top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სვეტლანა ალილუევა - 'წითელი ღმერთის' ქალიშვილი

  • 3 days ago
  • 3 min read

„თავს უკვე ვეღარ მოვიტყუებ იმაზე ფიქრით, რომ ოდესმე შევძლებ გათავისუფლებას „სტალინის ქალიშვილის“ იარლიყისაგან“ - ეს სიტყვები ეკუთვნის სვეტლანა იოსების ასულ ალილუევას, იოსებ სტალინისა და მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას ქალიშვილს, რომელიც კათოლიკედ მოექცა.



სვეტლანა ალილუევა დაიბადა 1926 წელს, როდესაც მამამისი უკვე საბჭოთა კომუნისტური პარტიის პირველი გენერალური მდივანი იყო. დედა ექვსი წლისას გარდაეცვალა, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მან თავი მოიკლა 1932 წელს. როგორც თავის ბიოგრაფიაში წერს, ის აღიზარდა ათეისტურ გარემოში: „მე ვცხოვრობდი რუსეთის ათეისტურ სახელმწიფოში... გამზარდეს ათეისტმა მშობლებმა, ვსწავლობდი ათეისტურ სკოლაში. ამ მატერიალისტურ საზოგადოებაში ღმერთზე არავინ საუბრობდა“. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბებიების ფიგურა: „ბებია, მამაჩემის მხრიდან, ეკატერინე ჯუღაშვილი, წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი იყო... მაგრამ ღვთისა და ეკლესიის სწამდა... ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი, მამაჩემი, დაბადებისას სიკვდილს რომ გადაურჩა, მღვდელი გამხდარიყო“. ხოლო დედის მხრიდან ბებიის შესახებ წერდა: „იგი ხალისით გველაპარაკებოდა ღმერთზე... მისგან მოვისმინეთ პირველად ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სული“ და „ღმერთი“. მისთვის ღმერთი და სული ცხოვრების საფუძველი იყო“.


სკოლაში სვეტლანას ისე ეპყრობოდნენ, როგორც „დედოფალს“, თუმცა ზოგიერთი თანაკლასელი გადასცემდა სასოწარკვეთილ წერილებს „დაკარგულ“ მშობელთა შესახებ, რათა მას მამასთან ეშუამდგომლა; ის კი პასუხობდა: „ნუ გახდები საფოსტო ყუთი!“.


დროთა განმავლობაში, ნათესავ-მეგობრებიც დააპატიმრეს ან მოკლეს. 16 წლის ასაკში, სვეტლანას ურთიერთობა მამასთან დამძიმდა, მას შემდეგ, რაც მისი ორი საყვარელი ბიძა ,,გაუჩინარდა“ სტალინის ბრძანებით და ასევე მაშინ, როდესაც მიაგნო საიდუმლო საბუთს დედის თვითმკვლელობის შესახებ, რასაც მას უმალავდნენ.


მისი პირველი შეყვარებული სტალინმა გულაგში გაგზავნა. მოგვიანებით, მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, ის ახალგაზრდა ებრაელ მამაკაცზე დაქორწინდა, შემდეგ კი კრემლის მაღალი თანამდებობის პირის შვილზე. არცერთი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.


1953 წელს სვეტლანა მამის სიკვდილის მომსწრე გახდა; ეს ფაქტი მან ასე აღწერა: „საშინელი აგონია ჰქონდა; სიტყვასიტყვით, იგი სიკვდილმა მოახრჩო. სიცოცხლის ბოლო წამს მოულოდნელად გაახილა თვალი და ოთახში მყოფებს საშინელი მზერა მიაპყრო, შიშით სავსე, ან იქნებ მრისხანე მზერა. შემდეგ, უცაბედად, მარცხენა ხელი ასწია. ჟესტი გაუგებარი იყო, მუქარას ჰგავდა, და მაშინვე გარდაიცვალა“ (ბევრი საუბრობს, რომ ის მოწამლეს, ზოგიერთებს კი თავად სვეტლანაზე აქვთ ეჭვი).


მამის გარდაცვალების შემდეგ სვეტლანამ გვარი შეიცვალა: სტალინიდან ალილუევაზე, დედის გვარზე გადავიდა. „სტალინი“ ყურს მჭრიდა“, - აცხადებდა იგი.


1962 წელს, მას შემდეგ, რაც შეხვდა მართლმადიდებელ მღვდელს, მამა ნიკოლოზ გოლუბცოვს, რომელიც ადამიანებს ფარულად ნათლავდა, იგი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა. გასაჭირში ჩავარდნილმა, ინდოელ კომუნისტ ბრაჯეშ სინგჰზე დაქორწინება გადაწყვიტა. 1966 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მიიღო ნებართვა, მეუღლის ფერფლი ინდოეთში წაეღო. თუმცა იქიდან აღარ დაბრუნდა: ამერიკის საელჩოში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. 1967 წელს ნიუ-იორკში ჩავიდა ხელნაწერით, რომელიც სსრკ-ში არასდროს გამოქვეყნებულა: „ოცი წერილი მეგობარს“. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი, მასში მამას „ურჩხულად“ მოიხსენიებდა და მთელ საბჭოთა სისტემას აკრიტიკებდა;


1970-დან 1973 წლამდე იგი დაქორწინდა უილიამ უისლი პიტერსზე (ეს მესამე ქორწინება იყო) და სახელიც შეიცვალა - ლანა პიტერსი (Lana Peters). მათ ქალიშვილი, ოლგა, შეეძინათ. წარმატების მიუხედავად, მაინც მშფოთვარე ცხოვრება ჰქონდა, მიუხედავად მრავალფეროვანი რელიგიური ტრადიციებისა: „მრავალ აღმსარებლობას შორის მინდოდა ჭეშმარიტი მეპოვა, და მე დავკარგე იმის შეგნება, თუ ვინ ვიყავი და რისი მწამდა. ჩემი პირადი ძიების დასაკმაყოფილებლად მართლმადიდებლობას მივმართე. ჩემს კითხვებზე პასუხები ძალიან აბსტრაქტული მეჩვენა. მართლმადიდებელ ინტელექტუალებთან მეგობრობის მიუხედავად, სულიერი წყურვილი მაინც ვერ დავიოკე“.

შეერთებულ შტატებში სვეტლანა შეხვდა მამა ჯოვანი გარბოლინოს, რუსეთში მოღვაწე მისიონერს. სწორედ იგი დაეხმარა მას სულიერი გზის ძიებაში. იმ დროს სვეტლანა გატაცებული იყო ჟაკ მარიტენის მეუღლის, რაისა მარიტენის წიგნებით, რომელიც რუსეთში დაიბადა და იუდაიზმსა და ათეიზმში აღზრდის შემდეგ კათოლიკედ მოექცა.


1982 წლის 13 დეკემბერს სვეტლანა ალილუევამ კათოლიკობა მიიღო. მისი მიმოწერა კათოლიკე მღვდელთან, მის სულიერ მოძღვართან, მხოლოდ სვეტლანას გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა, ეს წერილები მისი ქრისტიანული რწმენის სიღრმეს ავლენდა. „გმადლობთ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, - წერდა იგი მღვდელს, - გმადლობთ, რომ კარი გამიღეთ. ვერ აგიწერთ ბოლო წლების წყვდიადს და იმ დიდ შინაგან სიმშვიდეს, რომელიც ახლა დამეუფლა!“ 1982 წლის 7 ნოემბერს იგი წერდა: ურყევი იყო ჩემი აღტაცება „რომის ეკლესიისადმი და გამუდმებით ვგრძნობდი იქ ყოფნის სურვილს. როგორც კომპასი იხრება ყოველთვის ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, მეც ვაგრძელებ მოძრაობას ერთი მიმართულებით: რომი...“. იგივე რწმენა გამოსჭვივის ათი წლის შემდეგაც, 1992 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელშიც აღწერს ყოველდღიურ ზიარებას და ლონდონში, კენსინგტონ ჩერჩ სტრიტზე მდებარე კარმელელთა ეკლესიას: „ამ ათი წლის შემდეგ თავს უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობ, სწორ გზას ვადგავარ“.


სვეტლანა სტალინი მშვიდად გარდაიცვალა 2011 წლის 22 ნოემბერს უისკონსინში (აშშ), 85 წლის ასაკში, მსხვილი ნაწლავის სიმსივნით, მოხუცებულთა თავშესაფარში, არა მამამისივით შეკრული მუშტით, არამედ ხელში სავარდით, მადლიერი იმ ჭეშმარიტების მოპოვებით, რომელიც მას იდეოლოგიამ წაართვა: სულის თავისუფლება.


წიგნში „ბოლო სიტყვები“ (The Last Words), რომელიც თავის მეგობარ მღვდელს მიუძღვნა, სვეტლანა წერს: „პირველად 36 წლის ასაკში ვილოცე ღვთის წინაშე და ჩემი ძმის, ვასილის, განკურნება ვთხოვე... არცერთი ლოცვა არ ვიცოდი, „მამაო ჩვენოც“ კი. მართლმადიდებლად მოვინათლე... ვხარობდი, რომ შევიცანი ქრისტე, მაგრამ თითქმის არცერთ ქრისტიანულ სწავლებას არ გავცნობივარ. დიდი დრო დამჭირდა, კათოლიკედ რომ მოვქცეულიყავი და კათოლიკე ეკლესიამ, უწინარესად, ერთი რამ მასწავლა: ყოველდღიური ცხოვრების კურთხევა, თუნდაც უმცირესი და შეუმჩნეველი ქმედების. არასდროს შემეძლო პატიება და მონანიება. დღეს კი, როგორც კათოლიკე, სხვანაირი ვარ, ვიდრე უწინ ვიყავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველდღე ვმონაწილეობ წირვაში. თავის მკლავებში მიმიღო ღვთისმშობელმა, რომლის სახელით მოხმობას ჩვეული არ ვიყავი“. სვეტლანას ქალიშვილი, ოლგა, დედას ასე იხსენებს: „მას წარმოუდგენელი რწმენა ჰქონდა, უპირობოდ ვუყვარდი, არასდროს არავისგან მიგრძვნია ასეთი სიყვარული“.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", ივლისი, 2026

Comments


bottom of page