ქართველები ეტალში – სიმონ აფრიამაშვილის ამბავი
- 1 hour ago
- 3 min read
არლელი მორწმუნე კათოლიკე იხსენებს წინაპარს, პაპის ძმას, სტამბოლის ქართული სავანის აღსაზრდელს, გერმანიაში ეტალის ბენედიქტელთა მონასტრის სემინარიის სტუდენტს სიმონ აფრიამაშვილს, რომლის მოსახელეც თავად არის.

პაპაჩემის ძმა, სიმონ აფრიამაშვილი დაიბადა 1900 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ არალში, სტეფანე აფრიამაშვილისა და სალომე თათეშვილის ოჯახში. იგი იყო უმცროსი, მეექვსე შვილი. ოჯახს სულ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. ვაჟები: სააკი, პავლე, სიმონი, ქალიშვილები: რისო (გათხოვილი იყო ჩილინგარაშვილებში), ნენე (გათხოვილი იყო კაჭკაჭაშვილებში (ლეკიანცა), ქრისტინე (გათხოვილი იყო ფეიქრიშვილებში).
1944 წელს, ახალციხეში, რკინიგზის მშენებლობის დროს პაპაჩემი დაიღუპა. მეორე ძმა პავლე მღვდელ ალიოზ ვარდიძის სიძე იყო.
სიმონ აფრიამაშვილს იხსენებდა ხოლმე ბაბოჩემიც, რომელიც ვალელი, ჩიტაშვილების ქალი იყო. ასე ამბობდა: „მე რომ მომიყვანეს, ჩემი მაზლი (სიმონი) 15 წლის იყო, ჩემს მამამთილს უნდოდა ჩემს მაზლს ესწავლა და ამის შესაძლებლობას მხოლოდ სამღვდელოებაში ხედავდაო“.
იმ პერიოდში, სტამბოლიდან საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირები და პედაგოგები ჩამოდიოდნენ, რომლებიც ქართული კათოლიკური სავანისთვის ჭაბუკებს არჩევდნენ.
სტამბოლში ეს ქართული კათოლიკური სემინარია, 1859–1861 წლებში, ახალციხელმა სწავლულმა მღვდელმა პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა. ამ სემინარიაში არსებობდა სასულიერო სასწავლებელი, სტამბა, ბიბლიოთეკა, სასტუმრო ოთახები.
სწროდ ამ სემინარიისთვის, 1912–1913 წლებში, სტამბოლში წასაყვანად საქართველოში 16 ახალგაზრდა შეირჩა. ამ სიაში მოხვდნენ: მიხეილ თარხნიშვილი, კლიმენტი ფალიაშვილი, სიმონ აფრიამაშვილი, პეტრე გიქოშვი (კიკნაძე), ბაგრატ ჭონიშვილი, სიმონ ხოჯევანიშვილი და სხვები.
სტამბოლის ქართულ სასულიერო გიმნაზიაში სიმონ აფრიამაშვილმა ოთხი წელი დაჰყო. აქ იგი დაეუფლა მშობლიურ ლიტერატურას, ისტორიას, ღვთისმეტყველების საფუძვლებს, აგრეთვე: ლათინურ, ბერძნულ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.
1917 წლის 12 თებერვალს, ქართველთა ჯგუფი, ზემო ბავარიაში ბენედიქტელთა სააბატოში მიავლინეს. სტამბოლიდან გასულმა ჯგუფმა, დანიშნულების ადგილზე, ეტალში ექვსი დღის შემდეგ მიაღწია.
ეტალი არის მაღალმთიანი სოფელი, რომლის მშვენებასაც შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.

სოფელი ულამაზესია თავისი ბუნებით, სუფთა ჰაერით, კარგი წყლით, საამო თაფლითა და მშვენიერი გარემოთი, იგი ჩვენს ყინწვისს, საფარასა და შუამთას წააგავს.
1917 წლის 18 თებერვალს ქართველმა ახალგაზრდებმა პირველად შეაღეს ამ სასწავლებლის კარი. მათი ვინაობა კარგად ჩანს ფოტოსურათზე, რომელიც ინახებოდა ბაგრატ ჭონიშვილის მემკვიდრეთა ოჯახში (სოფელი ახალხიზა, ბეთლემი). სურათის უკანა მხარეს მოცემულია ფოტოზე აღბეწდილი ადამიანების ვინაობა – ეტალში მყოფი ქართველები. სურათი გადაღებულია 1919 წლის 19 ივლისს.
სხედან: ვასილ სადათიერაშვილი (ქუთაისი), პატრი ბონიფაციუსი, ბაგრატ ჭონიშვილი (ახალხიზა, ბეთლემი), კლიმენტი ფალიაშვილი (ქუთაისიდან).
დგანან: მიხეილ თარხნიშვილი (ახალხიზა, ბეთლემი), სიმონ აფრიამაშვილი (არალი, ადიგენი) პეტრე მაი (თბილისიდან, წარმოშობით პოლონელი), სიკო ხოჯევანიშვილი (ახალციხიდან).
სწორედ ამ ჯგუფმა მოიპოვა გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის საშუალება.
იმხანად, კავკასიაში მივლინებული იყო ბენედიქტელთა მისიონერული კონგრეგაციის წევრი, მღვდელი ბერნარდ გასი. იგი იმავე წლის 1919 წლის 22 ივლისს ეწვია ეტალს, რათა ქართველი სტუდენტების ცხოვრებისა და სწავლის პირობები შეემოწმებინა. თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ვითარებას, მოძღვარი მთლად კმაყოფილი არ დარჩენილა. მაშინ გერმანიაში ომი და რევოლუცია მძვინვარებდა, ხელისუფლება სარწმუნოებასა და ეკლესიას ავიწროვებდა, პოლიცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებდა. გაუარესდა საყოფაცხოვრებო პირობები და მოსალოდნელმა შედეგმაც არ დააყოვნა. 1918 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ეტალის სასულიერო სემინარიაში გრიპის ეპიდემიამ იფეთქა. ამ ეპიდემიას შეეწირა სამი ახალგაზრდა, მათ შორის აღმოჩნდა 18 წლის უდელი ბიჭი, პეტრე გიქოშვილი (კიკნაძე). მიუხედავად აღნიშნულისა, სწავლის პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობდა. ქართველმა სტუდენტებმა ეტალში სამი წელი ისწავლეს, სემინარიის ოთხი კურსის გავლა მოასწრეს და „ძალიან კარგი“ შეფასება დაიმსახურეს.
1919 წელს გერმანიასა და საქართველოს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, გერმანიაში მყოფი ქართველები სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ეტალის ქართველი სტუდენტები ჩავიდნენ ბერლინში, აიღეს ქართული პასპორტები და 3 სექტემბერს ჰამბურგიდან შვედური გემით გამოემგზავრნენ საქართველოში, ერთი თვის შემდეგ კი, ფოთის ნავსადგურში შემოვიდნენ.
მგზავრობამ უარყოფითი გავლენა იქონია სიმონის მდგომარეობაზე, არასახარბიელო პირობების გამო, ჯანმრთელობა შეერყა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ წავიდა სტამბოლის სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა 1920 წელს, იძულებული გახდა დაეტოვებინა სემინარია და მკურნალობისთვის სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1920 წლის აპრილის ბოლოს, სიმონი ახალციხეში ჩამოვიდა, იქირავა ფაეტონი და სოფელში გამოემგზავრა. როგორც აღმოჩნდა, გზაში ფაეტონი გაფუჭდა და გზა ვეღარ გააგრძელა. იგი ახლოს იყო ე.წ. „პოლფოსტასთან“, რომელიც მდინარე ფოცხოვისა და ქვაბლიანის შესართავთან, ზემოთ, მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა.
სწორედ აქ, „პოლფოსტაში“, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს სიმონ აფრიამაშვილი და საცვლების ამარად ადიდებულ მდინარეში გადააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ცხედარი მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან იპოვნეს. ამოსაცნობად, ახალციხეში პაპაჩემის ძმა, პავლე აფრიამაშვილი დაიბარეს, რომელმაც ამოიცნო ძმა, არალში გადმოასვენა და დაკრძალეს.
როგორც შემდეგ, მეფაიტონესგან გაირკვა, სიმონს თან ორი ჩემოდანი ჰქონია.
იგი 1917 წლამდეც ყოფილა ჩამოსული მშობლიურ სოფელ არალში და თავისი დედმამიშვილებისთვის საჩუქრად ჯვარცმები, ხატები, ლოცვის წიგნები (პარტეზი) და სხვა რელიგიური ნივთები ჩამოუტანია. ჩემს ოჯახში დღესაც ინახება მისგან ნაჩუქარი ჯვარცმა, ჩემს პატარა ძმასთან კი – პარტეზი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ ნუგზარ პაპუაშვილსა და ქალბატონ ნატო ყრუაშვილს, მასალების მოძიებაში დახმარებისთვის.
სიმონ აფრიამაშვილი, 78 წლისსოფელი არალი
მსგავს თემაზე გირჩევთ: 'მე არ დამიკარგავს სამშობლო' – უდელი კათოლიკე პეტრე კიკნაძე









Comments