top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უპოვართა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პაპის გზავნილი გამოქვეყნდა

მსოფლიო უპოვართა მეხუთე დღისადმი მიძღვნილ გზავნილში პაპი საზოგადოებას მოუწოდებს, აღიარონ უპოვარნი ჩვენი საზოგადოების ნაწილად და შეზღუდონ მათი ისეთი სახით დახმარება, თითქოს გარიყულები არიან.

მსოფლიო უპოვართა მეხუთე დღე 14 ნოემბერს აღინიშნება. ამ წლის თემაა– „ღარიბები მუდამ თქვენს გვერდით იქნებიან“ (მარკ.14,7). ეს სიტყვები იესომ ბეთანიაში წარმოსთქვა, სიმონ კეთროვანის სახლში ტრაპეზის დროს. როგორც სახარება მოგვითხრობს, სახლში შემოვიდა ქალი ალებასტრონის ჭურჭლით, სადაც ძვირფასი ნელსაცხებლები იყო ჩასხმული, გატეხა ჭურჭელი და იესოს თავზე სცხო ნელსაცხებელი.


ამ ჟესტმა აღშფოთება გამოიწვია და ორი სხვადასხვა ფორმით იქნა განმარტებული.


ქალის საქციელმა, პირველ რიგში, აღაშფოთა ის ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ნესაცხებლის გაყიდვა და აღებული ფულის ღარიბებისათვის დარიგება, ვინაიდან, საუბარი იყო ძვირადღირებულ ნელსაცხებელზე, რომლის დაახლოებითი ფასიც 300 დინარი იყო, ეს კი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის წლიურ შემოსავალს უდრიდა.


იოანეს სახარებაში, ქალის ასეთ საქციელზე იუდა აღშფოთდა, ანუ მტკიცებით ფორმაში მოგვითხრობს მახარობელი: „ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. თან ჰქონდა ყულაბა და თან ატარებდა“. შემთხვევითი არ არის ის, რომ სწორედ ის აღშფოთდა, რომელმაც შემდგომ გასცა იესო. ორიგენე ამტკიცებდა: „დღესაც ასეა, ის ვინც ეკლესიის ყულაბას ფლობს და საუბრობს ღარიბებზე, როგორც იუდა, იტაცებს იმას, რასაც სწირავენ ყულაბაში. ამით კი იზიარებს იუდას ბედს“.


ქალის ამ ჟესტის სხვაგვარ განმარტებას თვით უფლის ბაგეებიდან ვისმენთ ისე, რომ შევძლოთ ამ ღრმა აზრის გაგება. იგი ამბობს: „თავი დაანებეთ! მან კეთილი მიყო მე“. ამ სიტყვებით იესო შეგვახსენებს, რომ ყველაზე პირველი ღარიბი თავადაა, იგი ღარიბია ღარიბთა შორის, ვინაიდან იგი ყველა ღარიბს წარმოადგენს.


ღვთის ძე ქალის ამ ჟესტს იღებს ყველა ღარიბის, მიტოვებულის, მარტოსულისა და უფლებაჩამორთმეულის სახელით, ხოლო ქალი წარმოადგენს ასეულობით ხმის უფლების გარეშე დარჩენილ, ძალადობის მსხვერპლ ქალებს მთელი მსოფლიოდან. იგი გახდა ქალთა შორის ერთ-ერთი პირველი, რომელიც მონაწილეობს იესოს ცხოვრების კულმინაციისას, ჯვარცმის, სიკვდილის, დამახვისა და აღდგომის დროს. იესო ამ ქალს რთავს ევანგელისაციის უდიდეს მისიაში. „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც არ უნდა იქნას სახარება ნაქადაგები, მთელს სამყაროში, იქნება მოხსენიებული იგი და ის, რაც მან გააკეთა“.


იესოსა და ქალს შორის არსებული ემპათია წარმოადგენს იუდას აღშფოთების კონტრასტს და მოწმობს სახარების უწყებასა და იესოს განუყოფელ კავშირს ღარიბებთან.


იესოს საქმეები მოწმობს იმაზე, რომ სიღარიბე არა ხვედრის ნაყოფია, არამედ მისი ჩვენს შორის ყოფნის კონკრეტული ნიშანი. სწორედ ღარიბები არიან ყველაზე პირველი გამავრცელებლები სახარებისა, ვინაიდან, იესომ პირველად ღარიბებს მოუხმო მახარებლებად და პირველად მათ გაიზიარეს იესოს სასუფევლის ნეტარება. ღარიბები გვახარებენ სახარებას და ისინი არა მხოლოდ მონაწილეობენ რწმენის არსში, არამედ თავიანთ ტანჯვებში შეიცნობენ ტანჯულ ქრისტეს.


ახალი ევანგელიზაცია არის მოხმობა ვაღიაროთ მათი ცხოვრების მაცხოვნებელი ძალა და მივუჩინოთ ეკლესიის გზაზე ცენტრაული ადგილი. უნდა შევიცნოთ მათში ქრისტე და ვიყოთ მეგობრები. მოვუსმინოთ და მივიღოთ ის საიდუმლოებრივი სიბრძნე, რომლის მოცემაც ღმერთს სურს ჩვენთვის, ღარიბების მეშვეობით.


იესო არა მხოლოდ ღარიბების მხარესაა, არამედ იზიარებს მათ ხვედრს. მისი სიტყვები: „ღარიბები მუდამ თქვენს გვერდით იქნებიან“ - ნიშნავს, რომ მათი ყოფნა ჩვენს შორის მუდმივია, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს ჩვენთვის ისეთ ჩვევად, რომელსაც გულგრილობამდე მივყავართ. ღარიბები არ არიან გარეთ, არამედ არიან საზოგადოების შიგნით, ისინი არიან ძმები და დები, რომლებთან ერთადაც უნდა გავიზიაროთ ტანჯვა.


„მოწყალება გაიცემა დროდადრო, ურთიერთობა კი, მუდმივია. მოწყალება შეიძლება სასიამოვნო იყოს მხოლოდ გამცემისათვის, მაგრამ დამამცირებელი მიმღებისთვის. ურთიერთობა კი ამყარებს სოლიდარობას და ქმნის სამართლიანობისათვის მისაღწევ წინაპირობას. ერთი სიტყვით, როცა მორწმუნეებს მოუნდებათ იესოს ხილვა და მისი შეხება, იციან ვის უნდა მიმართონ. ქრისტეს საიდუმლო არის ღარიბები, ისინი წარმოადგენენ მის (იესოს) პიროვნებას და გზას გვიკვალავენ მისკენ“.


ღარიბებთან ურთიერთობისათვის უკეთ გასაგებად პაპმა ფრანცისკემ მაგალითად მოიყვანა წმინდა დამიანე დე ვესტერი, რომელმაც გაიზიარა კეთრით დაავადებულის ხვედრი.


„მისი მოწმობა, კორონავირუსის პანდემიით მოცულ ჩვენ დღეებშიც კი აქტუალურია. ღმერთის მადლი უცილობლოდ მოქმედებს მათ გულებში, რომლებიც ყველანაირი ხმაურის გარეშე იღწვიან ყველაზე ღარიბი ფენების დასახმარებლად“.


პაპი მოგვიწოდებს ვუპასუხოთ უფლის მოხმობას, მოვინანიოთ და ვიწამოთ სახარება. მონანიება კი იმას ნიშნავს, რომ გავხსნათ გულები და ვაღიაროთ სიღარიბის უამრავი ფორმა.


პანდემიის კიდევ ერთხელ ხსენებით, წმინდა მამა აღნიშნავს, რომ ვირუსთან საბრძოლველად, აუცილებელია მსოფლიო დონეზე უფრო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გამორიცხავენ პირად ინტერესებს.


„ღარიბები მუდამ თქვენს გვედით იქნებიან“ – ეს სიტყვები ასევე მოწოდებაა იმისაკენ, რომ არასოდეს გავუშვათ კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობა. აქ საუბარია არა მხოლოდ გაცემით სინდისის შემსუბუქებაზე, არამედ აუცილებელია გულგრილობისა და უსამართლობის კულტურის წინააღმდეგ წასვლა.


ამ კონტექსტში, პაპმა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები მოიშველია:

„ქველმოქმედების შემსრულებელმა ღარიბის ცხოვრება კი არ უნდა გამოიკვლიოს, არამედ დაეხმაროს სიღარიბეს და დაუკმაყოფილოს საჭიროება. ღარიბის ერთადერთი გამართლება უქონლობაა, მეტს ნუ ჰკითხავ , იგი ყველაზე მანკიერიც რომ იყოს და საჭიროებდეს საკვებს, დაანაყრე. გულმოწყალე ადამიანი ღარიბის ნავსაყუდელია, ხოლო ნავსაყუდელი გემის კატასტროფისგან დაზარალებულს ყოველთვის ღებულობს და იცავს საფრთხისაგან, იმის მიუხედავად ბოროტნი არიან ისინი თუ კეთილნი. შენც ასევე მოიქეცი! როცა ხედავ სიღარიბის კატასტროფისგან დაზარალებულ ადამიანს დედამიწაზე, ნუ განიკითხავ და ნუ მოითხოვ მისგან ანგარიშვალდებულებას, არამედ გადაარჩინე უბედურებისაგან “.


„არ გვაქვს დრო ლოდინისა, თუ როდის დააკაკუნებენ ისინი ჩვენს კარზე“, – წერს გზავნილის ბოლოს პაპი ფრანცისკე. „საჭიროა დაუყოვნებლივ მოვძებნოთ ისინი თავიანთ სახლებში, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში, ქუჩებსა და ჩაბნელებულ უბნებში. უნდა გავიგოთ, თუ რას გრძობენ და როგორ გრძობენ ისინი თავს და თუ რა სურთ მათ გულებს.


პაპმა გზავნილი დაასრულა იტალიელი ასკეტის, დონ პრიმო მაცოლარის სიტყვები, რომელმაც თავის ცხოვრება მიუძღვნა უპოვართა მსახურებას: „ღარიბები კი არ უნდა გადაითვალო, არამედ უნდა ჩაეხუტო მათ“.


„ღარიბები ჩვენს შორის არიან. ჩვენ მოვიქცევით სახარებისეულად, თუ გულახდილად ვიტყვით, რომ ჩვენც ღარიბები ვართ. მხოლოდ ასე შევძლებთ მათ გაცნობას სინამდვილეში, რათა ისინი გახდნენ ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ცხოვნების იარაღი“.



შოთა გიქოშვილი
bottom of page