top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"უწყება ლურდიდან" - მამა პიერ დიუმულენი


"უწყება ლურდიდან" - ასე ვუწოდებთ ჩვენ იმ ჟესტებსა და სიტყვებს, რომელთა მეშვეობითაც შედგა, ქალწული მარიამისა და ბერნარდეტა სუბირუს ურთიერთობა მასაბელის მღვიმეში თვრამეტი გამოცხადების განმავლობაში. ეს უწყება შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ: ღმერთი არს სიყვარული და ჩვენ მას ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ.


1858 წელს ბერნარდეტა სუბირუს სრულიად გაღატაკებულმა ოჯახმა თავშესაფარი იპოვა ყოფილ საპყრობილეში. იმავე წლის 11 თებერვალს, ბერნარდეტა და მისი და ტუანეტი, თავიანთ მეგობარ ჟანა აბადისთან ერთად, წავიდნენ შეშის მოსაგროვებლად. ისინი გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც მდინარე გავს ერთი ნაკადული უერთდებოდა და აღმოჩდნენ მასაბელის მღვიმესთან. ტუანეტმა და ჟანამ გადაკვეთეს ცივი ნაკადული, ხოლო ქრონიკული ასთმით დაავადებული ბერნარდეტა შეჩერდა. სწორედ ამ დროს, მას ქარის შხუილის მსგავსი ხმა მოესმა, მაგრამ ხის არცერთი ტოტი არ ირხეოდა. გოგონამ თავი ასწია და კლდის ღრმულში იხილა სინათლით მოცული ახალგაზრდა ქალი, რომელიც უყურებდა და უღიმოდა მას. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი გამოცხადება.


იმ პერიოდში, მღვიმე დაბინძურებული, ბნელი, ნესტიანი და ცივი იყო. ამ ადგილს „ღორების მღვიმეს“ უწოდებდნენ, რადგანაც საძოვრად ღორები გამოჰყავდათ. სწორედ ეს ადგილი აირჩია მარიამმა - სპეტაკმა, უწმიდესმა, ღვთის სიყვარულის ნიშანმა, ანუ იმის ნიშანმა, თუ რა სურს ღმერთს თითოეული ჩვენგანისთვის. უდიდესი კონტრასტია ამ ბნელ, ნესტიან მღვიმესა და უწმიდესი ქალწული მარიამის - „უმანკო ჩასახვის“ - იქ მყოფობას შორის. ყოველივე ეს სახარებას მოგვაგონებს: ღმრთის სიმდიდრესა და ადამიანის სიღარიბეს შორის შეხვედრა. ქრისტე მოვიდა, რათა დაკარგული ეპოვა.


თავად ის ფაქტი, რომ ლურდში მარიამის გამოცხადება მოხდა ბინძურ და ბნელ მღვიმეში, სახელწოდებით „მასაბელი“, რაც „ძველ კლდეს“ ნიშნავს, მიგვითითებს იმაზე, რომ ღმერთი ჩვენთან შესახვედრად მოდის სწორედ იქ, სადაც ვიმყოფებით - ჩვენს უბედურებათა შუაგულში, როდესაც ყველაფერი უკვე დაკარგული გვგონია.


მღვიმე მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი როდია, ეს სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთული ადგილია, რომლის მეშვეობითაც ღმერთს სურს გახსნას თავისი გული ჩვენთვის და ასევე ჩვენი გულები გაგვიხსნას. ეს ადგილია, რომლის მეშვეობითაც ღმერთი უწყებას გვიტოვებს - კეთილ უწყებას: ღმერთი გვეუბნება, რომ მას ვუყვარვართ - ეს არის „ლურდის უწყების“ შინაარსი და მთავარი საზრისი... და ღმერთს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ.


1858 წლის 18 თებერვალი: განსაცვიფრებელი სიტყვები


18 თებერვალს, მესამე გამოცხადების დროს ღვთისმშობელი პირველად ალაპარაკდა. ბერნარდეტამ მიაწოდა მას ქაღალდის ფურცელი და ფანქარი, რათა მას შესძლებოდა თავისი სახელის დაწერა, მაგრამ ღვთისმშობელმა უეცრად უპასუხა: „რაც მე უნდა გითხრათ, იმის ჩაწერა არაა აუცილებელი“. საოცარი სიტყვებია! ეს ნიშნავს, რომ მარიამს სურს ბერნარდეტასთან ურთიერთობის დამყარება სიყვარულის საფუძველზე, გულის დონეზე. ხოლო გული, ბიბლიის თანახმად, პიროვნების სიღრმისეული ცენტრია. ბერნარდეტა დაუყოვნებლივ მოწოდებულია, რათა გაუხსნას თავისი გული სიყვარულის ამ უწყებისთვის.


უწმიდესი ქალწულის მეორე წინადადებაა: „პატივს დამდებთ და ივლით აქ 40 დღის განმავლობაში?“ - ბერნარდეტა გაოცდა. ცხოვრებაში პირველად მას თქვენობით მიმართეს. მოგვიანებით მან თქვა: „იგი მიყურებდა ისე, როგორც ერთი ადამიანი მეორეს უყურებს“. ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი არის პიროვნება. ამგვარად, ბერნარდეტა გრძნობს პატივისცემასა და სიყვარულს, მან საკუთარი თავი პიროვნებად იგრძნო. ღვთის თვალში ჩვენ ყველას გაგვაჩნია ღირსება, რადგანაც ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს.


უწმიდესი ქალწულის მიერ მესამედ თქმული სიტყვებია: „მე არ გპირდებით გაბედნიერებას ამქვეყნად, მაგრამ - სხვაგან“. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ძალადობის, სიცრუის, დაუოკებელ ვნებათა, ვერცხლისმოყვარეობისა და ომების სამყარო. მაგრამ ჩვენთვის, ასევე, ცნობილია გულმოწყალების, სოლიდარობისა და სამართლიანობის სამყარო. როდესაც იესო სახარებაში მოგვიწოდებს ცათა სასუფევლის აღმოჩენისკენ, იგი ასევე მოგვიწოდებს არსებულ სამყაროში „სხვა სამყარო“ აღმოვაჩინოთ. სადაც სიყვარულია, ღმერთი იქ იმყოფება. ამგვარი რეალობა სულაც არ ფარავს იმ უწყების ჰორიზონტს, რომელიც თავად ზეცაა. ქალწული მარიამი გადასცემს ბერნარდეტას დაპირებული მიწის რწმენას, აღთქმული მიწის, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. დედამიწაზე გვაქვს ნიშნობა, ხოლო ქორწილი გველის მოგვიანებით, ზეცაში.


ღმერთი სიყვარულია


შეიგრძნო ღმერთი - სხვა არაფერია, თუ არა იგრძნო სიყვარული ამსოფლად. მათ, ვისაც აქვთ ამის გამოცდილება, იესო ეუბნება: „თქვენ ღმრთის სასუფევლისგან შორს არ ხართ“. მიუხედავად სიდუხჭირისა, ავადმყოფობის, კულტურის უქონლობისა, ბერნარდეტა ყოველთვის იყო ბედნიერი. სწორედ ეს არის ღმრთის სასუფეველი, ჭეშმარიტი სიყვარულის სამყარო.


მარიამის პირველი 7 გამოცხადების დროს, ბერნარდეტას სახე გაბრწყინებული იყო სიხარულით, ბედნიერებით, სინათლით. მაგრამ მე-8 გამოცხადებიდან მე-12 გამოცხადებამდე პერიოდში ყველაფერი იცვლება: ბერნარდეტას სახის გამომეტყველება ხდება დამძიმებული, სევდიანი, ტანჯული და პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ იგი გაუგებრად და უცნაურად იქცევა... იგი მუხლმოყრილი მიფოფხავდა მღვიმის ფსკერზე; კოცნიდა ბინძურ ამაზრზენ ნიადაგს; ჭამდა მწარე ბალახს; ფხეკდა მიწას, სამჯერ შეეცადა დაელია მღვრიე წყალი, მერე კი გადმოაფურთხა; ხელში აიღო ტალახი და სახეზე წაისვა. შემდეგ ბერნარდეტამ გაშალა ხელები და გაშტერებული უყურებდა ხალხს. ყველა ამბობდა: „ის - გიჟია!“ ოთხი გამოცხადების განმავლობაში ბერნარდეტა იმეორებდა ამ ქმედებებს. რას ნიშნავდა ყოველივე ეს? არავის არაფერი ესმოდა! მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ „ლურდის უწყების“ მოვლენების შუაგულში ვიმყოფებით.


გამოცხადებათა ბიბლიური საზრისი


ბერნარდეტას ქმედებანი და ჟესტები - ბიბლიური ქმედებებია. რადგან „ქალბატონმა“ სთხოვა მას, ბერნარდეტა გამოხატავს ქრისტეს განკაცებას, ვნებას და სიკვდილს. მუხლმოყრით ფოფხვა მღვიმის ფსკერზე: განკაცების გამომხატველი ქმედებაა, ღმერთის, რომელიც კაცი გახდა, დამდაბლება. ბერნარდეტა კოცნის ნიადაგს, რათა გვიჩვენოს, რომ ამგვარი დამდაბლება ღმერთის ადამიანის მიმართ სიყვარულის ჭეშმარიტი გამოვლინებაა. მწარე ბალახის მირთმევა კი მოგვაგონებს ბიბლიაში აღწერილ ებრაულ ტრადიციას. როდესაც იუდეველებს სურდათ ეჩვენებინა, რომ ღმერთმა თავის თავზე აიღო მთელი სიმწარე, სამყაროს ყველა ცოდვა, ისინი მსხვერპლად წირავდნენ კრავს, ამზადებდნენ მწარე ბალახებთან ერთად და წარმოთქვამდნენ ლოცვას: „აი კრავი ღმრთისა, რომელმაც აღიღო მთელი სიმწარე, ამასოფლის ყველა ცოდვა“. წირვის დროს ჩვენ წარმოვთქვამთ ამ ლოცვას. სახეზე ტალახის წასმა: ესაია წინასწარმეტყველი მესიაზე, ანუ ქრისტეზე, საუბრისას გვიჩვენებს მას როგორც ღმრთის ტანჯულ მსახურს, რომლის სახე „შესაზიზღი“იყო დ აღარ ჰგავდა ადამიანის სახეს იმის გამო, რომ თავად იტვირთა ადამიანთა ცოდვები. იგი იყო „როგორც კრავი დასაკლავად რომ მიჰყავთ“ და ყველა დასცინოდა მას (იხ. ეს 53). აქ, მღვიმეში ბერნარდეტამ ტალახით დაიმახინჯა სახე, ხოლო ბრბო ყვიროდა: „გაგიჟდა!



მღვიმე მალავს უცნაურ, განუზომელ საგანძურს


ბერნარდეტას ყოველი ქმედება - განთავისუფლების ქმედებაა. მღვიმე ბალახისა და ტალახისაგან განწმენდილია. მაგრამ რატომ უნდა განთავისუფლებულიყო ეს მღვიმე, თანაც ამ გზით? - იმიტომ, რომ მასში დამალული იყო უზარმაზარი, განუზომელი განძი, რომელიც უნდა გახსნილიყო. ამიტომაც მე-9 გამოცხადებაში „ქალბატონი“ სთხოვდა ბერნარდეტას ამოფხიკოს მიწა „ღორების მღვიმის“ ფსკერზე და ამბობდა: „გაეშურეთ წყაროსთან, შესვით და განიბანეთ.“ ჯერ ტალახიანმა ბინძურმა წყალმა გამოჟონა - საკმარისი კი იყო იმისთვის, რომ ბერნარდეტას დაელია. მაგრამ თანდათანობით წყალი იწმინდება, ხდება სუფთა და გამჭვირვალე.


ეს ქმედებები გვიცხადებენ იესოს უწმიდესი გულის საიდუმლოს: „ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი“ (იოან 19, 34). იმავდროულად მჟღავნდება ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის გულის საიდუმლოს სიღრმეები: „წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“ (იოან 4, 14). ცოდვით განგმირული ადამიანის გული გამოხატულია ბალახითა და ტალახით. მაგრამ გულის სიღრმეში დავანებულია თვით ღმერთის სიცოცხლე, რომელიც ნაჩვენებია, როგორც წყარო. ბერნარდეტას ეკითხებოდნენ: „ქალბატონმა რამე ხომ არ თქვა?“ ის პასუხობდა: „დიახ, დროდადრო ის ამბობდა: „სინანული, სინანული, სინანული. ილოცეთ ცოდვილთათვის.“ სინანული მოქცევას ნიშნავს. ეკლესიისთვის მოქცევა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის გული მიემართება ღმერთისკენ და ძმებისაკენ - ამას ქრისტე გვასწავლიდა. ლოცვას შევყავართ ღმრთის სულში. ამგვარად, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ცოდვას ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის, ცოდვა არის ყველაფერი, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება.


მე-13 გამოცხადების დროს მარიამმა ბერნარდეტას ასე უთხრა: „მიბრძანდით და მღვდლებს უთხარით, რომ ააშენონ აქ სამლოცველო და ხალხი მოდიოდეს მსვლელობით.“ „ხალხი მოდიოდეს მსვლელობით“ - ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში ძმებთან ერთად უნდა დაუდგე ღმერთისკენ მიმავალ გზას. „ააშენონ აქ სამლოცველო“: ლურდში ააშენეს სამლოცველოები უამრავი მომლოცველისთვის. მაგრამ ეს სამლოცველოები - მხოლოდ ნიშნებია სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობისა, სიყვარულის, რომლისკენ ყველაა მოხმობილი. სამლოცველო არის ეკლესია, რომელიც უნდა ავაშენოთ ცოცხალი ქვებით იქ, სადაც ვცხოვრობთ - ოჯახში, სამსახურში, ჩვენს საკრებულოში, ჩვენს ეპარქიაში. ყოველი მორწმუნე თავისი ცხოვრების მანძილზე აშენებს ეკლესიას ღმერთთან და ძმებთან თანაზიარებაში.


ქალბატონი გვიცხადებს თავის სახელს: „მე ვარ უმანკოდ ჩასახვა“


1858 წლის 25 მარტს, მე-16 გამოცხადების დღეს ბერნარდეტა მივიდა მღვიმესთან, სადაც ლურდის საკრებულოს მღვდლის, მ. პეირამალის ინიციატივით, სთხოვა „ქალბატონს“ ეთქვა თავისი სახელი. ბერნარდეტამ სამჯერ დაუსვა კითხვა, მაგრამ მხოლოდ მეოთხე თხოვნის შემდეგ „ქალბატონმა“ ადგილობრივ დიალექტზე უპასუხა: „Que soy era Immaculada Counceptiou“, რაც ნიშნავს: „მე ვარ უმანკოდ ჩასახვა“.


ბერნარდეტამ ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა. მისთვის უცნობი იყო კათოლიკე ეკლესიის დოგმატი, რომლის თანახმად „ქრისტეს ჯვრის დამსახურების მადლით, მარია - უმანკოდ ჩასახულია“ (1854 წელს გამოქვეყნებული დოგმატის განმარტება). ბერნარდეტა მაშინვე მივიდა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვართან, რათა გადასცეს მას „ქალბატონის“ სახელი. მღვდელმა გააცნობიერა, რომ მღვიმეში ჩნდებოდა თვით ღვთისმშობელი. მოგვიანებით, ტარბის ეპისკოპოსი, მონსენიორი ლოურენსი დაადასტურებს ამ გამოცხადებას.


bottom of page