top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დაარსებულ უნივერსიტეტს, „საბაუნს“ ახალი რექტორი ჰყავს. ვაჟა ვარდიძის შემდეგ, ამ თანამდებობაზე მღვდელმსახური, მამა აკაკი ჭელიძე დაინიშნა.


ახალი რექტორი მამა აკაკი ჭელიძე სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის ნოემბრიდან შეუდგა. ზუსტად ერთი წლის წინ, იგი უნივერსიტეტში ვიცე–რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამბობს, რომ რექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიიღო:


„ეპისკოპოსი [მეუფე ჯუზეპე პაზოტო] უნივერსიტეტის დამფუძნებელია და მისი უფლებამოსილებაა რექტორი თავისი შეხედულებისამებრ დანიშნოს. ეპისკოპოსმა მთხოვა და დამავალა რექტორობა. ვიცით, რომ როდესაც ეპისკოპოსი ხედავს, რომ ამა თუ იმ მისიის შესასრულებლად ძალა შეგწევს, ამაში ეჭვის შეტანა „ცოდვაა“. სწორედ ამიტომ, დავთანხმდი, მიუხედავად ყველა ეჭვისა, რომელიც რექტორობასთან დაკავშირებით გამაჩნდა, ეს ეპისკოპოსის გადაწყვეტილება იყო“, – ამბობს catholic.ge–სთან „საბაუნის“ ახალდანიშნული რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე და დასძენს, რომ უკვე ყოფილი რექტორი ვაჟა ვარდიძე უნივერსიტეტს 13 წლის განმავლობაში წარმატებით მართავდა და ის კავშირი რას მას საგანმანათლებო დაწესებულებასთან აქვს, შენარჩუნდება.


მამა აკაკი ჭელიძე სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, ასევე სოფლების ხიზაბავრისა და ვარგავის წინამძღვარი და კამილიელი მღვდელმსახურია.

რაც შეეხება ყოფილ რექტორს, თეოლოგიის დოქტორ, ვაჟა ვარდიძეს, იგი „საბაუნს“ 2010 წლიდან მართავდა. როგორც თავად ამბობს, დრო დადგა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელი შეცვლილიყო:


„უნივერსიტეტი ვითარდება და წინ მიდის, ამიტომ მნიშვნელოვანია და გაესვა ხაზი, რომ დადგა დრო, ახალი რექტორი ჰყავდეს. ეს აუცილებელია, რადგან არ შეიძლება ადამიანი უსასრულოდ იყოს თავის თანამდებობაზე, სადღაც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს ეს პროცესი. ამიტომ ახალი რექტორი გვყავს, ძალიან კარგი, ჭკვიანი და შემოქმედი. ძალიან მიხარია, რომ იგი წამოწყებულ საქმეებს ახალ საფეხურზე აიყვანს. მით უმეტეს, რომ მისი ინიციატივითა და მონდომებით ახალი სამედიცინო ფაკულტეტის ინიცირება მოხდა“, – ამბობს catholic.ge–სთან ვაჟა ვარდიძე.


კითხვაზე, რა გეგემები აქვს და დარჩება თუ არა კვლავ უნივერსიტეტში, პროფესორი ვაჟა ვარდიძე გვპასუხობს, რომ მისი მომავალი საქმიანობა გარკვეულწილად კვლავ „საბაუნს“ დაუკავშირდება.


„ვრჩები უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ დროებით ვკონცენტრირდები კვლევით პროექტზე და ძირითადად ამ პროექტით ვიქნები დაკავებული. პარალელურად, ჩამოვაყალიბეთ და უნდა განვავითაროთ „საბაუნის“ მრჩეველთა საბჭო და ამ მიმართულებითაც მომიწევს მუშაობა. ეს უკვე ახალი ფუნქციებია, ახალი პასუხისმგებლობები, ახალი გამოწვევები... უნივერსიტეტი რომ ვითარდება, ამას მოჰყვა ეს ახალი საფეხურიც და ახალი მრჩეველთა საბჭოს შექმნაც, რომელიც დაკომპლექტებულია საზღვარგარეთ ქვეყნების პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ეს სტრუქტურაც უნდა განვავითაროთ და ამაზე ვიმუშავებ“.


სულხან–საბაორბელიანის უნივერსიტეტი, იგივე „საბაუნი“, 2001 წელს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნდა, როგორც ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი. იმ პერიოდში მხოლოდ ერთი, თეოლოგიის ფაკულტეტი იყო, სადაც ქრისტიანული თეოლოგია ისწავლებოდა. 2009 წლიდან ინსტიტუტი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს. დღეს იგი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.


„ფაქტობრივად ნულიდან შეიქმნა ყველაფერი, ჩამოყალიბდა ახალი ფაკულტეტები, შეიქმნა სამეცნიერო პროფესურა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, ჩამოყალიბდა სასწავლო პროგრამები, კვლევითი პროექტები, გაცვლითი პროგრამები, ძალიან ბევრის საუბარი შეიძლება ამ წლების შესახებ. დინამიურად, რიცხობრივად გაიზარდა სტუდენტების, პროფესორების, თანამშრომელთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, იყო რთული და შედარებით იოლი პერიოდები. ეს უმეტეს წილად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იყო დაკავშირებული“, – იხსენებს ყოფილი რექტორი და ამატებს, რომ „ეს [უნივერსიტეტი] არ არის კერძო ბიზნესი, ეს არის ღვთისა და ერის მსახურების მექანიზმი და აუცილებელია, ეს ყველამ ვიცოდეთ. დიდმა და პატარამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები, რათა ის უფრო მეტად ცნობადი და განვითარებული იყოს“.


catholic.ge მუშაობს სტატიაზე, თუ როგორი იქნება ახალდანიშნული რექტორის, მამა აკაკი ჭელიძის საუნივერსიტეტო მართვის გეგმა. სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


თაკო ფეიქრიშვილი



bottom of page