top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'უკრაინის წინააღმდეგ ომი არაადამიანური და მკრეხელურია' – პაპი ფრანცისკე



20 მარტს, პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომს სასტიკი აგრესია და მკრეხელური აქტი უწოდა. წმინდა მამამ ადამიანებს ომის შეწყვეტისა და უკრაინელი ლტოლვილების გულთბილად მიღებისკენ მოუწოდა.


რომის ეპისკოპოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებსა და მთელ მსოფლიო საზოგადოებას მიმართა:


„ძვირფასო ძმებო და დებო, სამწუხაროდ, არ წყდება ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, უაზრო ხოცვა-ჟლეტა, რომელშიც სისასტიკე ყოველდღე მეორდება. ამის გამართლება არ შეიძლება! მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ლიდერს, გამოიჩინონ რეალური ძალისხმევა ამ საზარელი ომის დასასრულებლად.


ამ კვირაში რაკეტები და ბომბები დაეცა მშვიდობიან მოსახლეობას, მოხუცებს, ბავშვებს და ორსულ დედებს. აქ, რომში, დაჭრილი ბავშვები მოვინახულე; ერთს ხელი აკლია, მეორეს ტრავმა აქვს თავის არეში... უდანაშაულო ბავშვები. მე ვფიქრობ მილიონობით უკრაინელ ლტოლვილზე, რომლებიც იძულებულნი არიან გაიქცნენ, ტოვებენ ყველაფერს და დიდ მწუხარებას განიცდიან მათზე, ვისაც გაქცევის შესაძლებლობაც კი არ აქვს. ბევრი ბებია და ბაბუა, ავადმყოფი და ღარიბი, მოწყვეტილია ოჯახებიდან, ბევრი ბავშვი და დაუცველი ხალხი დარჩა ბომბების ქვეშ დასაღუპად, ვერ მიიღეს დახმარება და ვერ იპოვეს უსაფრთხოება თავშესაფრებშიც კი. ეს ყველაფერი არაადამიანურია! მეტიც, მკრეხელობაც კია, რადგან ეწინააღმდეგება ადამიანის სიცოცხლის წმინდა ბუნებას, განსაკუთრებით დაუცველ ადამიანურ სიცოცხლეს, რომელსაც პატივი უნდა სცენ და დაიცვან, და არა გაანადგურონ. ეს კი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სტრატეგია! არ დაგვავიწყდეს, ეს არის სასტიკი, არაადამიანური და მკრეხელობა! მდუმარებაში ვილოცოთ ტანჯულთათვის.


მანუგეშებს ის, რომ ბომბების ქვეშ დარჩენილ ადამიანებს არ აკლიათ მათი სასულიერო მწყემსების სიახლოვე, რომლებიც ამ ტრაგიკულ დღეებში წყალობისა და ძმობის სახარების მიხედვით ცხოვრობენ. ზოგიერთ მათგანს ბოლო დღეებში ტელეფონით ვესაუბრე და ისინი ძალიან ახლოს არიან ღვთის ხალხთან. გმადლობთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწმობისათვის და იმ კონკრეტული მხარდაჭერისთვის, რომელსაც გაბედულად სთავაზობთ ამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს! მე ასევე ვფიქრობ ახლად დანიშნულ სამოციქულო ნუნციუსზე, მის აღმატებულება არქიეპისკოპოს ვისვალდას კულბოკასზე, რომელიც ომის დაწყებიდან, თავის თანამშრომლებთან ერთად კიევში დარჩა და თავისი იქ ყოფნით ყოველდღე მაახლოებს გატანჯულ უკრაინელ ხალხთან. მოდით, ვიყოთ ამ ადამიანებთან ახლოს, მივიღოთ ისინი ჩვენი სიყვარულით, კონკრეტული ვალდებულებებით და ლოცვით. გთხოვთ, ნუ შევეჩვევით ომს და ძალადობას! მოდით, დაუღალავად, გულუხვად მივიღოთ ხალხი, როგორც ახლა. არა მხოლოდ ახლა, საგანგებო ვითარებაში, არამედ უახლოეს კვირებსა და თვეებში. იმიტომ, რომ თავიდან ჩვენ ყველა ვცდილობთ მივიღოთ ისინი, მაგრამ შემდეგ ოდნავ ცივდება გულები და გვავიწყდება. იფიქრეთ ამ ქალებზე, ამ ბავშვებზე, რომლებიც უმუშევრად დარჩენილები, ქმრებს განშორებულნი,დაიწყებენ სამუშოს ძებნას.. გთხოვთ, დავიცვათ ისინი.

მოვუწოდებ საზოგადოებას და ყველა მორწმუნეს, შემომიერთდნენ პარასკევს, 25 მარტს, ხარების დღესასწაულზე, კაცობრიობის, განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინის, მარიამის უმანკო გულისადმი მიძღვნის საზეიმო აქტში, რათა მშვიდობის დედუფალმა გამოითხოვოს მშვიდობა მთელი სამყაროსათვის“, – აღნიშნა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

0 comments
bottom of page