ფრანცისკანელთა ორდენი 'წმიდა ფრანცისკეს წელს' იწყებს
- catholic.ge

- 7 hours ago
- 2 min read
'წმიდა ფრანცისკეს წელი' – მშვიდობისა და მადლის გზას, მისი გარდაცვალებიდან 800 წლისთავზე.

ასიზი, 2026 წლის იანვარი – ‘ფრანცისკანულმა ოჯახმა’ (ფრანცისკანელთა ორდენის ბერ–მონაზვნები) თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დაიწყო: წმიდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების მერვე ასწლეული. ამ მოვლენას, რომელიც „ღარიბი წმინდანის“ მიწიერი ცხოვრების დასრულებიდან 800 წელს ითვლის, პაპმა ლეონ XIV-მ პატივი მიაგო და სპეციალური ფრანცისკანული საიუბილეო წელი გამოაცხადა, რომელიც დატვირთულია სიმბოლიზმითა და სულიერი მადლით მორწმუნეთათვის მთელს მსოფლიოში.
სიმბოლური გახსნა პორციუნკულაში
2026 წლის 10 იანვარს, პორციუნკულაში (ასიზი), „ანგელოზთა დედოფლის ბაზილიკა“ ემოციური ცერემონიის ადგილი გახდა, რომელმაც წარსული და აწმყო გააერთიანა. გახსნის რიტუალი იქცა სულიერ ხიდად – „ქმნილებათა საგალობლის“ ასწლეულსა (რომელიც 2025 წელს აღინიშნა) და გარდაცვალების ასწლეულს (2026) შორის.
ღრმა შერიგების ნიშნად, ასიზის ეპისკოპოსი და ქალაქის მერი ბაზილიკაში ჩამქრალი სანთლით შევიდნენ, რაც კონფლიქტებით დაღდასმულ კაცობრიობას განასახიერებდა. ეს სანთელი მოგვიანებით აღდგომის სანთლიდან (პასქალი) აინთო გარდაცვალების კაპელაში — ზუსტად იმ ადგილას, სადაც წმიდა ფრანცისკე 1226 წელს გარდაიცვალა, რითაც სიმბოლურად გამოიხატა, რომ რწმენაში სიკვდილი მარადიულ სიცოცხლეში გადასვლაა.
ღონისძიებას ესწრებოდა ყველა ფრანცისკანული შტოს გენერალური მინისტრები (OFM, OFMConv, OFMCap, OFS, TOR და საერთაშორისო ფრანცისკანული კონფერენცია), რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმ ოჯახის ერთობა, რომელიც წმიდა ფრანცისკეს წესდებას მისდევს.
პაპი ლეონ XIV საიუბილეო წელს აცხადებს
ამ ასწლეულის დაწყებასთან დაკავშირებით, პაპმა ლეონ XIV-მ სამოციქულო პენიტენციარიის მეშვეობით გამოსცა დეკრეტი, რომელიც აწესებს „წმიდა ფრანცისკეს წელს“. იგი გაგრძელდება 2026 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 იანვრამდე.
ეს საიუბილეო წელი არის წმიდა მამის პირდაპირი მოწვევა, რომ დაქუცმაცებულ სამყაროში გავხდეთ „მშვიდობის მუდმივი მოწმენი“. ფრანცისკანელებისადმი მიმართულ სიტყვაში პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წმიდა ფრანცისკეს ცხოვრება დღესაც აქტუალურია „არა იმიტომ, რომ ის ტექნიკურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს, არამედ იმიტომ, რომ ის მშვიდობის ნამდვილ წყაროზე მიგვითითებს“.

სრული ინდულგენცია: მადლი მორწმუნეთათვის
ამ იუბილეს ფარგლებში, სრული ინდულგენცია (შენდობა) მიენიჭება ყველა მორწმუნეს, ვინც მოქცევის სულით მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში. მისი მიღების პირობებია:
• მომლოცველობა: მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფრანცისკანული მონასტრის ეკლესიის ან წმიდა ფრანცისკეს სახელობის სალოცავის მონახულება.
• რწმენის აქტები: რწმენის აღიარების (მრწამსის) განახლება და „მამაო ჩვენოს“ ლოცვა.
• ჩვეული პირობები: საკრამენტული აღსარება, ზიარება და ლოცვა პაპის განზრახვისთვის.
მათთვის, ვისაც ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, პაპმა განაწესა, რომ შეუძლიათ სულიერად შეუერთდნენ იუბილეს საკუთარი სახლებიდან ლოცვებისა და ტანჯვის შეწირვით.
ღონისძიებებით დატვირთული კალენდარი
გარდაცვალების ასწლეული არის იმ გზის კულმინაცია, რომელიც 2023 წელს დაიწყო (წესდებისა და გრეჩოს იუბილე). 2026 წლისთვის ფრანცისკანულმა ოჯახმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები დააანონსა, მათ შორის:
• წმიდა ფრანცისკეს ნეშტის გამოფენა: 22 თებერვლიდან 22 მარტამდე ასიზის ბაზილიკაში.
• ევროპელი ახალგაზრდების კრება: 2026 წლის აგვისტოში.
• ღარიბთა დღე: 2026 წლის ნოემბერში, დევიზით „ფრანცისკე და ღარიბები“.
ეს საიუბილეო წელი არ არის მხოლოდ წარსულის გახსენება, არამედ შესაძლებლობა ეკლესიისა და მსოფლიოსთვის, რომ ფრანცისკე ასიზელის სიმდაბლესა და ძმობაში თავიდან აღმოაჩინონ იმედის გზა XXI საუკუნისთვის.

პაპ ლეონ XIV-ის ლოცვა
გთავაზობთ ლოცვას, რომელიც პაპმა ლეონმა ფრანცისკანული ოჯახის კონფერენციის გენერალურ მინისტრებს, წმიდა ფრანცისკეს გარდაცვალების მერვე ასწლეულის გახსნასთან დაკავშირებით მიუძღვნა.
"წმიდაო ფრანცისკე, ძმაო ჩვენო, შენ, ვინც რვაასი წლის წინ შეეგებე სიკვდილს, როგორც შერიგებული ადამიანი, გვიმეოხე უფლის წინაშე.
შენ, ვინც წმიდა დამიანეს ჯვარცმაში შეიცანი ჭეშმარიტი მშვიდობა, გვასწავლე მასში ვეძიოთ ყოველი შერიგების წყარო,რომელიც ანგრევს ყველა კედელს.
შენ, ვინც უიარაღოდ გადაკვეთე ომისა და გაუგებრობის ხაზები, მოგვმადლე გამბედაობა, რომ ავაგოთ ხიდები იქ, სადაც სამყარო საზღვრებს აღმართავს.
ამ კონფლიქტებითა და დაყოფით გატანჯულ დროში, იქომაგე ჩვენთვის, რათა გავხდეთ მშვიდობის ქმნილნი: ქრისტესგან მომავალი მშვიდობის უიარაღო და განიარაღებული მოწმენი.
ამენ"მამა ნესტორ გონსალესი








Comments