top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"ქართველებს ორი ტიპიკონი ექნებათ: ლათინური და ქართული" - ინტერვიუ პაპის ლეგატთან


ქართველ ებრაელთა ისტორიის მკვლევარი მამუკა აშვეთია, რომელიც საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ, სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს საარქივო მასალებს, ამჯერად 101 წლის წინ, პაპის ლეგათთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.


ინტერვიუ გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ 220-ე ნომერშია გამოქვეყნებული და 1919 წლის 8 დეკემბრით თარიღდება .


ინტერვიუში პაპის ლეგატი საქართველოს დამოუკიდებლობის ევროპაში აღიარების შესახებ და კათოლიკე მორწმუნეებისათვის დღემდე საყურადღებო საკითხზე, ქართულ ტიპიკონზე საუბრობს. გთავაზობთ მამუკა აშვეთიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს:


ინტერვიუ პაპის ლეგატთან:


კითხვა: შეგიძლიათ, თქვენო უმღვდელოესობავ გვითხრათ, რა შეხედულობის არის ევროპა საქართველოზე?


პასუხი: ევროპა დიდის სიმპატიით უცქერის ახალ რესპუბლიკებს ამიერ კავკასიაში დაარსებულებს. განსაკუთრებით საქართველოს; საფრანგეთი გაკვირვებაშია რომ ამ მოკლე ხნის განმავლობაში, საქართველომ ყველა დარგში მოაგვარა დემოკრატიული რესპუბლიკა, თვით იტალიელები ამავე აზრის არიან, იგი მომხრეა აღიაროს დამოუკიდებლობა და დაადასტუროს დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა უძნელდება და ვერ გაუბედია, ვინაიდგან მოკავშირეებთან ერთგვარი დამოკიდებულება აქვს. საფრანგეთის გაზეთები უფრო გულით გამოთქვამენ საქართველოსადმი სიმპატიას ჩემის აზრით, პირველი დამადასტურებელი საქართველოს დამოუკიდებლობის იქნება საფრანგეთი.


კითხვა: როგორ გგონიათ დამოუკიდებლობის ცნობა ევროპის მიერ როდის მოხდება?


პასუხი: თუ კავკასიის რესპუბლიკებმა არ შეჰქმნეს მტკიცე კავშირი, ამ რესპუბლიკების ცნობა ძნელია. ვინაიდგან, ევროპას არ უნდა კავკასიაში მეორე ბალკანეთი აღმოაჩინოს. ევროპა არ ისურვებს, რომ კავკასიის ერები მუდამ ბრძოლაში იყვნენ.


კითხვა: ნუთუ რომის პაპი სიმპატიით უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას?


პასუხი: დიახ, პაპი ყურადღებით ეპყრობა საქართველოს და მე გამომგზავნა რათა დაახლოებით გამეცნო საქართველო, მისი მთავრობა. იმედი მაქვს რომ პაპი დიდ გავლენას იქონიებს ევროპის სახელმწიფოებთან.


კითხვა: როგორი შთაბეჭდილება გაქვთ საქართველოზე და ქართველებზე?


პასუხი: საქართველოს მშვენიერობაზე და მის ბუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხოლო ქართველები ჩემის აზრით ემსგავსებიან ფრანგებს, ამ ორ ერს ერთნაირი სტუმართ მოყვარეობა აქვსთ, თვით ლაპარაკშიც ქართველებს პირდაპირი თქმა აქვსთ, როგორც ფრანგებს. ამით ქართველები მოსაწონი ერია. ჩემის აზრით, ქართველი ინტელიგენცია არ ჩამოუვარდება ევროპიელებს.


კითხვა: რას ფიქრობთ ეკლესიის შესახებ?


პასუხი: მართლ მადიდებლებში შევნიშნე, რომ ისინი ფანატიკოსები არ არიან ისე როგორც ბერძნები და ბულგარელები. და ქართველობა უფრო უახლოვდება ევროპის განვითარებას, და წინ სვლას ვიდრე სხვა ერები.


დიდის სიხარულით აღვნიშნე რომ ქართველი კათოლიკენი ლათინურ ტიპიკონის მოყვარულნი არიან, და მას პატივის ცემით იხსენიებენ. ქართველი კათოლიკების საკითხი, მალე გადაწყდება, ჩემის აზრით ქართველებს ორი ტიპიკონი ექნებათ! ლათინური და ქართული, ეყოლებათ ორი მღვდელმთავარი. დიდ ქალაქებში დარჩება ლათინური ტიპიკონი, როგორც დღემდე, ხოლო მესხეთ-ჯავახეთის ქართველი კათოლიკები სომხურიდან ქართულ ტიპიკონზედ გადმოვლიან, როგორც სურვილი გამოაცხადეს.


ს. გოზალიშვილი.


„ჩვენი ქვეყანა“. №220. 08. 12. 1919.

bottom of page