top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უფლის გაცხადების დღესასწაული - 'ეპიფანია'



6 იანვარს, დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიები უფლის გაცხადების დიდ დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ასევე „ეპიფანიასაც“ უწოდებენ. მისი ერთ-ერთი გავრცელებული სახელწოდებაა "სამი მოგვის" ან "სამი მეფის დღესასწაული".


დღესასწაული ეკლესიაში III საუკუნიდან აღინიშნება და იგი სამი მოგვის შესახებ მათეს სახარების მონათხრობს უკავშირდება, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ და იესოს ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.


ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს.


ამ დღეს, პირველი ქრისტიანები ასევე აღნიშნავდნენ ქრისტეს შობის დღესასწაულს.

IV საუკუნეში შობის დღესასწაულის აღნიშვნა 25 დეკემბერს გადაწყდა, ხოლო უფლის გაცხადების დღესასწაული – 6 იანვარს დარჩა.


ეს დღესასწაული ასრულებს ლიტურგიულ ჟამს და საშობაო დღესასწაულებს. ამ დღეს, კათოლიკეებს ევალებათ წმიდა წირვაზე დასწრება და იმ სამუშაოსგან თავის შეკავება, რომელიც ხელს უშლის უფლის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ან სიხარულის განცდას.


უფლის გაცხადების დღესასწაულზე ეკლესიებში იკურთხება ცარცი და გუნდრუკი, შემდგომ კი ისინი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ. ცარცით სახლის კარზე აწერენ სამ ასოს: კ + მ + ბ და მიმდინარე წელს. ამ ასოებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ:


ერთი ვერსიით, ეს არის სამი მოგვის სახელების პირველი ასოები: კასპარი, მელხიორი და ბალთაზარი. სხვა ვერსიის მიხედვით, კ + მ + ბ იშიფრება ასე - Christus Mansionem Benedicat - დაე, ქრისტემ აკურთხოს ეს სახლი.


ეს წესი დაკავშირებულია გამოსვლის წიგნთან ძველ აღთქმაში, სადაც ებრაელები სახლის კარებს აღნიშნავდნენ საპასექო კრავის სისხლით (გამ. 11. 1-13,16). ქრისტიანები ამ ხერხით ქრისტეს სთხოვენ საკუთარი სახლების კურთხევას და ასევე საჯაროდ აღიარებენ თავიანთ რწმენას.


სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღესასწაულზე სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. მაგალითად, პოლონეთში მოგვები დადიან ოჯახებში და სამი მოგვის საგალობლით, ულოცავენ ამ დღეს სახლის პატრონებს, სახლის პატრონები კი მათ საჩუქარს აძლევენ.


საფრანგეთში ამ დღეს აცხობენ ე.წ. მოგვების ნამცხვარს და ოჯახის წევრები მიირთმევენ.

ესპანეთში კი, არც შობას და არც წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე არ აძლევენ ბავშვებს იმდენ საჩუქრებს, როგორც ამას 6 იანვარს აკეთებენ.


იტალიაში, ლეგენდის თანახმად, ჯადოქარი თავისი ცოცხით მოფრინდება, ბუხრიდან ჩამოვა და ბავშვებს, რომლებიც კარგად იქცეოდნენ, ტკბილეულს მისცემს, ხოლო ვინც ცუდად იქცეოდა „შავ ნახშირს“. ეს „შავი ნახშირიც“ ასევე შაქრით მზადდება და ტკბილეულია, თუმცა ვიზუალურად ნახშირის ეფექტი აქვს.


მოამზადა შოთა გიქოშვილმა

bottom of page