უკრაინაში წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი კათოლიკე ეკლესიას დაუბრუნეს
- catholic.ge

- 40 minutes ago
- 3 min read
6 იანვრის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, უკრაინაში წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის გამოყენების პირობები ორმოცდაათი წლის ვადით განისაზღვრა. ამით დასრულდა ტაძრის კათოლიკე ეკლესიისათვის დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი.

"კიევის მარგალიტად" წოდებული წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი, რომელსაც 2019 წელს ასი წელი შეუსრულდა, კათოლიკე ეკლესიას 2022 წელს უნდა დაჰბრუნებოდა, თუმცა არაერთხელ გადადებულმა პროცესმა საკითხი გააჭიანურა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კათოლიკური ეკლესიის ძალისხმევით, 2026 წლის 6 იანვარს ხელი მოეწერა შეთანხმებას, ტაძრის უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მღვდელმა პავლე ვიშკოვსკიმ, რომლის განცხადებითაც, მრავალწლიანმა ბრძოლამ, პეტიციებმა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებმა, ბოლოს ნაყოფი გამოიღო.
„ბოლო თვეებში პროცესი მარტივი არ იყო, საჭირო გახდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების სამართლიანი პირობების დაცვა“, —აცხადებს მღვდელმსახური Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
დღეს, მრევლის სახელით, ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას ტაძრის უფასოდ სარგებლობის შესახებ, 50 წლის ვადით. ამით ჩვენ დავასრულეთ ხანგრძლივი გზა, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ვიარეთ. განსაკუთრებით კი ჩემი წინამძღვრობის ბოლო ოთხი წელი სამართლიანობისთვის ბრძოლაში გავიდა: მემორანდუმების, პეტიციისა და სამი ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მრევლის სიმართლე დადასტურდა.
არც ბოლო თვეებში იყო მარტივი, როდესაც საჭირო გახდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების სამართლიანი პირობების დაცვა. საწყისი ვარიანტი ჩვენთვის ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც ტრამპის სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტი.
როგორც სამრევლო საზოგადოება, ჩვენ ვიბრძოდით ღირსეული სარგებლობის პირობების უფლებისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით მიზნისკენ: თავდაპირველად, კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 5 წლის ვადაზე გვთანხმდებოდა, შემდეგ – 10 წლით. თუმცა არ გავჩერდით და მივაღწიეთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას, რათა მიგვეღო სარგებლობის მაქსიმალური ვადა, რომელსაც დღეს უკრაინის კანონმდებლობა იძლევა.
სამწუხაროდ, სამთავრობო სისტემამ ყველა ჩვენი შესწორება არ მიიღო. მან მხოლოდ ასეთ ფორმატზე შეძლო შეთანხმება: ჩვენივე ტაძარი გადმოგვეცეს 50 წლის ვადით სარგებლობაში, თუმცა შენობა ისევ მუსიკის სახლის ბალანსზეა.
არის თუ არა ეს იდეალური შეთანხმება? არა, რადგან ჩვენ სრული სამართლიანობისკენ ვისწრაფოდით. მაგრამ არის თუ არა ეს სწორი ნაბიჯი? დიახ. რადგან დღეს ჩვენ ვირჩევთ არა ბიუროკრატიულ თამაშებს, არამედ ჩვენი მრევლის მომავალს მომდევნო 50 წლის განმავლობაში.
რატომ დავთანხმდით ასეთ პირობებს? ხომ არ სჯობდა კიდევ წლები დავლოდებოდით კანონმდებლობაში შეტანილ უკეთეს ცვლილებებს? დაე, ჩვენი სიმართლე ისტორიამ შეაფასოს. ჩვენთვის კი დღეს ეს არის ახალი ეტაპი მტკივნეულ გზაზე, რომელიც გვაშორებს საბჭოთა მემკვიდრეობის უღელსა და კანონებს, რომლებშიც დღემდე ყელამდეა ჩაფლული მთელი სახელმწიფო აპარატი.
მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – ღმერთმა ყველას დაგიფასოთ! ხოლო ყველა გულშემატკივარს გთხოვთ, კვლავაც ლოცვით დაგვიჭიროთ მხარი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რადგან ეს ჩვენი მრევლის ახალი ისტორიის მხოლოდ დასაწყისია.ხელშეკრულების თანახმად, კათოლიკე ეკლესიამ მიიღო ტაძრის გამოყენების უფლება, ხოლო თავად შენობა რჩება სახელმწიფოს ბალანსზე და დარეგისტრირებულია როგორც უკრაინის კამერული და საორგანო მუსიკის სახლი. კათოლიკურ სამრევლოს მიეცა უფლება ღვთისმსახურების ჩატარებისა და ტაძრის რესტავრირების – კულტურის სამინისტროსა და უკრაინის ძეგლთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.
ხელშეკრულების ხელმოწერა საზეიმოდ აღინიშნა. მას ესწრებოდნენ ვატიკანის ელჩი უკრაინაში არქიეპისკოპოსი ვლადისლავ კულბოკასი, კიევისა და ჟიტომირის ეპარქიის ეპისკოპოსი ვიტალი კრივიცკი და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პავლე ვიშლოვსკი. მათ სიტყვით მიმართეს კათოლიკე მრევლს. ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. უკრაინის პრემიერ–მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის აპარატის, კულტურის სამინისტროსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
უკრაინის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1899 წელს დაიწყო და 1909 წელს იკურთხა. იგი აგებულია ნეოგოტიკური სტილით არქიტექტორ ვლადისლავ გოროდეცკის პროექტის მიხედვით. ტაძარს ორი 62 მეტრის სიმაღლის კოშკი აქვს და კიევის კათოლიკურ ტაძრებში, წმიდა ალექსანდრეს სახელობის ტაძრის შემდეგ, სიდიდით მეორე ადგილს იკავებს.
ტაძრის ფუნქციონირება დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი 1930 წელს, კომუნისტურმა რეჟიმმა დაკეტა. შენობას გამოიყენებდნენ საწყობად. მან სერიოზული დაზიანება მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს. ამის შემდეგ, შენობა ნაწილობრივ გარემონტდა და გამოიყენებოდა რეგიონალურ არქივად და კამერული მუსიკის დარბაზად.
1992 წელს, ხელისუფლებამ ნება დართო ტაძარში ჩატარებულიყო ღვთისმსახურებები და სამუსიკო კონცერტები.
ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ტაძრიდან ორგანის სხვა შენობაში გადატანა, რადგან ორგანი შექმნილი იყო უკრაინის კამერული მუსიკის საკონცერტო დარბაზისთვის.
2021 წელს ორგანი, ტაძარში ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული ხანძრის გამო დაზიანდა, ასევე დაზიანდა ტაძრის გარკვეული ნაწილიც.
შოთა გიქოშვილი














Comments