top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საჭიროა აზრთა ჭიდილი ხელისუფლებასთან?

  • 4 minutes ago
  • 2 min read

დემოკრატიული ინსტიტუტები დღეს არაერთი წინააღმდეგობრივი გამოწვევის წინაშე დგანან: არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება, სოციალური უთანასწორობის ზრდა, ფინანსურ ელიტებს შორის განხეთქილება და მოქალაქეთა მასა, რომელიც სულ უფრო მეტად ემიჯნება ძალაუფლების რეალურ დინამიკას. ასეთ გარემოში მძაფრდება „შფოთვის“ განცდა და, შესაბამისად, იმის საჭიროებაც, რომ დემოკრატიის მოდელი უშუალოდ იყოს მონაწილეობითი, ვიდრე წარმომადგენლობითი.



ინტერნეტისა და სოციალური მედიის მხარდაჭერით, თითქოს უკვე მოქმედებს „დემოკრატია რეალურ დროში“ და მოქალაქეებიც თავს მუდმივად იქ მყოფებად გრძნობენ; მაგრამ რა სახის მონაწილეობა იქმნება სინამდვილეში? განა ეს არ შექმნის ახალ ილუზიებს იმის შესახებ, რომ ის იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ერთპიროვნული მმართველი?


დიდი ალბათობით, უარი არ უნდა ითქვას ყველა იმ გარემოებაზე, რაშიც ადამიანმა უშუალოდ უნდა მიიღოს მონაწილეობა: დაწყებული საკუთარი სახლიდან, რაიონიდან, თავისი შვილების სკოლიდან, თავისი ეკლესიიდან... I care-ს (მე ვზრუნავ) პრინციპით.


ამრიგად, მონაწილეობითი დემოკრატიის მოდელი, სწორედ მცირე არჩევანის გამო, გამოსავალია წარმომადგენლობით დემოკრატიასთან შედარებით, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც სატყუარა, „აზრის სიელმე“, ფიქტიური ერთიანობა, რომელიც ინდივიდს აქტიურ პოლიტიკურ მონაწილეობაში უშლის ხელს. შეიძლება საკუთარი ინტერესების დაცვა ხალხის წარმომადგენლებს მიანდოთ, მაგრამ საკუთარი მოსაზრებების - არასდროს; ძალაუფლება ვერ „გასხვისდება“, რადგან ის ვლინდება ინდივიდებს შორის ურთიერთობაში, „ხმათა უმრავლესობით“, რომლებიც ქმედებითა და საუბრებით გამოხატავენ თავიანთ უნიკალურობას, თანასწორობასა და განსხვავებულობას, რაც უპირისპირდება გულგრილობისა და უნდობლობის იმ ნაკადს, რასაც შეიძლება წააწყდნენ თანამედროვე მასები (შდრ. ჰანა არენდტი, გერმანელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური თეორეტიკოსი).


წარმომადგენლობითობა არა მხოლოდ არასაკმარისია სოციალური ცხოვრების სირთულის გამოსახატავად, არამედ ზოგჯერ უსამართლოცაა, რადგან მას პლურალიზმის უარყოფაც კი შეუძლია. რა მოხდება მაშინ, თუკი ხალხის წარმომადგენლები, კონკრეტულ სიტუაციებში, ხალხისგან მიღებულ ძალაუფლებას საკუთრებად, უცილობელ და უდავო რეალობად აღიქვამენ? განა ეს არ გადაიქცევა დომინანტურ ძალად? საკითხი ეხება არა მხოლოდ საკანონმდებლო ქმედებას, არამედ სოციალური კონფლიქტების მართვის წესსაც; როდესაც კონფლიქტი განიხილება როგორც შემაწუხებელი ფაქტორი, რომლის აღმოფხვრა ან უგულებელყოფაა საჭირო, და არა როგორც რეალობა, რომელიც საჭიროებს მოსმენას, ძალაუფლება უბრალოდ იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას. იგივე ტენდენცია ვლინდება განსხვავებული აზრის მართვისას, მაგალითად, საუნივერსიტეტო გარემოში. ხოლო როდესაც ინსტიტუციები რეაგირებენ გაღიზიანებით, სარკაზმით ან საერთოდ არ პასუხობენ სტუდენტებს, რომლებიც ახსნა-განმარტებას მოითხოვენ, გზავნილი მკაფიო და ნათელია: ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი არგუმენტები.


ნამდვილი დემოკრატიის დროს კითხვები არ უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლებისათვის დაბრკოლებას, როგორც ირლანდიელი ფილოსოფოსი და პოლიტიკური თეორეტიკოსი ფილიპ ნოელ პეტიტი შეგვახსენებს, პირიქით, ეს მისი ლეგიტიმურობის ერთ-ერთი პირობაა. დაპირისპირების ატანის სირთულე კომუნიკაციის სტილშიც ვლინდება: მრგვალი მაგიდების, პრესკონფერენციებისა და ჟურნალისტებთან ან ოპოზიციასთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება მხოლოდ სტილის საკითხი როდია! რადგან დემოკრატიული თვალთახედვიდან გამომდინარე, თუკი სახალხო თანხმობა უდევს საფუძვლად მთავრობაში ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ეს მოითხოვს არა მხოლოდ წარმომადგენლობითი, არამედ, უპირველესად, მონაწილეობითი პრინციპით იყოს უზრუნველყოფილი მისი საპროტესტო გამოხატვის თავისუფლება.


პარლამენტი, პრესა, სასამართლო სისტემა, შუამავალი ორგანოები, უნივერსიტეტები, ქუჩები (ტროტუარები) არ წარმოადგენს დაბრკოლებას მთავრობის ქმედებისათვის, არამედ ესაა ადგილი, სადაც ხელისუფლებაში მყოფებს დიალოგისკენ, რეაგირებისა და პასუხისმგებლობის აღებისაკენ მოუწოდებენ. როდესაც ეს სივრცეები შეზღუდულია ან უგულებელყოფილია გადაუდებლობის, გამარტივების, განვითარების ან მმართველობის სახელით, დემოკრატია მყიფე ხდება.


ამიტომ, თავისუფლება არ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ როგორც პოლიტიკის „საშუალება“, არამედ იგი წარმოადგენს „ნამდვილ მიზეზს, რის გამოც ადამიანები იღვწიან ამა თუ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაში; ელემენტს, რომლის გარეშეც თავად პოლიტიკური ცხოვრება აზრს მოკლებული იქნებოდა“. „პოლიტიკა და თავისუფლება იდენტურია!“ თავისუფლება ნიშნავს სხვებთან თანასწორ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც მოქალაქე მოქალაქეთა შორის, ცხოვრებას სირცხვილის გარეშე და ერთმანეთისათვის თვალის გასწორებას ყოველგვარი შიშის გარეშე. თავისუფლების არსი არ გულისხმობს ჩაურევლობას, არამედ გამორიცხავს თვითნებურ ჩარევას, ცალკეულ მოქალაქეებზე თვითნებურ ბატონობას. სწორედ ამ არამდგრად ზღვარზე იკვეთება დღეს დემოკრატიული სულის მომავალი.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", მარტი, 2026



Comments


bottom of page