top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უფლებამოსილია თუ არა ეკლესია დალოცოს ერთსქესიანთა კავშირი?


სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციამ უპასუხა Dubium-ს(ეჭვი დოქტრინისა და ზნეობის საკითხებში, რომელზეც კონგრეგაციამ გამოსცა ავტორიტეტული მსჯელობა) ერთსქესიანთა კავშირის კურთხევის შესახებ: „უფლებამოსილია თუ არა ეკლესია აკურთხოს ერთსქესიანთა კავშირი“?


„ზოგიერთ საეკლესიო წრეებში ვრცელდება პროექტები და შეთავაზებები ერთსქესიანთა კავშირის დალოცვის საკითხზე. ხშირად, აღნიშნული პროექტები მოტივირებულია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიღების გულწრფელი ნებით, მათი სულიერი ზრდისათვის, რომლებიც მიდრეკილი არიან ჰომოსექსუალობისაკენ, რათა შეძლონ საჭირო დახმარების მიღება, რომ გაიგონ და სრულად აღასრულონ ღვთის ნება თავიანთ ცხოვრებაში“, – ნათქვამია კონგრეგაციის Responsorium - ში (შედარ. AL 250).

ამ სულიერ გზაზე, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვთის სიტყვას, ლოცვას, საეკლესიო ლიტურგიულ მოქმედებებში მონაწილეობას, გულმოწყალების საქმეს, ისე, რომ ყოველ ადამიანს შეეძლოს თავისუფლად და პასუხისმგებლობით უპასუხოს თავის მოწოდებას, რომლის სათავეც ნათლობაა, ვინაიდან, როგორც ღმერთს, ასევე ეკლესიას ყველა ადამიანი უყვარს.


ეკლესიის ლიტურგიულ ქმედებებს შორის მნიშვნელოვანი ადგული უკავია საკრამენტალიებს (ეკლესიის მიერ დაწესებული წმიდა ნიშნები). უპირველეს ყოვლისა, მათ აქვთ სულიერი ეფექტი.


საკრამენტალიების დახმარებით, ადამიანები საიდუმლოთა მიღებისთვის პირველხარისხოვანი ქმედებებისაკენ მოსამზადებელ განლაგებას იღებენ, ხოლო დალოცვა ხდება სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებისა(SC 60).


კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, საკრამენტალიები არ იძლევა სულიწმიდის მადლს, როგორც საიდუმლოებები, მაგრამ, ეკლესიის ლოცვით ისინი ადამიანს ამზადებენ საიდუმლოებათა მისაღებად და განაწყობენ თანამშრომლობისაკენ (კეკ 1670). საკრამენტალიებს განეკუთვნება ასევე დალოცვა.


როცა საჭირო ხდება დალოცვა კონკრეტული ადამიანური ურთიერთობებისა, საკრამენტალიების ბუნების შესაბამისად, მათი მონაწილეების პირდაპირი ზრახვების გარდა, დალოცვის საგანი უნდა იყოს ობიექტური და ღვთის ჩანაფიქრის შესაბამისად, ქმნილებაში ჩაწერილი და იესო ქრისტეში სრულად გამოვლენილი. ასევე საკმაოდ მოწესრიგებული მადლის მიღებისა და გამოვლინებისაკენ.


ასე, რომ საეკლესიო დალოცვებთან შესაბამისია მხოლოდ ის მიზეზები, რომლებიც, მიმართულია ამ ჩანაფიქრის მსახურებისაკენ. ამ მიზეზით, დაუშვებელია მსგავსი ურთიერთობებისა ან პარტნიორობის დალოცვა, მათ შორის სტაბილურიც, რომლებშიც მოიაზრება სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე (ანუ მამაკაცსა და ქალს შორის იმ უწყვეტი კავშირის გარეშე, რომელიც თავისი ბუნებით სოცოცხლის გაგრძელებისაკენ არის მოწოდებული).


ამას გარდა, ერთსქესიანთა ურთიერთობის დალოცვა დაუშვებელია, რადგანაც იგი შეიძლება გახდეს იმიტაცია ან ანალოგია ქორწინების საიდუმლოს დალოცვისა, რომლითაც იკურთხებიან კაცი და ქალი ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას.

არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა მივამსგავსოთ ღვთის ჩანაფიქრს ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ან მათ შორის გავავლოთ ანალოგია, თუნდაც ირიბი“, – ნათქვამია კონგრეგაციის დოკუმენტში.

„ერთსქესიანთა კავშირის დალოცვის აკრძალვა ვერ ჩაითვლება უსამართლობად ან დისკრიმინაციად, ვინაიდან აღნიშნული აკრძალვა პასუხობს ლიტურგიული წესისა და საეკლესიო საკრამენტალიების გაგების ჭეშმარიტებას“.


ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „ქრისტიანული საკრებულო და მწყემსები მოწოდებულნი არიან პატივისცემით მიიღონ ჰომოსექსუალურობისკენ მიდრეკილი ადამიანები. მათ ევალებათ ეკლესიის სწავლების შესაბამისად, მიუსადაგონ სახარების უწყება თავისი სისრულით. ჰომოსექსუალურობისაკენ მიდრეკილმა ადამიანებმა, თავის მხრივ, უნდა აღიარონ ეკლესიის სიახლოვე და წრფელი გულით მიიღონ ეკლესიის სწავლება, რომელიც ლოცულობს მათთვის და მათთან ერთად იზიარებს ქრისტიანული რწმენისაკენ მიმავალ გზას“.


მოცემული პასუხი ერთსქესიანთა კავშირის დალოცვის შესახებ, არ გამორიცხავს ჰომოსექსუალური მიდრეკილების მქონე ცაკლკეული პირების დალოცვას (კურთხევას). თუ ის პირი გამოხატავს ნებას იყოს ღვთის ჩანაფიქრის ერთგული, რომელსაც სთავაზობს ეკლესიის სწავლება. ეს პასუხი კატეგორიულად კრძალავს კურთხევის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მიმართულია ერთსქესიანთა კავშირის აღიარებისაკენ.


„ეკლესია შეგვახსენებს, რომ თავად ღმერთი არ წყვეტს ამ წუთისოფელში მოგზაური ყველა თავისი შვილის დალოცვას, ვინაიდან ჩვენ ნებისმიერ ცოდვაზე აღმატებულნი ვართ. თუმცა მას არ შუძლია დალოცოს ცოდვა. იგი ლოცავს ცოდვილ ადამიანებს, რათა ადამიანმა აღიაროს თავი მისი უხვი სიყვარულის ჩანაფიქრის ნაწილად და გარდაიქმნას. სინამდვილეში, იგი გვღებულობს, ისეთებს, როგორებიც ვართ, მაგრამ არასდროს გვტოვებს ისეთებად, როგორებიც ვართ“, – ნათქვამია დოკუმენტის დასასრულს და მოყვანილია ციტატა პაპ ფრანცისკეს 2020 წლის 2 დეკემბრის საჯარო აუდიენციიდან.

„ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან გამომდინარე, ეკლესია არ არის და ვერც იქნება უფლებამოსილი დალოცოს ერთსქესიანთა კავშირი, ხსენებული თვალსაზრისებით“, – შეჯამებულია Responsum - ში.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი –  შოთა გიქოშვილი
bottom of page