top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი კათოლიკე პატრი რაფიელ ნებიერიძე - 'წერილები სპარსეთიდგან'



მასალა მოამზადა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა

ქართველი კათოლიკე მოძღვარი (პატრი) რაფიელ (ბართლომე) ივანეს ძე ნებიერიძე დაიბადა 1868 წელს ახალციხეში. სასულიერო განათლება მიიღო რომში. აქვე ეკურთხა მღვდლად. შემდეგ გახდა ,,ლაზარისტების ძმობის“ წევრი.


კონგრეგაციის დავალებით, პატრი რაფიელი 1900-იანი წლების მიჯნაზე მქადაგებლად მოღვაწეობდა სპარსეთში; დადიოდა ქვეყნის შორეულ კუთხეებშიც, ხვდებოდა ქრისტიან ქალდეველებსა და სხვა ტომის ხალხს, აგრეთვე, სპარსეთში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს, მათ შორის, ფერეიდნელებსაც. პატრი ეცნობოდა აქაურ თანამემამულეთა ყოფა-ცხოვრებას; ზეპირი გადმოცემებისა თუ ნივთიერი დოკუმენტების სახით აგროვებდა მათთან დაკავშირებულ საინტერესო მასალებს და ქართველ ინტელიგენციას, ფართო საზოგადოებას აცნობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის ფასეულ ინფორმაციებს.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, პატრი რაფიელი საქართველოშიც მოღვაწეობდა. მის საცხოვრებელ ადგილად ერთგან მითითებულია აჭარა, ბათუმი. სამწუხაროდ, იგიც ვერ ასცდა საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს და ბოლოს, ,,საქართველოდან სტალინური სიების“ შესაბამისად, რამდენიმე პოლიტიკური მუხლით დააპატიმრეს... დაიღუპა 1937 წლის 20 მარტს.


... 1900 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე კათოლიკე მღვდლის გაბრიელ ასლანიშვილის მეშვეობით თბილისში პირადად შეხვდა პატრ რაფიელ ნებიერიძეს. ისაუბრეს სპარსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. პატრმა საინტერესო ამბები მოუთხრო ბ-ნ ზაქარიას, თან დაჰპირდა, რომ მიაწვდიდა სხვა ახალ ცნობებსაც (იხ. ზ. ჭიჭინაძე, ძვირფასი ცნობები სპარსელ ქართველების შესახებ. ნაამბობი... კათოლიკე პატრის ბართლომე ნებიერიძის მიერ: ,,ივერია“, 1901, #239).

მომდევნო წელს გაზეთ ,,ივერიაში“ (1901,#279) დაიბეჭდა რ. ნებიერიძის სტატია ,,წერილი სპარსეთიდგან“ (გთავაზობთ მცირე შემოკლებით. დაცულია ორივე წერილის ორთოგრაფიული ფორმა).


,,ამ მოკლე ხანში ქ. ისპაჰანს გახლდით. გავიცანი იქ მცხოვრები მაჰმადიანები. [ისინი] XVII საუკუნეში გადმოუსახლებია შაჰ-აბაზს საქართველოდან... როგორც სჩანს, ისპაჰანის ქართველებს ქართული ენა კარგა ხანს შეუნახავთ სუფთად, შემდეგ კი საგრძნობლად შეზღუდულა... სალაპარაკო ენად ქართულის მაგიერ ამ ჟამად სპარსული გაჰხდომიათ, ასე რომ, დღეს ისპაჰანის ქართველნი მცირედ-ღა ლაპარაკობენ ქართულს ენაზედ...

ამავე ისპაჰანის ქართველებში ვნახე ქართულად დაწერილი თამასუქის წერილები... ამ თამასუქის წერილებს მე უსათუოდ მოვიძევ და გაახლებთ. მასთან სხვა ცნობებსაც შევკრებ.


ისპაჰანის ქართველნი ნამდვილ სპარსთაგან დიდად განირჩევიან; ქართველთ თავიანთი შთამომავლობის სახე აქამდე კარგად შერჩენიათ. სპარსნი უფრო მოშავო კანის არიან, მასთან დაბალი ტანისანი, ქართველნი კი - უფრო მოთეთრო და მაღალის ტანისანი.

აქაურ ქართველთა სიტყვით, საქართველოდან შაჰ-აბაზს ჩვენი ძველები იმიტომ გადაუსახლებია სპარსეთში, რომ სპარსთა ტომის გამშვენება სდომნიათ. სწორედ ესრევე ამბავი აღწერილია ერთს სპარსულ წიგნში. ესეთი ამბები სპარსელ ქართველთ გარდმოცემით იციან.


ქ. ხოსროვში, ერთს სასაფლაოზედ, დიდი ხნიდგან დარჩენილია ერთი ქართველი თავადის საფლავი, რომელსაც გათლილი ქვა აძევს და ზედ გამოხატული აქვს ლეკური (ხმალი). ამ თავადის შესახებ... მიამბეს: ეს თავადი სპარსეთში საქართველოდგან იყო მოსული და აქ, ხოსროვს, ჩვენ ფაშად იმყოფებოდაო. ამის სიცოცხლის დროს და შემდეგაც აქ მოდიოდნენ სხვადასხვა ქართველი დიდი კაცები, მაგრამ დროებითა რჩებოდნენ და მერე ისევ უკან ბრუნდებოდნენო. უმეტესად ეს ქართველები თეირანიდგან მოდიოდნენო.


დანარჩენს ცნობებს მერმე გაუწყებთ. მე აქეთ მქადაგებლად გახლავართ გამოგზავნილი ,,ლაზარისტების ძმობისაგან“.

ქართველი კათოლიკე პატრი რაფიელ ნებიერიძე




რ. ნებიერიძის მეორე წერილი ,,ქართველები სპარსეთში, საკუთრად სოფელს ხოსროვაში“ (იხ. ,,ივერია“,1904, #71) ეხება მეფე ერეკლეს ვაჟის - ალექსანდრე ბატონიშვილისა და მისი მხლებელი ქართველი დიდებულების სპარსეთში დასახლების ამბავს (გთავაზობთ შემოკლებით).


,,ამ ბოლო ხანებში... სოფელ ხოსროვაში ვნახე ერთი მოხუცი დედაკაცი ას-ათის წლისა, სახელად მარიამ ხანუმი. ამ მოხუცმა რა დამინახა, თვალები ცრემლებით აევსო და ტირილით მითხრა: ,,მადლობა უფალსა, რომ კვალად ჩემმა თვალებმა ნახეს ქართვლის შვილი ამ უცხო ქვეყანაში“. ამ სიტყვებით გაკვირვებულმა დავუწყე მას ლაპარაკი ხალდეულის ენითა... დიდხანს ვესაუბრე, მითხრა: ვალიხანი (იგულისხმება ალექსანდრე ბატონიშვილი - ჟ. ფ.) და გარსევან ბეგი ქართველები იყვნენ... ვალიხანი, უკანასკნელი ქართვლის მეფის ერეკლეს შვილი, გარდმოსახლდა საქართველოთგან ერთი პატარა ჯგუფითა. სპარსეთის მეფემ, რა შეიტყო ერეკლე მეფის შვილის მოსვლა სპარსეთში, მაშინათვე დაადგინა იგი ვეზირად ოთხ სოფელზედა... ვალიხანის ცოლი ერევნიდგან იყო მოყვანილი... მისგან ეყოლა ერთი შვილი, სახელად არაქელ-ხანი. ვალი-ხანთან იყვნენ ორმოცდაათი წარჩინებული ქართველები, თავადთაგანნი. ბოლოს ვალი-ხანი რომ თეირანში გამგზავრდა, თავის მომაგიერედ ამ ოთხ სოფელზედ დანიშნა გარსევან ბეგი. ვალი-ხანი თეირანში გარდაცვლილა, გარსევან ბეგი ხოსროვაში. ამ გარსევანის საფლავი ვნახე, ერთი დიდი ლოდი ადევს, მაგრამ... არავითარი ნაწერი არა აქვს ამ ქვასა. გარდა გარსევანისა... ხოსროვაში გარდაცვლილან ქართველები: რაფაელ-ხანი, ფარმან-ბეგი, ჟილო-ხანი, შაქარ-ბეგი და ნინო.


ამ ცნობების გამო... შევუდექი დოკუმენტების ძებნასა. ორი სამი თვე დავდიოდი აქეთ იქით, ვათვალიერებდი და ვეძებდი დაკარგულ რამესა... შევუდექი ხალდეული წიგნების ჩხრეკასა. ერთ დღეს ღმერთი ისე შემეწია, რომ შევხვდი ერთ წიგნსა... ხალდეულის ენაზედ. ვალი-ხანზედ ესრედ სწერია: სოფელი ხოსროვა ებარა ვალი-ხანსა, ერეკლე მეფის შვილსა. ვალი-ხანი იყო კაცი ბრძენი, მშვიდი და კეთილი ქრისტიანი. ხოსროვის მცხოვრებნი ძალიან მადრიელნი ყოფილან მისგან და ამჟამადაც ხოსროვის მოხუცებს ახსოვთ ვალი-ხანის სიკეთე. მრავალს მეჯლიშებში ლაპარაკობენ იმაზე და ამბობენ: ვალი-ხანი დაუძახებდა მრავალ პაწაწინა ყმაწვილებსა და ურიგებდა ფულებსა ხილის სასყიდლად... ვალი-ხანი მრავალგზის აპატივებდა ხოლმე [გადასახადებს] გლახაკებსა და ქვრივებსა, არამც თუ აპატივებდა, არამედ შეწევნასაც აძლევდა...

ვალი-ხანს დიდი გავლენა ჰქონდა შაჰთან, იცავდა ყველა ქრისტიანებსა დევნულობისაგან“...


პატრი რაფიელ ნებიერიძე


ჟუჟუნა ფეიქრიშვილი

ჟურნალი "საბა" / 2021 წლის ივლისი


bottom of page