ქართული დელეგაცია პაპს შეხვდა
- catholic.ge

- 31 minutes ago
- 2 min read
2025 წლის 23-24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ვატიკანში იმყოფებოდა. იგი პაპ ლეონ XIV-ს, ასევე სახელმწიფო მდივარნს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.

24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვატიკანში კარდინალებს შეხვდა და სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო.
კონცერტი საიუბილეო წელს მიეძღვნა, რომელსაც კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს.
შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, ასევე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები.
ქართველ სტუმრებს ვატიკანში მასპინძლობდა კარდინალი როლანდას მაკრიცკასი, რომელიც 2006 წლიდან საქართველოში მსახურობდა ყოფილი ნუნციუსის, კლაუდიო გუჯეროტის მრჩევლად.
ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა და მიესალმა წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, პიეტრო პაროლინის.

სწორედ კარდინალი პიეტრო პაროლი იყო, რომელმაც ორი წლის წინ, 2023 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობას წერილი გამოუგზავნა და ის ექვსი კათოლიკური ტაძარი გაახსენა, რომლებიც კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს.
პირველი ეტაპისთვის, კარდინალი საქართველოს მთავრობას ქუთაისის კათოლიკური ტაძრის დაბრუნებას სთხოვდა.
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოს მთავრობას ვატიკანის სახელმწიფო მდივნისთვის წერილზე პასუხი არ დაუბრუნებია. ქუთაისის კათოლიკურ ტაძარში კი კათოლიკე მორწმუნეებს ლოცვა ისევ ეკრძალებათ. ეს უფრო მეტად შესამჩნევია ყოველი წლის 8 დეკემბერს, როცა ამ ტაძრის დღეობას აღნიშნავენ ქართველი კათოლიკეები – ეს დღეობა კი სულ რამდენიმე დღეში იქნება.
ვატიკანის პრეს–ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე მის უმაღლესობა, სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და მის აღმატებულება, საგარეო საქმეთა ურთიერთობების მდივანს, არქიეპოსკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
"სახელმწიფო სამდივნოში გამართული საუბრისას, კმაყოფილება გამოითქვა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების გამო. ასევე ყურადღება გამახვილდა კათოლიკური ეკლესიის ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე საქართველოში. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხებიც. განსაკუთრებით ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული მდგომარეობა და ასევე გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას", – წერია პრეს–ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე კი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ამბობს, რომ პაპი ლეონი საქართველოში მოიწვია.
„მეც მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებთ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, – ირაკლი კობახიძე.
თაკო ფეიქრიშვილი























![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)
Comments