მათ წმიდა კვირაში პარსავენ, რათა მატყლისგან პალიუმები დამზადდეს.
უკვე 140 წელია ბატკნებს საკურთხებლად „წმიდა ნაზარეთელი ოჯახის“ კონგრეგაციის მონაზვნები ამზადებენ. ამ წელს, მომზადების პროცესს, მათ დაურთეს კიდევ ერთი ელემენტი: დააწერეს არა მხოლოდ საიუბილეო წელი, არამედ 150 წელი მათი კონგრეგაციის დაარსებიდან.
ერთ-ერთი მონაზონი, ჰანა პომიანოვსკა (CSFN) იხსენებს, თუ როგორ დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბატკნების მოვლა „ნაზარეთის წმინდა ოჯახის“ დების ახალგაზრდა კონგრეგაციამ, რომელიც მაშინ ათი წლისაც არ იყო.
„ეს პრივილეგია [ადრე] ეკუთვნოდათ მონაზვნებს, რომლებიც ცხოვრობდნენ წმიდა აგნესას ბაზილიკასთან, „ვია ნომენტანაზე“ - წმიდა პატროჩინიოს, წმიდა იოსების მფარველობის ქვეშ დაქვემდებარებულ კონგრეგაციაში. ასე, დაახლოებით, 1885 წლამდე გრძელდებოდა. შემდეგ, კონგრეგაციას ფინანსურად გაუჭირდა. რამდენიმე უმცროსი და, მათ შორის მონასტრის უფროსი, ავად გახდა. იმ დროს, ისინი „პიაცა დანტეზე“ პატარა სახლში ცხოვრობდნენ. ჩვენი დამფუძნებელი, ფრანცისკა სიდლესკა ეხმარებოდა ავადმყოფ დებს, რომლებიც „ვია ნომენტანიდან“ ჩამოვიდნენ. მან შეიტყო ბატკნების ისტორიის შესახებ და ის, რომ დასუსტებულ კონგრეგაციას აღარ შეეძლო მათზე ზრუნვა. კონგრეგაციის უფროსის თხოვნით, „ნაზარეთის წმინდა ოჯახის“ კონგრეგაციის დებმა გულითადად აიღეს თავზე კალათების გაფორმების, დარეცხვისა და მომზადების საქმე. მათ ეს პასუხისმგებლობა, უფრო სწორად, პრივილეგია, რომის ეკლესიასთან ერთიანობის ძღვნად მიიღეს და ასე გრძელდება დღემდე.
XIX საუკუნის ბოლოდან, წმიდა აგნესას ხსენების წინა დღეს, ბატკნების მომზადების ტრადიცია მონაზვნების მომდევნო თაობებს გადაეცა. დღეს ამ ტრადიციაში ჩვენი მონაწილეობა ეკლესიისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულებაა“. - ამბობს რომში „ნაზარეთელი დების“ პროვინციული წინამძღვარი, მონაზონი დოროტა პოდვალსკა.
ბატკნების მომზადების პროცესი მრავალი წელია ერთნაირია: წმიდა აგნესას ხსენების წინა დღეს, ბატკნები მიჰყავთ ნაზარეთელი დების, მაკიაველის ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც მონაზვნები ამზადებენ მათ, აბანავებენ, კვებავენ და ღამით უვლიან. მეორე დღეს, მათ ორ კალათაში სვამენ. ერთი მორთულია წითელი ვარდებით, მოწამეობრივი სიმბოლოთი, წარწერით: S.A.M. (Sant'Agnese Martire), ხოლო მეორე – თეთრი ვარდებით, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ქალწულობას და აწერია: S.A.V. (Sant'Agnese Vergine).
დილით, დების სახლის წინ, ლატერანის წმიდა იოანეს ბაზილიკიდან გამოსული მანქანა ჩერდება. ორი ლატერანელი მსახურის თანხლებით, ბატკნები საზეიმო წირვისთვის, გალავანს მიღმა მდებარე წმიდა აგნესას ბაზილიკაში მიჰყავთ. წირვას, როგორც წესი, აბატი, ლატერანის საკათედრო ტაძრის გენერალი აღავლენს. იქიდან კი ცხოველები ბენედიქტინელ მონაზვნებთან მიჰყავთ.
„ჩვენი სულიერების კიდევ ერთი ელემენტი დაკავშირებულია ბატკნების ტრადიციასთან, ჩვენი ზრუნვა მათზე და მათი მომზადება კურთხევისთვის მარტივი და ფარულია, ისევე როგორც წმიდა ოჯახის ცხოვრება ნაზარეთში ფარული და ჩვეულებრივი იყო“, - ამბობს წმიდა ნაზარეთის ოჯახის კონგრეგაციის დების პროვინციალი.
შოთა გიქოშვილი














Comments