top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი კათოლიკეები რომის პაპს დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვას სთხოვენ


2021 წლის 9 აპრილს, მაშინ რომცა ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკანელი ბერის, ძმა დემეტრე თბილელის წამებიდან 700 წლისთავი აღინიშნა, მრევლმა რომის პაპს თხოვნა გაუგზავნა.


სპეციალურად მომზადებულ წერილში საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები პაპს სთხოვენ დაიძრას საკითხი ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით.


“ჩვენი აზრით, 700-ე წლისთავი კარგი და ხელსაყრელი შემთხვევაა რათა გავაცოცხლოთ მისი ხსოვნა ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში და ამავდროულად შევამოწმოთ, თუ არსებობს დოკუმენტები ან საკმარისი მოტივაციები, რომლებიც ადასტურებდეს, რომ ჩვენი ძმა დემეტრე უკვე იყო ‘ნეტარად’ მოხსენიებული, როგორც მისი მეგობარი სხვა ფრანცისკელები, და იმ შემთხვევაში, თუ ამის დოკუმენტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიკითხოთ, რისი გაკეთებაა უკეთესი იმისათვის, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ვიხილოთ ‘ნეტარად’ შერაცხული”, - წერია წერილში.


გთავაზობთ თხოვნის ტექსტს, რომლის შინაასსაც 2021 წლის 9 აპრილს, თბილისში მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ტაშით დაეთანხმა. წერილს ხელს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო აწერს.

წერილი წმიდა მამას / ან, წმიდანთა საქმეთა კონგრეგაციის პრეფექტს


თბილისი, 2021 წლის 9 აპრილი


წმიდა მამაო,


კათოლიკე საკრებულოთა სახელით, რომლებმაც დღეს თავი მოიყარეს თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების ჩვენს საკათედრო ტაძარში, რომელიც თქვენ მოინახულეთ 2016 წლის პირველ ოქტომბერს, მაქვს პატივი, გადმოგცეთ შვილობრივი სალამი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ყველა წევრის სახელით.


შევკრებილვართ ამ ადგილას ძმა დემეტრე თბილელისა და მეგობართა მოწამეობის 700 წლისთავის აღსანიშნავად, რაც ზუსტად 9 აპრილს მოხდა; ჩვენთვის ეს იყო ჩვენი ეკლესიის ისტორიის ერთი ფურცლის აღმოჩენა, რომელიც, სამწუხაროდ სხვა და სხვა მიზეზთა გამო დავიწყებისათვის გვქონდა მიცემული. გვესმის, რომ გვმართებს გაცილებით მეტის კეთება, რათა მზის შუქზე გამოვიტანოთ წარსულის მოვლენები და პიროვნებანი, პირველ რიგში იმის გამო, რომ ვგრძნობთ ამის საჭიროებას.


ყველანი გაგვაკვირვა იმ ფაქტმა, რომ თჰანეში წამებული სხვა ფრანცისკელები პატივში არიან მათი წარმომავლობის ეკლესიებში, არამხოლოდ როგორც მოწამეები, არამედ აგრეთვე, როგორც ნეტარნი; ყოველივე დასტურდება სხვადასხვა გზით: ფრესკებით დაწყებული, ლიტურგიული მოხსენიებით დამთავრებული; ჩვენი ძმა დემეტრეს შემთხვევაში, სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა მისი ლიტურგიული მოხსენიება ჩვენს, საქართველოს ტრადიციაში; მისი ხსოვნა და მისდამი მოწიწება უკვე XV საუკუნიდან ქრება ისტორიიდან, კათოლიკე ეკლესიის ამ მხარეში გაქრობასთან ეთად, და მაშინაც, როცა ეკლესია ბრუნდება აქ სხვა და სხვა მისიონერთა დაბრუნებით, წმიდა საყდრის მზრუნველობის წყალობით, მისი ფიგურა, როგორც ჩანს, ჩრდილში რჩება.


ჩვენი აზრით, 700-ე წლისთავი კარგი და ხელსაყრელი შემთხვევაა რათა გავაცოცხლოთ მისი ხსოვნა ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში და ამავდროულად შევამოწმოთ, თუ არსებობს დოკუმენტები ან საკმარისი მოტივაციები, რომლებიც ადასტურებდეს, რომ ჩვენი ძმა დემეტრე უკვე იყო ‘ნეტარად’ მოხსენიებული, როგორც მისი მეგობარი სხვა ფრანცისკელები, და იმ შემთხვევაში, თუ ამის დოკუმენტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიკითხოთ, რისი გაკეთებაა უკეთესი იმისათვის, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ვიხილოთ ‘ნეტარად’ შერაცხილი: საყურადღებო ნიშანია ის ფაქტი, რომ ყველა ფრესკაზე, რომელზეც გამოსახულია ოთხი ფრანცისკელის მოწამეობა, ისინი წარმოდგენილნი არიან შარავანდედით და არც თუ იშვიათად მას მოიხსენიებენ, როგორც პირველ ადგილობრივ მოწამეს ახლო და შორეული აღმოსავლეთის XIV საუკუნის ევანგელიზაციის ისტორიაში. ისტორია მოგვითხრობს, როგორ იტირა იოანე XXII-მ, როდესაც მოისმინა მათი მოწამეობის ამბავი და იმისათვის, რომ პატივი მიეგო ძმა დემეტრე თბილელის მოწამეობისათვის, გადაწყვიტა სმირნეს საპატიო საარქიეპისკოპოსო ტახტი გადმოეტანა თბილისში.


რაღა თქმა უნდა, ამ წერილის მიზანი არაა ყველა საბუთისა და მოწმობის ჩამოთვლა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ძმა დემეტრეს უკვე ნეტარად შერაცხვა, არამედ ოდენ საკითხს წარმოგიდგენთ და ვკითხულობთ, რა გზას დავადგეთ.


ჩვენი მხრივ, კათოლიკენი საქართველოში, ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა ქრისტიანულად ვიცხოვროთ რომის საყდართან ერთობაში, არ დავივიწყოთ, არამედ კიდევ უფრო გავაცოცხლოთ იმათი ხსოვნა, ვინც შეგვეწევა თავისი მაგალითითა და შუამდგომლობით სახარებისადმი ერთგულებაში, ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობაში და ქმედითი სიყვარულის მსახურებაში, იმის მოლოდინში, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ‘კვლავ’, ან ‘პირველად’ იქნას მოხსენიებული ‘ნეტარად’, ღვთის სადიდებლად.

ამ წერილით ჩვენი გულები გადაგიშალეთ, დარწმუნებულებმა იმაში, რომ თქვენ შეძლებთ, დაგვიგდოთ ყური და მიგვითითოთ შესაძლო სავალი გზები.

ვითხოვთ თქვენი ხელით დალოცვას.


+ ჯუზეპე პაზოტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი


Catholic.ge

bottom of page