top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საშობაო ორცხობილები - რეცეპტი


ევროპის ბევრ ქვეყანაში საშობაოდ გემრიელ და ულამაზეს ორცხობილებს ამზადებენ, მათი თვალისმომჭრელი ფორმები, ალბათ ნამდვილად მიიქცევდა თქვენს ყურადღებასაც.


ასეთ ტკბილეულს ზოგან ჯანჯაფილის ორცხობილებსაც ეძახიან, რადგან მის მოსამზადებლად ჯანჯაფილიც საჭიროა.


ევროპაში ჯანჯაფილის ორცხობილას მას მერე აცხობენ, რაც ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ქვეყნდებიდან სხვადასხვა სანელებლები ჩაიტანეს. მისი ცხობის ტრადიცია სწრაფად გავრცელდა ევროპაში, მოგვიანებით კი ამ ტკბილეულის შესახებ ოკეანის გადაღამაც გაიგეს.


Gingerbread – ასე უწოდებენ ამ ორცხობილას ინგლისურენოვან ქვეყნებში XV საუკუნის ბოლოდან.

გთავაზობთ ამ ორცხობილების რეცეპტსა და მომზადების წესს:


ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 400 გ

  • შაქრის პუდრა - 70 გ

  • თაფლი - 3 ჩ/კ

  • კვერცხი - 2 ცალი

  • გახეხილი ჯანჯაფილი - 2 ს/კ

  • დარიჩინი - 1/2 ჩ/კ

  • მწიკვი მარილი

  • თეთრი მინანქრისთვის:

  • კვერცხის ცილა - 1 ცალი

  • შაქრის პუდრა - 220 გ

მომზადების წესი:


ჯამში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი, მარილი. დაუმატეთ კარაქი, თაფლი, კვერცხი და გახეხილი ჯანჯაფილი. აურიეთ ყველაფერი კარგად.


კარგად მოზილეთ ცომი ხელით. გააკეთეთ ერთი დიდი ან 2 საშუალო ბურთი და შედგით მაცივარში ერთი საათით.


ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი. იმისათვის, რომ არ მიგეკროთ და გაგეხეთ ცომი, შეგიძლიათ ცომი ორ ფურცელ პერგამენტს შორის მოათავსოთ. გაბრტყელებული ცომის სისქე 3-5 მმ უნდა იყოს.


გამოჭერით ფიგურები სპეციალური კულინარიული ფორმების ან ქაღალდის ტრაფარეტების მეშვეობით. გადაიტანეთ ფიგურები გამოსაცხობ ქაღალდაფენილ ტაფაზე. თუკი ნაძვის ხეზე დასაკიდადაც გინდათ, მაშინ გაუკეთეთ წინასწარვე ნახვრეტები, რომ შემდეგ ლენტი გაუყაროთ და დაკიდოთ ნაძვის ხეზე.


აცხვეთ 7-10 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. ყურადღება მიაქციეთ დროს, არ გამოგიშრეთ ორცხობილები!. მზად იქნება, როგორც კი ორცხობილები შევარდისფრდება.


მას შემდეგ, რაც ორცხობილები გაგრილდება, დაიწყეთ დეკორირება. მორთეთ ორცხობილები ჩვეულებრივი შაქრის მინანქრით, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში ან მოამზადოთ თავად. გაითვალისწინეთ, რომ ის მაშინვე მთლიანად უნდა გამოიყენოთ.


მინანქრის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე.

ჩაუმატეთ შაქრის პუდრის ნახევარი და განაგრძეთ თქვეფა პრიალა, მკვრივი მასის მიღებამდე.


ჩაუმატეთ დარჩენილი პუდრა, აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

გადაიტანეთ მინანქარი კუთხემოჭრილ პაკეტში და შეუდექით ორნამენტების მოხატვას.


შეგიძლიათ პროცესში თამამად ჩართოთ ბავშვებიც. მათ აუცილებლად დაანტირესებთ ეს საქმიანობა.



მოამზადა - თაკო ფეიქრიშვილმა

bottom of page